28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ღამეს, 8 საათის შემდეგ, მხოლოდ ორი ეგზიტპოლი გამოქვეყნდება და წელს ეგზიტპოლებით ბრძოლაში მხოლოდ ორი პარტია ჩაერთვება - "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო". ამომრჩევლების გამოკითხვებს "რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩი" და "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ბი-სი-ჯი ჩაატარებენ. "იმედი", "მაესტრო" და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ არჩევნებზე ეგზიტპოლებით ბრძოლაში ჩართვას არ აპირებენ.
ახლა მთავარია, რომელი ეგზიტპოლი რა მონაცემებს დასვამს და რამდენად დაემთხვევა თუ ასცდება ისინი ერთმანეთს და შემდეგ ცესკო-ს მონაცემებს. მოლოდინია, რომ თუკი რომელიმე ეგზიტპოლით მეორე ტური გამოიკვეთება, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოვლინდება, გაყალბების მოტივით ქუჩაში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. თუმცა მარტო ეგზიტპოლების შედეგებით გაყალბებაზე მტკიცება ძალიან გაჭირდება. პარალელურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა მოხდება საარჩევნო უბნებზე, რამდენად ხშირი იქნება დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და რამდენად ბევრი საჩივარი დაიწერება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, "სამართლიანი არჩევნები" ხმის პარალელური დათვლით რა შედეგს დადებს.
ვინ ატარებს ეგზიტპოლებს
"რეზონანსს" საზმაუში განუცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ დაუკვეთავთ და არც სხვა ეგზიტპოლებს გააშუქებენ. "იმედსა" და "მაესტროზეც" განაცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ ექნებათ.
როგორც ცესკო-ში თქვეს, მათ ოფიციალურად მხოლოდ ორმა კვლევითმა კომპანიამ მიმართა ეგზიტპოლების ჩატარებაზე - "ედისონ რისერჩმა" და ბი-სი-ჯიმ.
"რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ადასტურებს, რომ მათ ცესკო-ს უკვე მიმართეს, რომ საარჩევნო უნბებზე მისული ამომრჩევლების გამოკითხვის უფლება მიეცეს "ედისონ რისერჩს".
"ედისონ რისერჩი" ატარებს "რუსთავი 2"-ისთვის ეგზიტპოლს და ყოველთვის დასაშვები ცდომილების ფარგლებში ემთხვეოდა ეგზიტპოლი ცესკო-ს მონაცემებს. როგორც ვიცი, ჩვენ გარდა, კიდევ ერთი ეგზიტპოლი იქნება," - ამბობს მურადაშვილი.
"ედისონ რისერჩის" მიერ ამ წინასაარჩევნოდ უკვე სამი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა და, ბოლო კვლევით, პირველ ადგილზე "ნაცმოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გადის 31%-ით, მეორე ადგილზეა "ოცნების" კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 28%-ით, მეორე ტური აუცილებლად ჩატარდება და მეორე ტურში ვაშაძე იგებს.
რაც შეხება ბი-სი-ჯის, "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ამ კომპანიამ კვლევა ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნა და "ოცნების" კანდიდატი მესამე ადგილზე გავიდა 10%-ით. პირველზეა ამ პარტიის კანდიდატი დავით ბაქრაძე 13%-ით. მეორეზე - "ნაცმოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე, 13%-ით. მეორე ტური ამ კვლევითაც აუცილებლად იქნება და თუკი მეორე ტურში ზურაბიშვილი მაინც გავა, ის წააგებს.
არჩევნების დღესაც ბი-სი-ჯი "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩაატარებს ეგზიტპოლს და როგორც ლევან თარხნიშვილი ამბობს, ისინი მოწოდებულ შედეგებს პარტიის ფეისბუქზე გაავრცელებენ.
"ასევე, დავურიგებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. ჯერჯერობით არც ერთ ტელეარხთან არ გვაქვს შეთანხება, თუმცა რაღაც მოლაპარაკებები მიდის, შაბათს უკვე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით," - ამბობს თარხნიშვილი.
საგულისხმოა, რომ ყველა არჩევნების დროს ეგზიტპოლების შედეგები განხილვის საგანი ხდება განსხვავებული მონაცემების გამოქვეყნების გამო. მათ შორის ყველაზე დიდი უკმაყოფილება ეგზიტპოლების მონაცემების გამო იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც არც ერთი ეგზიტპოლი არ დაემთხვა ცესკო-ს შედეგს და ზოგიერთში აცდენა 22%-იც კი იყო. ამის გამო ამ გამოკითხვების მიმართ დიდი უნდობლობაა და ბევრი მიიჩნევს, რომ ის უფრო პროპაგანდისტულ მიზანს და წინასწარი განწყობის შექმნას ემსახურება.
ეგზიტპოლების ისტორია ასეთია
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები:
ცესკო-ს მონაცემებით: "ქართული ოცნება" - 54,9%; "ნაციონალური მოძრაობა" - 40,4%. ეგზიტპოლი სულ 4-მა კომპანიამ ჩაატარა.
"რუსთავი 2"-ისა და "იმედის" დაკვეთით "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის შედეგი: "ოცნება" - 50%, "ნაცმოძრაობა" - 41%. ანუ, "ოცნებას" დააკლდა 5%, "ნაცმოძრაობას" მოემატა 1%. ამ არჩევნებზე ყველა სხვა ეგზიტპოლთან შედარებით ცდომილება ყველაზე ნაკლები "ედისონ რისერჩს" ჰქონდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჯი-ეფ-კას ეგზიტპოლით: "ოცნება" - 33%, "ნაცმოძრაობა" - 33%. ცესკო-ს მონაცემებთან 22%-ით იყო აცდენა.
"მაესტროს" დაკვეთით "პენ ბერლანდის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 63%, "ნაცმოძრაობა" - 27%. "ოცნებას" მოემატა 8%, "ნაცმოძრაობას" დააკლდა 6%.
ასევე, "მაესტროს" დაკვეთით "ამომრჩეველთა ლიგის" ეგზიტპოლით: "ოცნება" - 70%, "ნაცმოძრაობა" - 24%. 15-16%-ით იყო აცდენა.
ასევე, იყო "სამართლიანი არჩევნების" წინასწარი დათვლის მონაცემებიც: "ოცნება" - 54,6%, "ნაცმოძრაობა" - 40,7%. როგორც წესი, ამ ორგანიზაციის შედეგები ყველა არჩევნებზე ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
ცესკოს მონაცემებით: გიორგი მარგველაშვილი - 62%, დავით ბაქრაძე - 21,7%, ნინო ბურჯანაძე - 10%.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჯი-ეფ-კას ეგზიტპოლი: მარგველაშვილი - 66,7%, ბაქრაძე - 20,2%, ბურჯანაძე - 7,5%. მარგველაშვილს მოემატა 4%, ბაქრაძეს მოემატა 1%.
"იმედის" დაკვეთით ქართული კომპანია ეი-სი-თის ეგზიტპოლი: მარგველაშვილი - 68,%, ბაქრაძე - 17%, ბურჯანაძე - 9,9 %. მარგველაშვილს მოემატა 6%, ბაქრაძეს მოაკლდა 4%.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო-ს მონაცემებით: დავით ნარმანია - 46%, ნიკა მელია - 27.9%. მეორე ტურში გაიმარჯვა ნარმანიამ 72%-ით.
მთელი ქვეყნის მასშტაბით "ოცნება" - 50,8%, ნაცმოძრაობა - 22,4%, ბურჯანაძის პარტია -10%.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჯი-ეფ-კას ეგზიტპოლი: ნარმანია - 46%, მელია - 27%. "ოცნება" - 47,8%, "ნაცმოძრაობა" - 26,1%, ბურჯანაძის პარტია - 8,3%. პარტიულ შედეგებით "ნაცმოძრაობას" მოემატა 4%, "ოცნებას" დააკლდა 2%.
"იმედის" დაკვეთით კომპანია ეი-სი-თის ეგზიტპოლი: ნარმანია - 51%, მელია - 24%, დიმიტრი ლორთქიფანიძე - 11%. "ოცნება" - 51%, "ნაცმოძრაობა" - 24%. ცდომილება 2%-ია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
ცესკო: "ქართული ოცნება" - 48%, "ნაციონალური მოძრაობა" - 27%, "პატრიოტთა ალიანსი" - 5%.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჯი-ეფ-კას ეგზიტპოლი: "ოცნება" - 39,9%; "ნაციონალები" - 32,7%; "ალიანსი" 4%. ანუ "ოცნებას" დააკლდა 5% და "ნაციონალებს" მოემატა 8%.
სამ ტელევიზიას - "იმედს", "მაესტროსა" და "ჯი-დი-ესს" ერთობლივი ეგზიტპოლი ჰქონდათ, დაუკვეთეს კომპანია ტი-ენ-ესს და უშუალოდ გამოკითხვა კომპანია "გორბიმ" ჩაატარა. შედეგი: "ოცნება" - 53%; "ნაციონალები" - 19% და "ალიანსი" - 5%. ამ ეგზიტპოლით "ოცნებას" მიემატა 5%, "ნაციონალებს" დააკლდა 8%.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო: კახა კალაძე - 51%, ალეკო ელისაშვილი - 17%, ზაალ უდუმაშვილი - 16%, ელენე ხოშტარია - 7%.
თბილისის მასშტაბით პარტიები: "ოცნება" - 53%, "ნაცმოძრაობა" - 17,6%, "ევროპული საქართველო" - 9%, "პატრიოტთა ალიანსი" - 5,6%.
"რუსთავის 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლი: კალაძე - 54%, უდუმაშვილი - 16%, ელისაშვილი - 15%, ხოშტარია - 7%. "ოცნება" - 58%, "ნაცმოძრაობა" - 17%, "ევროპული საქართველო" - 9%, "ალიანსი" - 5%. "ოცნებას" მიემატა 5%, კალაძეს მიემატა 3% და ელისაშვილს დააკლდა 2%.
"იმედის" დაკვეთით "გორბის" ეგზიტპოლი: კალაძე - 53%, უდუმაშვილი - 14%, ელისაშვილი - 14 %, ხოშტარია 5%, ინაშვილი - 4%. "ოცნება" - 54%, "ნაცმოძრაობა" - 16%, "ევროპული საქართველო" - 6%, "ალიანსი" - 5%. კალაძეს მიემატა 2%, დანარჩენებს დააკლდათ 2-2%. პარტიებთან ცდომილება 1%-ია.
აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლის შედეგი "რუსთავი 2"-მა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ღამის 20 საათზე, გამოაქვეყნა. "იმედმა" კი მხოლოდ 2 საათის შემდეგ და როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, არ უნდოდათ, მათი ეგზიტპოლი აჟიოტაჟის მიზეზი გამხდარიყო, რადგან "ყველა ეგზიტპოლის გამოცხადება ხდებოდა გარკვეული ბრალდებების მიზეზი"