ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღევანდელი ტელედებატები, პრაქტიკულად, ვეღარაფერს შეცვლის
10 ოქტომბერს პრეზიდენტობის სამი კანდიდატის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სატელევიზიო დებატები 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ტელე და რადიოეთერში გაიმართება სალომე ზურაბიშვილს, დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს შორის.
პირველმა არხმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობა მისცა, დებატებში გამოიწვიონ ერთმანეთი და შეთანხმების შემთხვევაში საეთერო დრო დაუთმოს.
დებატების განრიგი და რიგითობა კენჭისყრის შედეგად საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ დღევანდელ დებატებში ყველაზე სუსტი რგოლი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ორივე კანდიდატის თავდასხმის მთავარი ობიექტი გახდება. მათი აზრით, დებატიებს მთავარი თემა და ბრალდება ცხრა წელი და რუსეთის ინტერესების გატარება იქნება.ისინი ვარაუდობენ, რომ დებატებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იაქტიურებს, თუმცა გამორიცხავენ, რომ დებატები ამომრჩეველზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს. მათი აზრით, ამომრჩეველს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საქართველოში დებატები არ არის ის პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც ამომრჩევლის გადაბირებაზე მუშაობს.
ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, სამივე კანდიდატისთვის ერთმანეთთან დებატი ხელსაყრელია და საკმაოდ კომფორტულად იგრძნობენ თავს, განსხვავებით დავით უსუფაშვილისგან, რომელსაც დებატზე არც ერთი მათგანი არ თანხმდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უსუფაშვილი სამივე მათგანზე კომპეტენტურია და მის წარსულსაც წამოსაძახებლად ვერ გამოიყენებენ.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებში ყველაზე აქტიური "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება და ის შეეცდება, სალომე ზურაბიშვილს გარკვეული სახის შეცდომები დააშვებინოს.
ზურაბიშვილი კი, ვარაუდობს პოლიტოლოგი, დებატებისას საუბრის სტილად "ჩვეულ ქედმაღლურ-ცინიკურ ტონს აირჩევს". შეიძლება ის "ოცნების" მიერ სხვაგვარად იყოს დარიგებული, მაგარმ თავის ჩვეულ სტილს არ უღალატებს.
ლაგაზიძე ფიქრობს, რომ "ევროპული საქართველოს" კანდიდატი დავით ბაქრაძე ნაკლებად აქტიური იქნება და მთავარი ორთაბრძოლა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის გაიმართება.
პოლიტოლოგის აზრით, დებატის მთავარი თემა რუსეთის ინტერესების გატარება და ამ კუთხით ურთიერთბრალდებები იქნება. ვაშაძე მუდმივად შეეცდება, ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის განცხადებებზე მოსთხოვოს პასუხი, ხოლო ზურაბიშვილი მას რუსეთის მოქალაქეობასა და მოსკოვში დიპლომატიურ საქმიანობას წამოაძახებს.
"მთავარი დებატები, რა თქმა უნდა, ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის გაიმართება. ბაქრაძის აქტიურობა ნაკლებად მოსალოდნელია. დებატის მთავარი თემა რუსეთი, ცხრა წელი და დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია იქნება. ვაშაძე შეეცდება, ზურაბიშვილს ცუდი ქართულის ფონზე ბევრი შეცდომა დააშვებინოს. ეს იქნება ურთიერთბრალდებების დებატი. ზურაბიშვილი ორივეს - ბაქრაძესაც და ვაშაძესაც 9-წლიან მმართველობას შეახსენებს.
"სამივე მათგანისთვის ერთმანეთთან დებატი საკმაოდ კომფორტული იქნება, რადგანაც ერთმანეთისთვის წამოსაძახებელი ბევრი აქვთ. იმიტომ არ თანხმდებიან დავით უსუფაშვილთან დებატებს, რომ სამივე მათგანისთვის ყველაზე რთული კონკურენტია, მით უმეტეს ზურაბიშვილისთვის, უსუფაშვილის ფონზე ის ცარიელ ადგილად წარმოჩინდება, გააცამტვერებს.
"სახელწიფოებრივად მოაზროვნე კაცის გვერდით დებატში ჯდომა განადგურებას ნიშნავს. "ოცნების" შტაბში უსუფაშვილის ეშინიათ. ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც მმართველმა გუნდმა დაკარგა, ხმას უსუფაშვილს აძლევს. მათ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვეს, დავით უსუფაშვილს რომ არ დაუჭირეს მხარი", - აცხადებს ლაგაზიძე "რეზონანსთან".
მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დებატების შემდგომ კანდიდატების რეიტინგს გაზომავს. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური კულტურა, რასაც დებატები ჰქვია, შასაბამისად, პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში დებატებს უფრთხიან. ამერიკაში, პირიქით, დებატებს არჩევნების წინ ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ამ დებატებს ამომრჩეველზე არანაირი გავლენა არ ექნება.
ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამომჩევლის უმრავლესობას დღევანდელი დებატების მონაწილეებიდან არც ერთი არ მოსწონს და, შესაბამისად, ეს დებატებიც მათ მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ გაუზრდის. მისი აზრით, ვინც არჩევნებზე მიდის, მას გადაწყვეტილებაც უკვე, დიდი ხანია, მიღებული აქვს და ეს დებატები მხოლოდ სანახაობის როლს შეასრულებს.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დებატებში სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება და იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, ის ყველაზე სუსტი რგოლია.
"სალომე ზურაბიშვილის დებატებში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზეც იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, სამივეს - ვაშაძესაც, ზურაბიშვილსაც და ბაქრაძესაც ერთმანეთთან დებატები არ გაუჭირდებათ, რადგან ერთმანეთზე წამოსაძახებელი ბევრი აქვთ. ვხედავთ, რომ უსუფაშვილი დებატებს აქეთ იხვეწება, ზურაბიშვილსაც შესთავაზა, მაგრამ არავინ თანხმდება.
"უსუფაშვილი სამივე ამ კანდიდატისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ის თავისი პოლიტიკური კვალიფიკაციითა და განვლილი გზით ყველაზე უკეთესად გამოიყურება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი რესურსები და შესაძლებლობები დამაკმაყოფილებელი არ არის, ასეთი კანდიდატის იგნორირებას ახერხებენ. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დრამა.
"არ ველი, რომ ამ დებატებით რამე შეიცვლება, უბრალოდ, ეს იქნება სანახაობა და საკუთარი ამომრჩევლისთვის იმის დამტკიცება, რომელი უფრო მაგარია", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".