ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები და მუქარა რუსთავი 2-ს - „დადასტურდა, რომ რაც ივანიშვილის გარემოცვაში ხდება, მისგან აქვს მწვანე ანთებული“

ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები და მუქარა რუსთავი 2-ს - „დადასტურდა, რომ რაც ივანიშვილის გარემოცვაში ხდება, მისგან აქვს მწვანე ანთებული“

რისი თქმა უნდოდა და რა თქვა ყოფილმა პრემიერმა - გუშინ, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ თვმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა როსტომ მეფის სასახლეში სამი არხის პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს უმასპინძლა.

ექსპრემიერი "რუსთავი 2"-ის , "ტვ პირველის" და „იმედის“ კითხვებს 2 საათისა და 40 წუთის განმავლობაში პასუხობდა.

ინტერვიუდან გავიგეთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ქვეყნის ნომერ პირველი „პრობლემა“ დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ია. ივანიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ "ტყუილი არასდროს უკადრებია", ამბობს, რომ ვითარებას მხოლოდ R2 ამძიმებს.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი "რუსთავი 2" ინტერვიუში 65-ჯერ გახდა. როგორც აღმოჩნდა, ყოფილ პრემიერს ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული გეგმაც აქვს. ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს, მათ შორის საკუთარ გუნდშიც: „მე ვპირდები საზოგადოებას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ - მენეჯმენტი ჩემი კანიოკია“ - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილს კითხვები არ აქვს ოთარ ფარცხალაძესა და სარდაფის ცნობილ ინცინდენტზე - ექსპრემიერისთვის გაუგებარია, „რატომ უნდა დასაჯოს“ ფარცხალაძე.

ოლიგარქი ბოლო 6 წელიწადში მაღალჩინოსნების, საეჭვოდ გამდიდრებაზე დასმუილმა კითხვამაც გააღიზიანა - გავიგეთ, რომ „სესიაშვილის აუზში წყალი არ ასხია“.

ივანშვილი შვილების დაფიცებით გვარწმუნებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ფარულიჩანაწერებით შანტაჟზე არაფერი იცის და არც სმენია.

რაც შეეხება ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეს - მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერის თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმის გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან გაიგივება "უზნეობაა". თუმცა რაც „კარგად იცის“ არის ის რომ ეკა გიგაური „კაპიტანია“, ხოლო დანარჩენი არასამთავრობოები „ნაციონალურ მოძრაობის“ აქტივები.

გუშინდელ ინტერვიუში ივანიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გუნდში ერთულოვნება არ არის. ექსპრემიერმა საკუთარი გუნდი დატუქსა - „ნუ კეკლუცობენ“.

"ნიუპოსტი" თემის კომენტირებისთვის ექსპერტ, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა, რომელიც ვრცელი ინტერვიუდან მთავარ გზავნილებს გამოყოფს და ერთგვარ რეპრესიებს არ გამორიცხავს:

"აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, რომელიც შეიძლებოდა თეორიულად მქონოდა, მოვისმინე პასუხი - მოკლედ, მე კითხვები აღარ დამრჩა. დავინახე, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი რეალობა, ხალხის არცთუ ისე ცოტა ნაწილი კი მისგან აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაში ცხოვრობს. მოვისმინეთ და დადასტურდა ის, რომ ყველაფერს, რაც ქვეყანაში, მის გარემოცვაში ხდება, მისგან აქვს მწვანე ანთებული. ივანიშვილი კმაყოფილია იმით, რაც მის გარემოცვაში ხდება და საზოგადოებისგანაც ითხოვს იმას, იყოს კმაყოფილი იმით, რასაც მას ხელისუფლება სთავაზობს.

სიმართლე გითხრათ, ბოლო თვენახევარში განვითარებული მოვლენების ფონზე, მე მაინც ვფიქრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ინტერვიუ იყო შანსი, იმ გარემოცვისგან გათავისუფლების, რომელიც მას ქვევით მიაქანებს”- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მოსაზრებებით და ამბობს, რომ როგორც ჩანს, ექსპრემიერს აქვს გეგმა როგორც „რუსთავი 2"-ის, ისე განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ.

„ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი იყო ერთწლიანი ვადა, რომელსაც ის მათ შორის საკუთარ გუნდს უყენებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში "ყველას თავისი სახელი დაერქმევა". ეს არის გაფრთხილება მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილის რეალობას არ მიიღებს.

რას მოიმოქმედებენ ამ ერთი წლის განმავლობაში - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც ინტერვიუდან გავიგეთ, ეს არის პიარ-ჯგუფების შექმნა, რომელიც ივანიშვილის დავალებით "რუსთავი 2"-ს თავის ადგილს მიუჩენს."- განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძეს ივანიშვილის მუქარამ 2012-15 წლების მოვლენები გაახსენა, როცა მისი თქმით, “ქართული ოცნების“ პიარჯგუფი, საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანების "ჩარეცხვას" ცდილობდა.

"ყველა წონადი ფიგურა, რომლებიც მათი თვალით დანახულ რეალობას არ ეთანხმებოდა, იყო ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული, სტრატეგიული შავი პიარის ობიექტი. კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ეს აგრესიული მუხტი თითქოს შენელდა. დღევანდელი მთავრობის მხრიდანაც არ შეინიშნებოდა თავდასხმები და აგრესია განსხვავებული აზრის მიმართ. გუშინ კი ფაქტობრივად, დააანონსდა, რომ თუ ვინმე შემორჩა, ვინც ყოფილი პრემიერის რეალობას არ იზიარებს, ამ ადამიანების მიმართ დაიწყება მიზანმიმართული ლაფის შესხმის კამპანია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ მხოლოდ შავი პიარით შემოიფარგლა: არ ვიცი ძალისმიერი ბერკეტების გამოყენებაზე გადავა თუ არა „ქართული ოცნება“, მე მათ სტრატეგიას არ ვიცნობ, თუმცა ეს არჩევნებიდან მალევე გამოჩნდება"- აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ აჩვენა, რომ ყოფილი პრემიერის მიერ მოწონებულ საპრეზიდენტო კანდიდატს გუნდის შიგნით მხარდამჭერები არ ჰყავს.

"ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქართულ ოცნებაში დღეს მყოფი ადამიანების და წევრების ნაწილიც კი არ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს. მეორე რაც მისი საუბრიდან გამომდინარეობდა, არის ის, რომ არც „ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები აძლევენ ქალბატონ სალომეს ხმას. რეალობა არის ის, რომ მთელი „ქართული ოცნების“ ლიდერშიფია დარაზმული მის გადასარჩენად. ისინიც კი, ვინც მის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენების წინააღმდეგი იყო, იძულებულია ამ საარჩევნო კლიპებში გამოჩნდეს. წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რა დღეში არიან"- თქვა "ნიუპოსტთან" ლაგაზიძემ.

როგორც ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სამართლიანი არჩევნების პირობებში, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს.

"მიუხედავად, "ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 53% -ით პირველ ტურში გაიყვანენ, თავად ჩვენზე უკეთ იციან, რომ ობიექტური არჩევნების პირობებში მეორე ტურში გადასვლის პრობლემაც შეიძლება დაუდგეს ამ ქალბატონს"- თქვა ლაგაზიძემ.