“აფბა” მგზავრობის გაძვირებაში “ქრსტიან-დემოკრატ” ჯაბა სამუშიასა და ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელ ლავრენტი ალანიას ადანაშაულებს
მართალია, კომფორტი «ძვირი სიამოვნებაა», მაგრამ მგზავრობის საფასურის გაძვირებისა და დაპირებული კომფორტის მიუხედავად, ახალ ყვითელ “მარშრუტკებში”, თურმე, კონდიციონერებს არ რთავენ. ამასთან, ხმა დადის, რომ “მარშრუტკებით” მგზავრობა კიდევ გაძვირდება და სექტემბრიდან ერთი ლარი გახდება, რასაც “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას «ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესნენთა ასოციაციის» პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აპროტესტებს:
- თბილისში მოძრავ სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულება 60%-ით, ანუ 50-დან 80-თეთრამდე გაიზარდა, თუმცა საზოგადოებისთვის არავის აუხსნია, თუ რის საფუძველზე მოხდა გაძვირება. 2011 წლის იანვარში, როცა თბილისის სამარშუტო ხაზების სატენდერო პირობები გამოქვეყნდა, «ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ» განაცხადა, რომ ამ ფორმით ტენდერის ჩატარება ბაზარზე აუცილებლად გაააჩენდა მონოპოლისტს, კონკურენცია შემცირდებოდა და, შესაბამისად, მგზავრობის ფასი გაიზრდებოდა. ამიტომ, მერიას რეკომენდაციით მივმართეთ, რომ ტენდერი ამ ფორმით არ ჩაეტარებინა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მერიამ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც ვიცი, მერიას ე.წ. სამარშრუტო ბიზნესის მართვის ბერკეტი აღარ აქვს...
- კანონით ასეა, მაგრამ ეს კანონი მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და როცა კონკრეტული საქმე მერიის ინტერესებში შედის, აქტიურობას იჩენს და გამარჯვებულ კომპანიაზე ზეწოლასაც ახდენს. მაინცდამაინც არ ვითხოვთ, რომ მერია უხეშად ჩაერიოს კერძო კომპანიის საქმიანობაში და ფასის ზედა ზღვარი დააწესოს, მაგრამ თუკი ბაზარზე მონოპოლისტს ქმნის, მაშინ ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობაც მერიამ თავის თავზე უნდა აიღოს. «მარშრუტკების» ტენდერში გამარჯვებული ფარული მონოპოლისტი, ვითომ 4 სუბიექტისგან შემდგარი კომპანია, რომელთა სახელითაც მხოლოდ «თბილისის მიკროავტობუსი» საუბრობს, ბიზნესის აწყობას სოციალურად გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ცდილობს.
მერაბ, თავის დროზე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, ხსენებული ოთხივე კომპანია სააკაშვილის მეგობრებს, ძმებ შარანგიებს ეკუთვნის და ამიტომაც შეადგინეს საკმაოდ ლოიალური სატენდერო პირობებიო...
- დიახ, მართალს ბრძანებთ, შარანგიების კლანზე საუბარი ნამდვილად იყო. შარანგიები «ჯი-ემ-სი»-ს რესტორნების ქსელის მფლობელებიც არიან. ახლა კი, მიკროავტობუსების მონოპოლისტები გახდნენ და ე.წ ყვითელ მარშუტკებში ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებენ - «ფორდების» ღირებულებას მგზავრობის საფასურის გაზრდით მიღებული შემოსავლიდან თანდათან დაფარავენ, თუმცა ეს კლასიკური კონსიგნაციის პრინციპით არ ხორციელდება - 10 წლის შემდეგ, როცა ინდმეწარმეს, ანუ მძღოლს თბილისის არცთუ სახარბიელო გზებზე ნავალი ავტომობილი საკუთრებაში გადაეცემა, მას 18 ათას ევროდ ღირებულ «ფორდის» მიკროავტობუსში 50 ათასის გადახდა მოუწევს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბუნდოვნად საუბრობს ახალი მოკროავტობუსების შემოყვანაზე და არაფერს ამბობს ინვესტიციებზე, რადგან ამაზე ლაპარაკს ლოიალური სატენდერო პირობები არ ავალდებულებს. ასეთი მძარცველური და ყაჩაღური სქემა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში არ განხორციელებულა. მით უფრო, გაუგებარია მგზავრობის საფასურის გაზრდა, როცა მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასები ეცემა. განსაკუთრებით დიდია სატენდერო კომისიის პასუხისმგებლობა, რომელმაც გამარჯვებულ კომპანიას ტენდერში მთავარ პირობად არ ჩაუდო ინვესტიციების განხორციელებისა თუ ფასების ზრდის დასაბუთების მოთხოვნა და ამით, ფაქტობრივად, ფარული მონოპოლისტის ჩამოყალიბებისთვის წინაპირობები შექმნა.
ამბობენ, მგზავრობის საფასური 80 თეთრზე არ გაჩერდება და კიდევ გაიზრდებაო...…
- დიახ, არის საუბარი, რომ მგზავრობის ღირებულება სექტემბრიდან 1 ლარი გახდება. ამიტომ «ახალგაზრდა ფინანსისტები» მოვუწოდებთ თბილისის მერიასა და პარლამენტს, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები, მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ ბაზარზე მონოპოლია აღიკვეთოს.
მერიამ, როგორც აღვნიშნე, ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და და თითი მძღოლებისკენ გაიშვირა, ანუ როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდა, რომ ხალხმა ჯოხი მძღოლებზე გადატეხოს...
- მძღოლს მაგის უფლებას ვინ მისცემს, რომ ფასი თვითნებურად გაზარდოს? ტენდერის პირობებით, თბილისის მასშტაბით მგზავრების გადაყვანას მხოლოდ ზემოხსენებული კომპანია უზრუნველყოფს. ამიტომ, თუ ამ პროცედურას ვინმე სხვა განახორციელებს, აუცილებლად დაზარალდება. ყველა სამარშუტო ხაზი მათ მითითებებს ემორჩილება და ასეთი ტყუილებისგან თავი შეიკაონ. მთავრობა გვმოძღვრავს, რომ თითქოს საბაზრო ეკონომიკას და ლიბერალურ გარემოს აშენებს, მაგრამ ამ ტენდერით საბაზრო ეკონომიკის განხორციელების ყველანაირი შანსი მოკლა. ხელისუფლებისთვის ღირებულელები არ არსებობს და სადაც დაინახავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მყარად დგას, იმ სფეროს მონოპოლიზაციას ახდენს, ანუ ამ სფეროს ახლობელ ბიზნესმენს უგდებს, თორემ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ფასები კი არ გაიზრდებოდა, პირიქით, შემცირდებოდა.
თუ იცი, როგორი პოზიცია უჭირავს ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელ ლავრენტი ალანიას?
- სამწუხაროდ, ლავრენტი ალანია, რომელიც სატენდერო კომისიის წევრი იყო, ცუდად მოიქცა.
ამას რატომ ამბობ?
- როდესაც საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი გამოვდიოდით და ვამბობდით, რომ ასეთი პირობებით ტენდერის ჩატარება არ შეიძლებოდა, პროფკავშირები გაიქცნენ და ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. პროფკავშირები, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი მძღოლების ინტერესებს არ იცავს, არ უნდა არსებობდეს! მგზავრობის გაძვირება მძღოლებისთვისაც არაა მისაღები, რადგან მხოლოდ შემოსავალი კი არა, ხარჯიც გაეზრდათ - მძღოლებს, დაზღვევის სახით, 500 ევროს გადახდას აიძულებენ, ამასთან, მიკროავტობუსების საფასური, თვეში 463 ევროც უნდა გადაიხადონ, ამას ყოველდღიური 10-15 ლარიც ემატება. ადრე ალანია დარწმუნებით ამბობდა, მგზავრობა იმიტომ გაძვირდება, რომ საწვავი გაძვირდაო. შე კაი კაცო, თუ იმდენს ხვდები, რომ საწვავი აძვირებს მგზავრობას, გამოდი გარეთ და რაღაცა იღონე, რომ მძღოლებს პატარა დახმარება მაინც გაუწიო.
მახსოვს, ტენდერის პარალელურად, მძღოლები პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ. ახლა რატომ არ გამოდიან ქუჩაში - ეშინიათ, სამსახური რომ არ დაკარგონ?
- მაშინ მძღოლებს დაჰპირდნენ, ტენდერის პირობებს გადავხედავთო, მაგრამ ახლა მათ თამაშის წესებს კომპანია კარნახობს და თუ არ მიიღებენ ამ წესებს, სამსახურს დაკარგავენ. ადრე ხაზიც და მანქანაც მძღოლებს ეკუთვნოდა, ახლა კი, ორივე კომპანიის ხელშია. სხვათა შორის, კომპანია მძღოლებს, მუშაობის ნებართვა რომ ჰქონდეთ, ყოველდღიურ ბარათებს აძლევს...
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი ასანიძე, აკაკი ჯოხაძე და მამუკა ახვლედიანი ირწმუნებოდნენ, 2012 წლამდე მგზავრობის საფასური არ გაიზრდებაო, თუმცა ეს დაპირება ცრუ აღმოჩნდა. თუ მგზავრობის საფასური გაძვირებით ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაირღვია, რატომ არავის სურს, რომ ამ კომპანიას სასამართლოში უჩივლოს?
- მათ საზოგადოება სიტყვაზე ენდო, ანუ სატენდერო პირობებში არაა ჩადებული, რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი რომ დავანებოთ, ოპოზიციონერმა დეპუტატი ჯაბა სამუშია მიკროავტობუსში ჩასადგამ სკამებით აპელირებდა და ამბობდა დეტალებია გასარკვევი, თორემ ტენდერის პირობები კარგიაო. ფაქტია, რომ მას ეკონომიკის საკითხებში კომპეტენცია არ ეყო - სამუშია, როგორც ვიცი, ისტორიკოსია და რჩევა რომელიმე ეკონომისტისთვის ეკითხა, არ შეიძლებოდა? მგზავრობის გაძვირებაში დანაშაული სწორედ მას და ლავრენტი ალანიას მიუძღვით!
მუნიციპალური ტრანსპორტიც გაძვირებაც მოსალოდნელია?
- ახლა ხალხი მეტროსა და ყვითელი ავტობუსებით სარგებლობს და დიდი ალბათობაა, რომ მეტროც გაძვირდეს. სხვათა შორის, ახალ მიკროვატობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟებას აპირებენ, რომ ყველაფერი დააფიქსირონ და თუ რომელიმე მგზავრი 80 თეთრზე ნაკლებს გადაიხდის, დარჩენილი თანხის გადახდა მძღოლს საკუთარი ჯიბიდან მოუწევს!
მერაბ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მოსახლეობას ბოიკოტისკენ მიუწოდებს. თქვენი აზრით, ესაა გამოსავალი?
- ბოიკოტი არ გამოგვადგება - კი ბატონო, ვისარგებლოთ მიკროავტობუსებით, მაგრამ რა ვქნათ, გადაადგილება ხომ გვინდა? ამიტომ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ, მერიის პიკეტირება მოვახდინოთ და სანამ მგზავრობის ფასი არ შემცირდება, უკან არ დავიხიოთ.