ზუსტად ღამის 20 საათზე, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ეგზიტპოლებით ერთგვარი ბრძოლა გახსნილად გამოცხადდა და "ოცნებამაც" და "ნაცმოძრაობამაც" საკუთარი ეგზიტპოლების მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვებაც გამოაცხადეს, თუმცა, "ნაციონალებისაგან" განსხვავებით, "ოცნებამ" ცოტა უფრო თავშეკავებული განცხადებებით, შამპანურების გახსნის გარეშე და არც მეორე ტურის ალბათობა გამორიცხეს დიდად. უკვე შუაღამისთვის კი ირაკლი კობახიძემ უღიმღამოდ აღიარა, რომ მეორე ტური გარდაუვალია.
მანამდე კი ზუსტად 20 საათზე, როგორც მოსალოდნელი იყო, "ოცნებამ" განაცხადა, რომ მათი ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს - 52.3%-ით. რადიკალურად განსხვავებულია "რუსთავი 2"-ისა და "ევროპული საქართველოს" ეგზიტპოლები. "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს თანაბარი - 40-40% აქვთ. "ევროპული საქართველოს" ეგზიტპოლით, გრიგოლ ვაშაძე 37%-ით ლიდერობს და ორივე ეგზიტპოლით მეორე ტური გარდაუვალია.
სწორედ მეორე ტურის ჩატარების მოლოდინით გამარჯვებას ზეიმობს ოპოზიცია და აცხადებს, რომ ახლა მთავარია, დაიცვან ყველა ხმა, რომ ეგზიტპოლის შედეგები დაემთხვეს საბოლოო შედეგს. გარდა ამისა, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აცხადებენ, რომ "ოცნების" ეგზიტპოლი სანდო არ არის, რადგანაც იგი ჩაატარა "ფსიქოპროექტმა", რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს და კვლევების გამოქვეყნებისას საერთაშორისო სტანდარტებსაც არ იცავდა, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
ოპოზიციისგან განსხვავებით, "ოცნება" აცხადებს, რომ ენდობიან საკუთარ ეგზიტპოლს და დაელოდებიან ცესკო-ს.
ცნობისათვის, მთელი დღის განმავლობაში "ოცნებაც" და "ნაცმოძრაობაც" აცხადებდნენ, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათი კანდიდატი იმარჯვებდა. მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით 18 საათის შემდეგ გახშირდა, ზუსტად 20 საათზე კი პირველი მონაცემებიც - სამი სხვადასხვა ეგზიტპოლი გასაჯაროვდა.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით: სალომე ზურაბიშვილი - 40%; გრიგოლ ვაშაძე - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; ზურაბ ჯაფარიძე - 3%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ მეორე ტური გარდაუვალია. როგორც "ედისონ რისერჩი" აცხადებს, ცდომილების ზღვარი 3%-ს არ აღემატება.
საგულისხმოა, რომ სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა ეგზიტპოლები 2012 და 2017 წლების არჩევნებზე "რუსთავი 2"-ის დაკვეთით და, სხვა ეგზიტპოლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ის დაემთხვა ცესკო-ს საბოლოო შედეგს.
ასევე, ზუსტად 20 საათზე "იმედმა" პირდაპირ ეთერში ჩართო "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის დაკვეთით "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%; გრიგოლ ვაშაძე - 28.1%; დავით ბაქრაძე - 9.2%; ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%; შალვა ნათელაშვილი - 3.1%. ცდომილების ფარგლები 2,6%-ია.
პარალელურად გავრცელდა, "ევროპული საქართველოს" დაკვეთით, კომპანია ბი-სი-ჯის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლიც, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი გადიან, ამ პარტიის კანდიდატი კი მესამე ადგილზეა. გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 37%, სალომე ზურაბიშვილმა - 34%, დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.
როგორც კი "ქართული ოცნების" ოფისიდან ირაკლი კობახიძემ პარტიის ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გამოაცხადა, ოფისში მილოცვები დაიწყო. ოფისში მალევე მივიდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
"ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან, "ოცნების" ეგზიტპოლის შედეგებით, ის არჩევენებს პირველ ტურში იგებს, თუმცა ცესკო-ს შედეგებს დაელოდება.
"ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს... მე მიყვარს სიფრთხილე, ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი," - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
თუმცა უკვე შუაღამოსთვის კობახიძემ აღიარა, რომ მეორე ტური გარდაუვალია, მაგრამ კვლავ გაიმეორა, რომ ზურაბიშვილი ლიდერობს.
საგულისხმოა, რომ "ოცნებას" ეგზიტპოლეთ გამარჯვება შამპანურითა და ფეიერვერკით არ აღუნიშნავს, როგორც, მაგალითად, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც პროსახელისუფლებო ტელეკომანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, დავით ნარმანია 51%-ით იგებდა და "ოცნებამ" გამარჯვება ცესკო-ს მონაცემების გასაჯაროვებამდე "იმედზე" დაყრდნობით იზეიმა დიდი ხმაურით. საბოლოოდ კი ნარმანიამ მხოლოდ 46% მოაგროვა და მეორე ტურში მოუწია ბრძოლა. მაშინ ცესკო-ს მონაცემებს "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჯი-ეფ-კას ეგზიტპოლი დაემთხვა.
განცხადებებით გამოვიდნენ "ოცნების" სხვა ლიდერებიც და, კობახიძისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის პირველ ტურში უპირობო გამარჯვებაზე არ უსაუბრიათ და თქვეს, რომ ცესკო-ს შედეგებს დაელოდებიან. მათ შორის, მეორე ტურის შესაძლებლობა არ გამორიცხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც.
"მაინც მგონია, რომ ეს 52% კიდევ უფრო გაიზრდება. მე პირადად მგონია, რომ მოიმატებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს," - თქვა ვოლსკიმ.
მეორე ტურის ალბათობაზე ისაუბრა ზვიად ძიძიგურმაც, რომლის თქმითაც, "მეორე ტურის შემთხვევაში გამარჯვების პრობლემა არ აქვთ".
"ოცნების" ოფისის გარდა, დიდი ოვაციები და მილოცვები მოჰყვა ეგზიტპოლების შედეგის გამოცხადებას "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო ოფისშიც, თუმცა არა "ოცნების" მიერ ჩატარებულს, არამედ "რუსთავი 2"-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლს.
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მეორე ტური გარდაუვალია და ის მეორე ტურშიც მოიგებს.
"სამი თვე გარწმუნებდით, მას შემდეგ, რაც მოვუსმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით, მაგრამ არ არსებობდა გზა, რომლითაც ისინი ისე შეძლებდნენ გაყალბებას, რომ მათ მოეგოთ. დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ ისევე კანონმორჩილად, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით," - თქვა ვაშაძემ. ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახლა მთავარია, ხმები დაიცვან, რადგან, მათი ცნობით, "ოცნება" გაყალბებას აპირებს.
დამარცხება აღიარა "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მათი პარტია გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
"მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბრიუსელში "ნაცმოძრაობასთან". მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა ამ პარტიებს შორის, ჩვენ ვასრულებთ ამ მემორანდუმის ბოლო პუნქტს. თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა "ნაცმოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი," - განაცხადა ბაქრაძემ.
ამ განცხადებს გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძეც და ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ სხვა პარტიებიც, რომლებიც არ შედიან გაერთიანებულ ოპოზიციაში, მხარდაჭერას მას გამოუცხადებენ.
ეგზიტპოლებით აღშფოთება არ დაუმალავს "ლეიბორისტების" ლიდერ შალვა ნათელაშვილს და ყველა ეგზიტპოლს "სამარცხვინოდ ფალსიფიცირებული" უწოდა.
"გამოქვეყნდა სამარცხვინოდ ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელნიც ერთი პოლიტიკური მამის შვილები არიან, რომელთა ზნეობა არ იცვლება, რომელთა ღმერთი არის მწვანე დოლარი," - განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.