პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გამზარდია იმედგაცრუებულია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებით, და ფიქრობს, რომ მან საზოგადოებაში მეტი სკეპტიციზმი შემოიტანა, იმის მაგივრად, რომ გარკვეული პოზიტიური მოლოდინები აღეძვრა საზოგადოებაში.
„იმის მაგივრად, რომ საზოგადოებაში გარკვეული პოზიტიური მოლოდინები აღეძრა, რომ მის მიმართ ნდობა და იმედი გაზრდილიყო, პირიქით მოხდა, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მეტ სკეპტიციზმს შემოიტანს საზოგადოებაში და მეც, როგორც ერთი ცალკე აღებული სპეციალისტი, იმედგაცრუებული დავრჩი უკვე წინა შეხვედრაზე," - განაცხადა გამზარდიამ.
გამზარდიას მიაჩნია, რომ ჯობდა დღევანდელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან საერთოდ არ ჩატარებულიყო, რადგან ამით ის საზოგადოების და თვითონ ჟურნალისტების განწყობას მიხვდებოდა.
"მიმაჩნია, რომ ჯობდა ეს შეხვედრა არ შემდგარიყო და წამყვანებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ მისთვის, რადგან ამითი დაფიქსირებულიყო და მისთვის უფრო ცხადი ყოფილიყო საზოგადოების განწყობა, მაგრამ ეს ინტერვიუ საბოლოო ჯამში შედგა. ბუნებრივია, ივანიშვილის მიდგომები კვლავ გაგრძელდა. მან ბოლო ხანებში ერთგვარად იტვირთა, რომ თვითონ გადაიტეხოს ის ჯოხი, რომელიც აქამდე სალომე ზურაბიშვილზე ან ქართულ ოცნებაზე უნდა გადატეხილიყო," - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი.
მან „რეზონანსთან" აღნიშნა, რომ გიგა ხუხაშვილს პატივს სცემს და ივანიშვილს მასთან დაკავშირებით შესაძლოა პიროვნული ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს. ის ხუხაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
„გია ხუხაშვილს ვცემ პატივს, როგორც კოლეგას, ექსპერტს, ანალიტიკოსს. გია ხუხაშვილის, როგორც ანალიტიკოსის, მოსაზრებები ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. თუ მათ შორის რაიმე ნეგატიური პიროვნული დამოკიდებულებები არსებობს, სჯობდა, რომ ამ მხრივ უფრო ღია ყოფილიყო და პირდაპირ ეთქვა, მაგრამ პროფესიული შეფასება, რომელიც აშკარად ხუხაშვილის დისკრედიტაციისაკენ იყო გამიზნული, ვფიქრობ, რომ არ იყო სწორი და სამართლიანი ივანიშვილის მხრიდან. ამ დამოკიდებულაში მე სოლიდარობას ვუცხადებ ხუხაშვილს," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ის სარალიძის თემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის მიმართაც ივანიშვილმა დიდი უსამართლობა გამოიჩინა.
„წესით მას სახელმწიფოს მიმართ უფრო კრიტიკული განცხადება უნდა გეკეთებინა, რადგან ზაზა სარალიძეს საბოლოო ჯამში ვერ უპოვნეს შვილის მკვლელი და იმის მაგივრად, რომ გამოეხატა თანადგომა, პირიქით არჩია და ზაზას წინააღმდეგ გააკეთა განცხადებები," - თქვა გამზარდიამ.