უკვე რამდენიმე საათია, რაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩეევნები მიმდინარეობს. არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიდის, თუმცა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად ხდება ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან დაკარგვა, გაქრობა, აორთქლება. ასევე, სააარჩევნო უბნებზე, სადაც კანონით აგიტაცია იკრძალება, ზოგიერთ შემთხვევაში, დგანან პირები, რომელთაც ამომრჩეველთა სიები აქვთ და აკონტროლებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს.
"აგიტატორები" საარჩევნო უბანთან სიებიან რვეულებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: მაგალითად ოზურგეთის მე-4 საარჩევნო უბანში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეს "ქორწილის" სია იყო და სტუმრების რიცხვს ითვლიდნენ.
დუშეთის 47-ე საარჩევნო უბანში განაცხადეს, რომ "ტორტის რეცეპტის სია" იყო. ბაღდათში გოგონამ განაცხადა, რომ მას ხელში არა ამომრჩეველთა სიები ეჭირა, არამედ "შეყვარებულს წერილს", უგზავნიდა.
გაერთიანობული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბიულეტენების დაკარგვა საარჩევნო უბნებიდან მასობრივად ხდება. მისი თქმით, „ოცნება" ე.წ. კარუსელებისთვის ემზადება.
"მასობრივად ხდება ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან დაკარგვა, გაქრობა, აორთქლება. გარეთ მდგომი ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებთან მასიურად ართმევენ ბიულეტენებს ადამიანებს, რომლებიც ე.წ. კარუსელისთვის ემზადებიან", - გაანცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ფიქსირდება ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც. ვაშაძე ამბობს, რომ მათ ამის დოკუმენტური მასალებიც აქვთ, სადაც კონკრეტლი თანხები და ადამიანების ვინაობა სახელდება.
„ეს ხდება აბსოლუტურად ყველგან. მანქანებში არიან ეს ადამიანები მობილიზებულები და ასე ყიდულობენ ხმებს. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული",-აცხადებს ვაშაძე.
ენმ-ის წარმომადგენელი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, რისი მტკიცებულებებიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს.ბბოკუჩავას თქმით, ჟინვალში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სია, სადაც მითითებულია თანხის ოდენობები, რომელსაც დეპუტატის მტკიცებით, მმართველი გუნდის წევრები ამომრჩეველს უხდიან. ეს თანხა 20-დან 50 ლარამდე მერყეობს.
„ეს ხდება, როგორც წესი, უბნების გარეთ და ამ ქმედებაში ჩართული არიან „ქართული ოცნების" კოორდინატორები და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და მე მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების" კოორდინატორებს, ნუ ჩაერთვებიან ივანიშვილის ამ უკანონო სქემაში იმიტომ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული," - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინათინ ბოკუჩავა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს და მაგალითად, გარდაბანის შემთხვევა მოჰყავს, სადაც მისი მტკიცებით, სუს-ის მანქანებს იყენებენ ამომრჩევლის მობილიზებისთვის.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „მეგობრულ სიებზე" განმარტება გააკეტა და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" მხარდამჭერების მობილიზაციას ახორციელებს და ამას შემდგომშიც ასე გააგრძელებენ.
მან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პროვოკაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი რიგ შემთხვევებში ბიულეტენების განადგურებასაც კი არ ერიდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი. ე.წ. მეგობრულ სიებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ, წამებით ადრე, ვიდრე მე ჩამოვიდოდი ბრიფინგზე, გავიდა სიუჟეტი სადაც საუბარი იყო ე.წ. მეგობრულ სიებზე. მინდა დაგიდასტუროთ, პირადად ჩემი ინიციატივით არსებობს ასეთი დამატებითი რგოლი ჩვენთან, რომელიც ჩენს მხარდამჭერებს ე.წ. მეგობრებს ამ შემთხვევაში, მეგობრების მობილიზაციას უზრუნველყოფს და სუბარია, როგორც ჩანს, რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზე, სადაც როგორც ჩანს დაფიქსირდა ადამიანი, რომელიც რეალურად არ უჭერდა მხარს, ასეთი შემთხვევა თუ დაფიქსირდა უკაცრავად, მას ბოდიშს მოუხდიან და არავინ არ დააძალებს. ნუ ჩაიდენენ მანიპულაციას და ნუ იმოქმედებენ მართლაც ამომრჩევლის ნებაზე. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციას და ასეც გავაგრძელებთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. მათ შორის საუბარია ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე და სხვა მნიშვნელოვან დარღვევებზე.
"13:05 - სამტრედიის #16 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რომლის დროსაც ამომრჩეველმა ჩაამტვრია მინა და ამომრჩველთა სამაგიდო სიის დაზიანებას შეეცადა. კომისიის თავმჯდომარემ პატრული გამოიძახა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა.
13:00 - გურჯაანის #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთიდან ერთით ნაკლები ბიულეტენი დაბრუნდა, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს
13:00 - ზუგდიდის #31 უბანზე ამომრჩეველს ხმა პირადობის მოწმობის ასლით მიაცემინეს, რაზეც ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
12:06 - ზუგდიდი #94 უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა ძირითად ყუთში დაახლოებით 5-მდე კონვერტი ჩაყარა. ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა და უბნის ბათილობა მოითხოვა.
11:55 - ბათუმის #7, 89, 25 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე.
11:54 - გურჯაანის #2 საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველს გარეთ გაყვა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი) დამკვირვებელი და ფული გადაუხადა. თავად დამკვირვებელი თანხის გადახდას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისი მძღოლია და ბენზინის თანხა მისცა. ჩვენს დამკვირვებელს ადგილზე მყოფმა პირებმა განუცხადეს, რომ თანხის გადამხდელი ქართული ოცნების მხარდამჭერია.
11:43 - ბათუმის #7, 89, 25 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე.
10:35 - დმანისის #32 საარჩევნო უბნის ბიულეტენზე ბეჭედს ურტყამდნენ ამობრუნებულ მდგომარეობაში, რაც შესაძლოა ბათილობის საფუძველი გახდეს. ჩვენმა დამკვირვებლებმა ამ საკითხზე საჩივარი დაწერა.
09:35 - გურჯაანის #12 ოლქის #25 უბანზე, კომისიის წევრი არ შევიდა კაბინაში და საჯაროდ მისცა ხმა, რითაც დაირღვა აგიტაციის წესები, უბანზე აგიტაცია კი აკრძალულია. შესაბამისად დაიწერა საჩივარი.
08: 20 - მარტვილის #13 და ჭიათურის #26 უბნებზე კენჭისყრა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
08:07 - ქობულეთის #92 ოლქის #32 უბნის ბიულეტენებში კანდიდატის ნომერ 57-ზე წაშლილია ციფრი 7, რის შედეგადაც ბიულეტინზე ფიქსირდება ორი 5 ნომერი. აღნიშნული პრობლების გამო უბანი დროებით დაიხურა. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განმარტება გამოიკრა უბანზე, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი განახლდა".