ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში sms გზავნილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ როგორც ჩანს, ტელეკომპანია „რუსთავი 2" „თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრი პატარკაციშვილზე მორიგ გულისამრევ რეპორტაჟს ამზადებს" და მათი მიზანი ნათელა პატარკაციშვილის საბოლოო განადგურებაა.
„მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია! ბინძური, ამაზრზენი მეთოდები! ბადრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უსაფუძვლო სპეკულაცია! იმ ქვეყნადაც არ ასვენებენ!
როგორც ჩანს რუსთავი 2 თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევი რეპორტაჟს ამზადებს. ამდენი წელი გავიდა და ისევ ბადრის ებრძვიან, ისევ ვერ მოუნელებიათ ის სიყვარული და პატივისცემა რაც ბადრის დამსახურებულად ჰქონდა ხალხისგან!
როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოპოვების გარდა, მათი მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა, რომელიც მიღებული ნერვული და ემოციური სტრესის ფონზე დღესაც კლინიკაში იმყოფება.
რ2 დაგვიმახსოვრეთ!
არავითარი მორიდება!
არც პატივისცემა! - თუმცა ამ ნაძირლებისაგან სხვა რას უნდა ელოდო არაადამიანობის გარდა!
როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან მათთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერა ამ ფორმით ისჯება!
p.s. დაგვიმახსოვრეთ!" - წერს მზია პატარკაციშვილი.გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი მისი შვილის მკვლელობის მომზადების გეგმების შესახებ აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გულის შეტევით მოხვდა.პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით 52 წლის ასაკში ლონდონში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენი მოკლეს. თავდაპირველად ბრიტანეთის ხელისუფლება გარდაცვალების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევდა, თუმცა მოგვიანებით ბიზნესმენის უეცარი გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა.
გასულ კვირას საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ჩანაწერები, რომლის თანახმადაც 2007 წელს კუდის მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებდნენ. ბიზნესმენის შვილის, ნანა პატარკაციშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ოჯახისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.
„დედა საავადმყოფოში მოვათავსეთ, ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა, შაქარი 500-მდე. ფაქტიურად უგონო მდგომარეობაში გადმოვიყვანეთ ჩაფიძის კლინიკაში.
როგორც კი ანონსი გავიდა ტელეიმედში, იმ წუთიდან ვართ შოკირებული. რატომღაც მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, გამომერთო შუქი სახლში და დედას არ ენახა, რადგან ძალიან არასასიამოვნო სიუჟეტი მზადდებოდა. განსაკუთრებულად ოჯახისთვის. მაგრამ, ეს არ გამომივიდა, მას ჩემზე ადრე ჰქონდა ანონსი ნანახი. რა თქმა უნდა ძალინ მძიმე მოსასმენი იყო, ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აღარ მოველოდით ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ის რაც ყველა ოჯახის სამზარეულოში ირჩეოდა სინამდვილე ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა ხელიც მოვაწერეთ სკოტლანდიის დასკვას, დავიჯერეთ, რადგან მსოფლიოში მნიშვნელოვანი კომპანია და არ გვქონდა არანაირი უფლება არ დაგვეჯერებინა. თურმე, სწორად მოვიქეცით. ჩვენ მათ დავუჯერეთ, იმდენად, რამდენადა იქ ლაპარაკია ბავშვების მოტაცებაზე, ოჯახების დაწიოკაბაზე, ასევე ლაპარაკია ისეთ პრეპარატებზე და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ უნდა გმოჩნდეს არც შარდში, არც სისხლში და გარდაცვალების შემდეგ ვერავინ უნდა გაიგოს გარდაცვალების მიზეზი. ჩვენი ოჯახის, ბადრის მეუღლის და შვილების ოჯახის უდიდესი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ეს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, რისი იმედიც გვაქვს და ძალინ გთხოვთ, ამას ნუ გავხდით საჯილდაო ქვად", - განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.