ვინ მოიგებს ზეგ? - კვლევები დიამეტრულად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს

ვინ მოიგებს ზეგ? - კვლევები დიამეტრულად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე "ქართული ოცნება" სოციოლოგიური კვლევებით ბრძოლაში ერთვება და უკვე მეორე შიდაპარტიულ კვლევას აქვეყნებს იმის დასამტკიცებლად, რომ მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იგებს 54%-ით. პარალელურად, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" მომხრეებს მოუწოდებს, დაივიწყონ წყენა, მობილიზება მოხდეს, აუცილებლად ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა ზურაბიშვილს მისცენ.

პოლიტოლოგების შეფასებით, "ოცნება" და "ნაციონალები" წინასაარჩევნოდ რეიტინგების ბრძოლას მართავენ და ამით გარკვეული განწყობის შექმნასა და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობენ.

გუშინ სოციოლოგიური კვლევა ჯერ "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა. "ედისონ რისერჩის" უკვე მესამე კვლევით, მეორე ტური გარდაუვალია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან და მეორე ტურში ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ვაშაძესთან მარცხდება.

ამ კვლევის გამოქვეყნებისთანავე "ქართულმა ოცნებამაც" გაასაჯაროვა შიდა კვლევა, სადაც პირველსავე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

ალოკაციის მიხედვით (ვისაც არჩევნებში მისვლა გადაწყვეტილი აქვს): ვაშაძე - 31%, ზურაბიშვილი - 28%, ბაქრაძე - 14%.

მეორე ტურის შემთხვევაში გამოკითხულთა 44% - გრიგოლ ვაშაძეს, 29% კი სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

ამ კვლევას "ქართულ ოცნებაში" არ ენდობიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს არის "რეალობას აცდენილი კვლევა" და საზოგადოების განწყობას "ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევა ასახავს.

"ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გაასაჯაროვა. "ფსიქო-პროექტის" მიერ "ოცნებისათვის" ჩატარებული კვლევის მიხედვით, ე.წ. ალოკაციის გარეშე (გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან) სალომე ზურაბიშვილს აქვს - 30%, გრიგოლ ვაშაძეს - 11%, დავით ბაქრაძე - 10%, სხვა კანდიდატებს - 7%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას - გამოკითხულთა 42%.

ე.წ. ალოკაციის გზით შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 54%; გრიგოლ ვაშაძე - 18%; დავით ბაქრაძე - 16%; სხვა კანდიდატები - 12%.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში ის იმარჯვებს პირველსავე ტურში.

საგულისხმოა, რომ ამომრჩევლის მობილიზების აუცილებლობაზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ "ოცნებაში".

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია, "ოცნების" მხარდამჭერები არჩევნებზე მივიდნენ, რაც გაიმეორა გუშინაც, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს სპორტის სასახლეში ხვდებოდა და "ოცნების" ლიდერებიც იყვენ შეკრებილები.

"დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის, ქალბატონი სალომე პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ქალბატონი სალომე მოიგებს მეორე ტურს," - განაცხადა ივანიშვილმა და მხარდამჭერებს მობილიზებისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

სამი დღის წინანდელ ინტერვიუში კი თქვა, რომ "ოცნების" ყველა მხარდამჭერმა განაწყენება გადადოს გვერდით, მივიდეს არჩევნებზე და ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მივმართავდი, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ იზიარებს მთლიანად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, რამეთუ ის არ არის "ქართული ოცნების" წევრი, ვთხოვ, რომ ყველა ძველი განაწყენება გადადეთ გვერდზე და კეთილი ინებეთ, ძალიან გთხოვდით, რომ მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომეს. ყველა კვლევა, ყველაზე პესიმისტურიც მათ რიცხვში, არსად კითხვებში არ ჩანს, რომ ქალბატონი სალომე მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა არის ძალიან დიდი, თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კარგ მობილიზაციას გააკეთებენ," - განაცხადა ივანიშვილმა.

მას პარტიის წევრებსაც მიმართა, რომ "ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ, ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ."

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს არა მხოლოდ განცხადებებით, დებატებით უპირისპირდებიან, არამედ სოციოლოგიური კვლევითაც და მიზანი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაა.

"ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში სოციოლოგია იქცა პოლიტიკის და პიარის შემადგენელ ნაწილად და იარაღად. "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული ყველა კვლევა საზოგადოებას წინასწარ ამცნობს, რომ იმარჯვებს "ნაციონალური მოძრაობა" და ახლა ამას დაუპირისპირდა "ქართული ოცნება" საკუთარი კვლევით და ახლა ის ეუბნება საკუთარ ამომრჩევლებს, რომ პირველ ტურში იგებს. ყველა კვლევით იმარჯვებს ის, ვინც არის დამკვეთი. ამიტომაც კვლევებმა სანდოობა დაკარგა. ასე, რომ ეს დაპირისპირება არა მარტო დებატურია, არამედ სოციოლოგიურიც და ასახავს იმ სამწუხარო პროცესს, რაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში მიმდინარეობს," - მიიჩნევს ძაბირაძე.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვებაში ეჭვი თავად "ოცნების" ლიდერებსაც შეაქვთ.

"ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც საარჩევნო ვიდეოკლიპში "ოცნების" მთელი ელიტა იყო ჩართული. ზურაბიშვილს რომ უჭირს, ეს ირიბად დადასტურდა, როდესაც ივანიშვილმა მეორე ტურის ალბათობაზე ილაპარაკა პრესკონფერენციაზე და ბოლოში ამომრჩეველს მოუწოდა, რომ კეკლუცობისთვის თავი დაენებებინათ და არჩევნებზე მისულიყვნენ ზურაბიშვილის შემოსახაზად. თუმცა ეს კეკლუცები, როგორც მათ ივანიშვილმა უწოდა, დიდად მეტი არ არის იმ სახელისუფლებო რესურსზე, რაც "ოცნებას" ისედაც აქვს.

ახლა ივანიშვილის ამოცანაა, ის ამომრჩევლები მიიყვანოს არჩევნებზე, რომლებიც "ოცნებაზე" განაწყენებული არიან, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ. თუმცა რა განწყობაცაა ქვეყანაში, ეს "ოცნებისთვის" ოპტიმიზმის საფუძველს მაინცდამაინც არ იძლევა და ამიტომაც გააქტიურდა ივანიშვილი მოწოდებებით, რომ ყველამ მხარი ზურაბიშვილს დაუჭიროს. ამას ემსახურებოდა სპორტის სასახლეში ამომრჩევლების მობილიზებაც. მართლაც დიდია ალბათობაა, მეორე ტური იყოს. ოღონდ თუკი ვაშაძე გავა, ის აუცილებლად დამარცხდება. ამომრჩეველი "ნაციონალების" კანდიდატს მხარს არაფრით არ დაუჭერს" - აღნიშნა ძაბირაძემ.