“თავის გარემოცვას გადახედოს - ფულის ამღებებსაც და “ნაციონალებს” იქ აღმოაჩენს” - ხუხაშვილი ივანიშვილზე

“თავის გარემოცვას გადახედოს - ფულის ამღებებსაც და “ნაციონალებს” იქ აღმოაჩენს” - ხუხაშვილი ივანიშვილზე

ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილზე კარგს ვერაფერს იტყვის. გარდა ამისა, ივანიშვლიმა ხუხაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაშიც დაადანაშაულა.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ივანიშვილის ქცევა კომიკურია და, ზოგადად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ურთიერთობა კარდინალურად შეიცვალა.

"ივანიშვილს ჭორაობაში ხომ ვერ შევყვები, არა? რაც შეეხება იმას, ნიჭიერი ვარ თუ უნიჭო, ეს მისი შეფასებაა და, რა თქმა უნდა, ივანიშვილს ამის უფლება აქვს. შეიძლება, რომ მას მივაჩნდე უნიჭოდ, მაგრამ ერთადერთი ტრაგიკომიკური ისაა, რომ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ აეხილა თვალები და აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი.

"სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ვიყავი. ასე ვთქვათ, მისი პირადი მეგობარიც ვიყავი, მაგრამ ასე ხდება - ხელისუფლებაში ყოფნას რომ გაინაღდებენ, მერე მსგავსი პროცესები იწყება," - ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი სიტუაციები ადრეც ყოფილა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში:

"ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც მიკვირს. მხოლოდ ივანიშვილისთვის არ არის დამახასიათებელი, კიდევ დაემართა სააკაშვილსაც და სხვესაც.

"დანარჩენი, რაზეც ისაუბრა ივანიშვილმა - ეს ჭორაობაა. მე უშეცდომო ნამდვილად არ ვარ, ალბათ, შეცდომებსაც ვუშვებდი, მაგრამ ფაქტები, რომლებზეც ის საუბრობს, უბრალოდ არც კი მახსოვს, რადგან სამუშაო პროცესში ყველაფერი ხდება. მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ელემენტარული მიზეზის გამო - საერთოდ არ მახსოვს, რაზე ჰყვება და რას ამბობს, გაუგებარია ჩემთვის. ამ ტიპის პოლემიკაში შესვლა არ მიმაჩნია სწორად.

"რაც შეეხება "ნაციონალებთან" ურთიერთობას და ფულს, მე ვურჩევდი ივანიშვილს, რომ თავის გარემოცვას გადახედოს - ფულის ამღებებსაც და "ნაციონალებს" იქ აღმოაჩენს. ჩემთან ამას ვერ იპოვის ნამდვილად," - აღნიშნა პოლიტოლოგმა.