ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე საათის დაწყებულია და ოპოზიცია დარღვევებზე უკვე საუბრობს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე არა ერთი დარღვევა მოხდა. უდუმაშვილმა ე.წ. საარჩევნო კარუსელების სქემაზე ისაუბრა.
"თბილისის 87-ე უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტთან ერთად გარეთ გაიტანა. კომისიის წევრებმა ეს შენიშნეს, ამის შემდეგ მოქალაქე გაიქცა უბნიდან საერთოდ. 112-ე უბანზე, გადასატან საარჩევნო ყუთს გაატანეს 5 ბიულეტენი, ხოლო უკან დაბრუნდა 4 ბიულეტენი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" ამ უბანზე კარუსელის დატრიალებას გეგმავს. ძალიან საინტერესო ფაქტია, ქუთაისის. ქუთაისის 103-ე უბანზე რეგისტრატორთან მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე შემოხაზული ბიულეტენი ჰქონდა, თან ამის ვიდეომასალა გაგვაჩნია ჩვენ.
"დიდუბის 28-ე უბანზე დაიკარგა 50 ბიულეტენი, ამ ფაქტზე ჩვენი წარმომადგენელი საჩივრის დაწერის გამო, კომისიის თავმჯდომარემ გარეთ გამოაგდო საერთოდ. ამ უბანზე არის მაღალი რისკის კარუსელი. ზოგადად არაერთი ფაქტი დაფიქსირდა უკვე თბილისში, სადაც ჩვენი კომისიის წევრებს გაძევებას ცდილობენ საარჩევნო უბნებიდან, რათა იქ შემდეგ კარუსელები დაატრიალონ. ჩვენ ვაფრთხილებთ, ყველა კომისიის თავმჯდომარეს, რომ ვინც ასეთ ფაქტებში იქნება შემჩნეული მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება აუცილებლად. წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს, ხელი დაარტყეს და ფიზიკურად შეეხნენ მას და ეს გააკეთა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა და ასევე უცხოეთში ამ დრომდე არ არის, შვეიცარიაში გახსნილი უბანი, საკონსულო არ უხსნის უბანს, ამომრჩევლებს. ეს არის ის ფაქტები, რომლებიც ამ ბოლო 6 საათის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვადევნებთ თვალს არჩევნებს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
თავის მხრივ მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტები ცდილობენ, შექმნან დესტრუქციული ფონი, მაგრამ არჩევნები ძალიან მშვიდად მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად პროვოკაციებისა, საარჩევნო პროცესი, მშვიდად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% შეადგინა.
ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 27,4% ამბროლაურის ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი 12% ყაზბეგის ოლქში დაფიქსირდა.
„12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15,95% , რაც რაოდენობრივად არის 558 755 ამომრჩეველი. თუ აღნიშნულ მონაცემს შევადარებთ 2103 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს, მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17,15%.
12:00 საათიანი აქტივობის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში - 27,4%, ხოლო ყველაზე დაბალი - ყაზბეგის ოლქში 12%", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ასევე უკვე იმყოფებოდა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდმარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერე კახი კალაძე.