ბახტაძე მთავრობაში წმენდას იწყებს? -

ბახტაძე მთავრობაში წმენდას იწყებს? - "ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ"

პრემიერი ბახტაძე გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ რათა მმართველობის სისტემა იყოს უფრო ეფექტური.

„თუმცა, როგორც განვაცხადე, ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და გადაწყვეტილების მიღება აისახოს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი განცხადებიდან გამომდინარე ხომ არ იგეგმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება, ბახტაძის თქმით, ცქიტიშვილის მსგავსი სახელმწიფო მოხელეები ბევრი უნდა იყვნენ მთავრობაში.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდეს. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ცვლილებები უშიშროების, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შეეხება.

არაოფიციალური ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტან გომელაურს გადაგომის შესახებ განცხადება უკვე რამდენიმე კვირის წინ აქვს გაკეთებული, თუმცა მას თანამდებობიდან წასვლაზე არჩევნების დასრულებამდე უარი უთხრეს და მისი წასვლა არჩვენების შემდეგ გადაიდო.

რაც შეეხება თვადაცვის მინისტრ იზორიას, როგორც ცნობილია, მის მინისტრად მუშაობას სამინისტროში რამდენიმე სკანდალი უკავშირდება.

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეირაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.

თავდაცვის სამინისტროდან იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე, ასევე საწვავის.

რაიონის პოლიცის უფროს ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია.

ოპოზიციის ინფორმაციით იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება.

არსებული ინფორმაციით, იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. არსებობს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ მინისტრთან.

მესამე ცვლილება სავარაუდოდ ინფრასტრუქტურის მინისტრს შეეხება. მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან გაშვების მიზეზად საბიუჯეტო და საინვესტიციო თანხების აუთვისებლობა სახელდება, რომლის გამოც ბიუჯეტმა 1,6 მლნ ლარის ჯარიმა გადაიხადა. ამასთან, სამთავრობო გუნდში მაია ცქიტიშვილს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს ტემპის შეფერხებას საყვედურობენ.

მინისტრების ცვლილების პარალელურად, არ არის გამორიცხული, მირზა სუბელიანის სკანდალის გამო, თანამდებობა დატოვოს მთვარობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში რაიმე საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობის თითოეული წევრი ღირსეულად უმკლავდება მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

„მთავრობის კაბინეტი არის ახალი დამტკიცებული. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის თითოეული წევრი საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და ამავე დროს იმ საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტში. შესაბამისად, მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ბახტაძემ.