რითი ვერ მოხიბლეს გერმანელებმა იაკობ ჯუღაშვილი

რითი ვერ მოხიბლეს გერმანელებმა იაკობ ჯუღაშვილი

იაკობი

სტალინმა  იაკობს გზა დაულოცა – წადი და იბრძოლეო. ის შინ დაბრუნდა, იულიას დაემშვიდობა და სახსოვრად, თან შვილების ფოტოები წაიღო. რამდენიმე დღეში იაკობი პირდაპირ ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდა. იმ დროისთვის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გერმანელები უპრობლემოდ მიიწევდნენ წინ. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი იყო ბრძოლა ვიტებსკთან.

1941 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „კრასნაია ზვეზდაში“ დასავლეთის ფრონტის სარდალი, გენერალი ერემენკო (შემდეგ მარშალი) წერდა: „ნამდვილი გმირობის გასაოცარი მაგალითი გვიჩვენა ვიტებსკთან ბრძოლებში ბატარეის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა იაკობ ჯუღაშვილმა. ცხარე ბრძოლაში მას ბოლო ჭურვამდე არ მიუტოვებია საბრძოლო პოზიცია“.

სამწუხაროდ, საბჭოთა ჯარისკაცებს უჭირდათ მტერთან გამკლავება. ისინი იძულებული იყვნენ, დაეხიათ უკან – აღმოსავლეთისკენ და ხშირად ვერც კი ხვდებოდნენ, როგორ მოექცეოდნენ ხოლმე პარალელური გზებით წინგაჭრილი გერმანული სატანკო დანაყოფების ალყაში. ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს იაკობი, თავის მზვერავებთან და რადისტებთან ერთად, ბრძოლას ხელმძღვანელობდა. ჩინებულად წარმართავდა საარტილერიო ცეცხლს, მაგრამ შეტევა შეფერხდა, მებრძოლები დაწვნენ, რადგან მტრის ტყვიამფრქვევები მიბჯნით უშენდა ცეცხლს. იაკობმა სწრაფად მოამზადა ზუსტი მონაცემები სროლისთვის და ცეცხლი გაუხსნა მტრის საცეცხლე წერტილებს. მტრის ტყვიამფრქვევები დადუმდა. იაკობი თავის მებრძოლებთან ერთად, შემოვლითი გზით, ფარულად, იქვე, სოფლისკენ გაიჭრა და ფაშისტთა დიდი ჯგუფი დაატყვევა.

მეორე შეტაკება წარუმატებელი აღმოჩნდა. 16 ივლისს ლოზინოს რაიონში გერმანელებმა საბჭოთა მეომრები მჭიდრო ალყაში მოაქციეს. ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ცოცხლად დარჩენილი მებრძოლები ტყისკენ გაიქცნენ, დაჭრილები კი მაღლობის უკან გადამალეს. ბრძოლა ჩაცხრა, ყველაფერი მიწყნარდა, გადარჩენილი მებრძოლები შეგროვდნენ, მაგრამ მათ შორის არ აღმოჩნდა იაკობ ჯუღაშვილი. საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ამაოდ ეძებდა გაუჩინარებულ მეთაურს.

გებელსის მეთოდები

ტყვეს პირველივე წუთებდან თავი ღირსეულად ეჭირა, – აღნიშნავს „ისტორიკოსი“ შტრიკფელდტი, რომელიც მაშინ „გესტაპოს“ გამომძიებელი იყო. ის არც ფანატიკოს ბოლშევიკს ჰგავდა და არც ლაჩარ მეომარს. დაკითხვაზე დამაჯერებელ პასუხებს იძლეოდა. მისი გადაბირება შეუძლებელი იყო.

პროპაგანდის რაიხსმინისტრმა, დოქტორმა გებელსმა, გერმანიის გენერალურ შტაბში სასწრაფოდ დაიბარა სადაზვერვო განყოფილების მეთაური – გელენი და ანგარიში მოსთხოვა. დაბნეულმა ხელქვეითმა აღიარა, რომ იაკობი კერკეტი კაკალი იყო და ძალისმიერი მეთოდები დადებით შედეგს არ მოიტანდა.

გებელსის განკარგულებით, ჯუღაშვილი ჰამელბურგში მდებარე ბანაკ „ოფლაგ 13-დან“ სასწრაფოდ გადაიყვანეს ბერლინში და პროპაგანდის სამინისტროს გადასცეს. იაკობი ბერლინის ცენტრში, ფეშენებელური სასტუმროს „ადლონის“ აპარტამენტებში დააბინავეს. ჩინებული კოსტიუმი უყიდეს, მისთვის სპეციალურად, გემრიელ კერძებს ამზადებდნენ, საუცხოო ღვინითა და ტროპიკული ხილით უმასპინძლდებოდნენ. საღამოობით რესტორანში მხიარულება სუფევდა. ცნობილი მსახიობები კონცერტებს მართავდნენ. ნახევრადშიშველი ქალბატონები მოსვენებას არ აძლევდნენ. ვინ არ მიუგზავნეს. რუსი „ნაციონალისტები“ ახალი რუსეთის სათავეში ჩადგომას სთხოვდნენ. ქართველი ემიგრანტები ანთებული თვალებით ემუდარებოდნენ, ეხსნა საქართველო. არაფერმა გაჭრა. ამიტომ, კომფორტულ სასტუმროში მიწვეული გებელსის სტუმარი, რომელიც უტეხად იმეორებდა, რომ გერმანია აუცილებლად წააგებდა ომს და მეტად ძვირად ღირებული და არახელსაყრელი მძევალი იყო, კვლავ ჩვეულებრივ, სამხედრო ტყვედ იქცა. მასზე საშინლად მოქმედებდა ის, რაც რადიოში მოასმენინეს. სტალინმა თქვა, რომ „არ არსებობენ სამხედრო ტყვეები, არიან სამშობლოს მოღალატეები“.

დაკარგული არქივი

1945 წლის 10 ივლისს, დილით,  დასავლეთ გერმანიის ქალაქ  მაინის ფრანკფურტის აეროპორტის  ასაფრენი ზოლიდან ვაშინგტონისკენ  კურსი აიღო ორძრავიანმა  ამერიკულმა თვითმფრინავმა  – „დუგლასმა“, რომელსაც  ჰაერში ორი გამანადგურებელი  აკონტროლებდა. ავტომატმომარჯვებული პირები საგულდაგულოდ იცავდნენ  საიდუმლოტვირთიან სპეციალურ  კონტეინერებს, რომლებშიც გესტაპოს საარქივო მასალები  იყო მოთავსებული.

სტალინი  აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა შეიტყო, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტების უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჩაუვარდა ხელში. მით უმეტეს, რომ რუსულმა საჯარისო დანაყოფებმა პირველებმა შეაბიჯეს ბერლინში და რაიხსტაგზეც დიდი პომპეზურობით აღმართეს დროშა.

ბელადს გამჭრიახობა არ აკლდა. ბრწყინვალედ ესმოდა, რომ პოლიტიკური მოკავშირეები, საერთო მტრის გზიდან ჩამოშორების შემდეგ, დაპირისპირებულ მხარეებად გადაიქცეოდნენ. რაიხსტაგის საკანცელარიო კატალოგებში აღწერილი იყო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის საიდუმლოებებს ფლობდა „გესტაპო“, მაგრამ ეს მხოლოდ კატალოგი გახლდათ – მასალები კი დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული არქივის (კონგრესის არქივის) სვეტებიან დარბაზში, გერმანული დოკუმენტების განყოფილების სპეციალურ უზარმაზარ სეიფში ინახება.

სტალინი მართალი იყო – გამარჯვებულ ქვეყნებს შორის მთავარი პოლიტიკური ნადავლი, ამერიკელებს ერგოთ. ოკეანისგაღმელმა ყოფილმა მოკავშირეებმა ცივი ომის დროს თითქმის ყველა „კოზირი“ გამოიყენეს.

მაგალითისთვის საკმარისია, გაშიფრული საბჭოთა და გერმანელი აგენტები, ფარული მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის, ის, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა 50 000 პოლონელი ოფიცერი და სამხედრო მოსამსახურე ტყეში გაიტყუეს და მუხანათურად დახოცეს, დანაშაულის დაფარვისა და გერმანელებისთვის გადაბრალების მიზნით კი გვამები და ნივთმტკიცებები სპეციალურად ამოთხრილ უზარმაზარ ორმოებში ჩაყარეს (კატინის ტრაგედია). რომ ომის პირველ თვეებში ორ მილიონამდე საბჭოთა ოფიცერი და ჯარისკაცი ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს ტყვეობაში, რომ ერთ დროს საბჭოთა კავშირის სიამაყემ, გენერალმა ვლასოვმა, გერმანელი ოფიცრის მუნდირი მოირგო, ცოლად ჰიმლერის ნათესავი – ადელია ვილინბერგი მოიყვანა, ტყვეებისგან „რუსეთის გამათავისუფლებელი არმია“ შექმნა და ანტისაბჭოთა დოკუმენტური ფილმის – „ევროპა საკუთარი თვალით“, შექმნაშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ანტიფაშისტურ კოალიციას, რომ ომამდე, სულ მცირე ხნით ადრე, კომუნისტური და ფაშისტური ქვეყნების ლიდერებს შესაშური მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებიც ბრწყინვალედ გადაინაწილეს (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დედანი), იმის გამო, რომ უკრაინაში გერმანელებს ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც გამათავისუფლებლებს – ყვავილებით ეგებებოდა, ვერმახტის ფორმებში გამოწყობილმა წითელარმიელებმა მრავალი სოფელი გადაწვეს და სისხლის გუბეები დააყენეს და მრავალი სხვა...

ამერიკელების  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  მათ შეეძლოთ და არ გამოიყენეს საკონცენტრაციო ბანაკების  დოკუმენტაციაში არსებული „საქმე    თ  –176“. მეტიც, აღნიშნული საქაღალდე 1978 წელს მხოლოდ „ლიტერატურნაია გაზეტას“ საბჭოთა ჟურნალისტისთვის, იონა ანდრონოვისთვის, გაიხსნა.

დოლორეს იბარური - „ - 176“

სტალინი განიცდიდა შვილის მდგომარეობას. უსამართლოა ბრალდებები სტალინის მიმართ, თითქოს ის არაფერს  აკეთებდა შვილის გადასარჩენად. საბჭოთა მზვერავთა დიდი ჯგუფი იაკობ ჯუღაშვილის გათავისუფლებაზე მუშაობდა. ესპანეთის კომუნისტური მოძრაობის ლიდერი, დოლორეს იბარური, 1985 წელს გამოცემულ წიგნში „მე მაკლდა ესპანეთი“ დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩავარდა სპეცოპერაცია, რომელსაც „ცისფერი დივიზიის“ ოფიცერი, ლუის მენდოზა პენია ხელმძღვანელობდა. ის მივლინებული იყო ერთ-ერთ გერმანულ ნაწილში და სხვებთან ერთად უნდა მიეღო მონაწილეობა იაკობის გათავისუფლებაში, მაგრამ ყველა დაიღუპა.

1943 წლის 14 აპრილს  საკონცენტრაციო ბანაკის  უფროსის, კურტ ეკარიუსის  ბრძანებით, იაკობ ჯუღაშვილი  დახვრიტეს. ის მაშინ 35 წლის იყო „საქმე  თ –176-ში“ აღნიშნულია, რომ ესესელმა მცველმა, კონრად ჰარფიშმა, უფროსის, კარლ იუნგლინგის თანდასწრებით, ბედის ანაბარა დარჩენილი იაკობი სიცოცხლეს გამოასალმა.

1977 წლის 28 ოქტომბერს, უმაღლესი  საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით,  უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი, სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ბრძანებულება საიდუმლო იყო, ხალხმა არაფერი იცოდა. აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი საეჭვოდ დაემთხვა, ლეგენდარული პოლიტიკოსის, მარშალ დე გოლის ვიზიტს კრემლში, როცა ყველასთვის მოულოდნელად, ეტიკეტის და სტუმრობის განრიგის დარღვევით, ის სოსო ჯუღაშვილის საფლავზე მივიდა და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ამ დროს სიტყვა სტალინის ხსენებაც კი, მის მიერვე შექმნილ უზარმაზარ იმპერიაში, აკრძალული იყო.