"ნაციონალებისგან შეურაცხადი აგრესია წამოვიდა" - როგორ გახდა პარასკევის ეთერის შემდეგ ირმა სოხაძე ზურაბიშვილის მხარდამჭერი

მომღერალი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ გუშინდელმა გადაცემამ არამარტო ის, არამედ ბევრი მისი მეგობარი შეაშინა, რადგან თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" შეურაცხადი აგრესია წამოვიდა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა წინასაარჩევნოდ მისი აზრის შეცვლა. თუ მანამდე დავით უსუფაშვილის მომხრე იყო, ახლა ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი გახდა, რადგან ფიქრობს, რომ "შენების მოძრაობის" ლიდერს არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი არა აქვს, ხოლო ნაცმოძრაობის შეკავება მხოლოდ "ოცნებას" შეუძლია.

"მთავარია არის ის, რაც გამოჩნდა გუშინდელ გადაცემაში, და ამ ფაქტმა მარტო მე კი არა ბევრი ჩემი მეგობარი შეაშინა, ასეთი სრულიად უსაფუძვლო, აბსოლუტურად შეურაცხადი აგრესია რაც წამოვიდა ნაციონალების მხარდაჭერებისგან, 11 სუბიექტის გაერთიანებისგან, თუმცა არავითარი 11 სუბიექტი არ არის, დიდი-დიდი იქიდან 2 სუბიექტი იცოდეს ვინმემ, დანარჩენი აბსოლუტურად ტყუილადაა, ერთობიან, მე ნაციონალების კანდიდატს ვგულისხმობ, მისი დაცვის გამო ხომ არ შეიძლება უველაფერი იკადრო და ყველაფერი თქვა?!"- განაცხადა სოხაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

მომღერალი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ამბობს, რომ ყოვლად შეურაცხადები და არაადეკვატურები არიან, მათი დაბრუნება კი ყოვლად დაუშვებელია.

"ამ სრულიად შეურაცხადი, არაადეკვატური ძალის დაბრუნება კატასტროფაა, ვიღაც სხვა, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი, ამ ძალის გამგდები აქედან არავინ აღარ იქნება და მართლა ამოვიხრჩობით და დავიღუპებით. ამ ტერორში კი მე არ მინდა ცხოვრება, ვისაც უნდა წავიდეს სხვაგან და იცხოვრობს, მე მინდა ჩემს ქვეყანაში შედარებით ნორმალური გარემო,"- თქვა მომღერალმა.

მომღერალი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ხანია "ქართულ ოცნებას" საყვედურობს, რადგან მათ არ შეასრულებს ის დაპირებები, რომელიც ქართველ ერს მოსვლის დღიდან მისცეს.

"მე ძალიან ვსაყვედურობ "ოცნებას", ვსაყვედურობ შეუსრულებელ დაპირებებს, ისინი უამრავი დაპირებით მოვიდნენ, თუმცა არ შეასრულეს. ამიტომ მე ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, მეტი კი არაფერი მინდა მაგათგან, ადამიანს და ქვეყანას მიხედონ, მარტო თავის თავზე და ერთმანეთს შორის ანგარიშის სწორებაზე ნუ არიან გადასული, სირცხვილია! თუ მიხვდებიან ამ 2 წელიწადში და გამოასწორებენ სიტუაციას არის კიდევ რაღაც შანსი, თუ არადა მართლა ქაოსი იქნება,"- აცხადებს სოხაძე.

სოხაძე იმედგაცრუებული და გაბრზებულია იმ ფაქტით, რომ მას არ აქვს საშუალება მიიღოს რეალური გადაწყვეტილება და მხოლოდ ორ კანდიდატს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

"მესამე ძალა თუ არ გამოჩნდა - ჯანსაღი და ნორმალური, მართლა ვიღუპებით, ამიტომ მინდოდა მე დავით უსუფაშვილი, ახლაც ძალიან მინდა და დიდ პატივს ვცემ, თუმცა ვიცი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვწიფდით იმდენად, რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგან მოგვახვიეს ეს 2 პოლუსი - "ოცნება" და "ნაცები" ამ ორს შორის ვაკეთებთ არჩევნს, ამიტომ დავით უსუფაშვილი ჩემდა სამწუხაროდ დღეს კონკრეტული კონკურენტი ან ერთის ან მეორის ვერ არის, მართლა სჯობს მივცეთ ხმა იმას, ვინც არ დაუშვებს "ნაცების" დესტრუქციული და აგრესიული, ყოვლად გაუწონასწორებელი ძალის დაბრუნებას."

"მე ყველგან ვიტყვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ეგ ძალა არ დაბრუნდეს.

კიდევ ერთხელ ვიხილეთ ამის ნათელი დადასტურება გუშინ, რამაც შეაშინა მგონი მთელი საქართველო. "-განაცხადა ირმა სოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ირმა სოხაძემ წინასაარჩევნოდ გადაწყვეტილება შეცვალა და ამის შესახებაც გადაცემა "პირველებში" განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი რჩეული დავით უსუფაშვილია.