“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ქართულ სიტყვას” “ჯაშუშურ სკანდალსა” და პრეზიდენტის გემოვნებაზე ესაუბრა.
ბატონო დავით, მოდით, გამოტყდით, თქვენც ჯაშუში ხართ?
- რა თქმა უნდა, მეც ჯაშუში ვარ! ყველა, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, რუსეთის აგენტები, საუკეთესო შემთხვევაში კი, რუსული პროპაგანდის მიერ აღზრდილი მონაა! მოკლედ, თუ აგენტობისთვის დაგვიჭერენ, რა პრობლემაა, ვაღიარებთ დანაშაულს!
ისე, თუკი უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის გადაცემაზეა ლაპარაკი, საქართველოს “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი ინტერვიუს მხოლოდ რუსულ გამოცემებს აძლევს და ეს არაა “ჯაშუშობა”?
- როგორ გეკადრებათ?! ვანოსთვის ყველაფერი შეიძლება, ჩვენთვის კი, - არაფერი. ცნობილი ანდაზის არ იყოს, რაც იუპიტერს ეპატიება, ხალხს ის არ ეპატიებაო (იცინის).
ბატონო დავით, რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ფოტორეპორტიორების დაჭერა, მით უმეტეს, საქმე პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს ეხება...
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი, რაც ეჭვს არ იწვევს, ისაა, რომ ამ ხალხის დაკავება პირადად პრეზიდენტის დავალებით მოხდა, წარმოუდგენელია, სხვანაირად ყოფილიყო. მართალია, სააკაშვილმა თქვა, ნახევარი საათით ადრე გავიგე, რომ ჩემს ფოტოგრაფს იჭერდნენო, მაგრამ ცხადია, ამას ჩვენ არ «ვჭამთ». საკმაოდ დამაჯერებლად მეჩვენება აბდალაძის პირველი ჩვენება, ანუ 26 მაისს გადაიღო სპეცრაზმის მიერ ხალხის დარბევა, მერე, ეს ფოტოები უცხოურ გამოცემებში აღმოჩნდა და პრეზიდენტმა ფოტოგრაფებზე ჯავრი, რა თქმა უნდა, ამის გამო იყარა. პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ქურციკიძეს რუსეთის სპეცსამსახურის ორი თანამშრომლის ტელეფონის ნომერი ჰქონდა, მაგრამ მერე რა? ეს არაფერს ნიშნავს. აბდალაძე ბრალს არ აღიარებდა, მაგრამ «მიაწვნენ», სანამ აღიარებითი ჩვენება არ ჩამოართვეს, ვერ მოისვენეს და ვაი, საოცრებავ: გამოვიდა, რომ აბდალაძე სტაჟიანი ჯაშუში ყოფილა და ამ საქმეს, თურმე, 2000 წლიდან ეწეოდა...
სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ვერ გაითვალისწინეს ის რეაქცია, რაც ფოტოგრაფების დაჭერას მოჰყვებოდა. აშკარად არ ეგონათ, რომ ფოტორეპორტიორები აღქმული იქნებოდნენ ჟურნალისტებად და მედიის წარმომადგენლებად. ამიტომ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს შეკერილი საქმეა.
სხვათა შორის, უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმაც აღიარა, საკმარისი მტკიცებულებები არაა, რომ ამ ბიჭების ჯაშუშობა დავიჯეროო...
- გიგი წერეთელი რომ ამას იტყვის, აბა, წარმოიდგინეთ, სხვები რას იფიქრებენ?! მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს, ეს თემა მოკლას და მიაფუჩეჩოს, რადგან მასზე ბევრი ლაპარაკი და ხმაური არ გაგრძელდეს. ამ თემის ირგვლივ ბევრი ლაპარაკი ყველაზე მეტად სააკაშვილს უშლის ნერვებს და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს თემა არ გავაციოთ.
მაინც, რა სჭირს ხელისუფლებას, ჯაშუშომანია რატომ შეეყარა?
- ეს ავტორიტატული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდია, ანუ ქმნის მტრის ხატს, აი, ჯაშუშები და აგენტები მებრძვიან, მტრები მყავსო.
იმი გამო, რომ ფოტორეპორტორებს სოლიდარობას ვუცხადებდით, გრიგოლ ვაშაძემ ქართველი ჟურნალისტები «ე.წ. მედიად» მოგვნათლა. წესიერ ქვეყანაში ასეთი განცხადების გამო საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ალბათ, თანამდებობას დატოვებდა, არა?
- სულ მაგ ჭკვაზეა ვაშაძე, რომ გადადგეს. ამ ქვეყანაში ყველაფერს სააკაშვილი და მერაბიშვილი წყვეტენ. უბრალოდ, ზოგიერთ მინისტრს «მესიჯები» «დაურიგეს», საჯაროთ თქვით, რომ ფოტოგრაფებზე სერიოზული მტკიცებულებები არსებობს და რომ გამოვაქვეყნებთ, ყველას შეგრცხვებათო. მართალია, რაღაც ნაბოდვარის გასაჯაროება მოხდა, მაგრამ ამით არავის შერცხვენია. ასე უნიჭოდ და ნაჩქარევად შეთითხნილი საქმე იშვიათად შემხვედრია.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფოტორეპორტიორების დასაცავად აქციები უკრაინასა და რუსეთშიც გაიმართა...
- ჟურნალისტებს აქვთ პროფესიული სოლიდარობა და რეპორტიორების დაკავებას მსოფლიო მასშტაბის რეზონანსი ამიტომაც მოჰყვა. ამათ არ ეგონათ, რომ ამ საქმეს მედიაზე ზეწოლის კვალიფიკაცია მიეცემოდა. ისე, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ნოუ-ჰაუ ეკუთვნის...
რისთვის?
- არ გამიგია, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში საპროცესო შეთანხმება შემოსავლის წყარო იყოს. საქართველოში კი, «საპროცესოთი» უამრავი ფული შედის ბიუჯეტში. ამიტომაც არიან დაინტერესებულნი ბევრი ხალხის დაჭერით. ფული რომ შემოაკლდებათ, მორიგი მსხვერპლის ძებნას იწყებენ. ეს ცინიზმია და არ შეიძლება, თავმოყვარე საზოგადოება ამას იტანდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლიის შემდეგ, ეს საშინელება, ანუ საპროცესო გარიგება წარსულს ჩაბარდება. სხვათა შორის, ამერიკაში ეს მეთოდი უკვე გაუქმდა. მოკლედ, მსოფლიო ისტორიაში პირველად ადამიანის დაპატიმრება სერიოზულ შემოსავლად იქცა.
ბატონო დავით, ახლა კი, მოდით, სააკაშვილის გამონათქვამებიც გავაანალიზოთ. ადრე პრეზიდენტი არასასურველ ადამიანებს “ჩარეცხილებს” ეძახდა. ახლა კი, ოპონენტებს “რუსული მონური აზროვნების” “პირმშოებად” მიიჩნევს და მათი მისამართით ამბობს, “ვაი, შენს პატრონსო”...
- ვიცით, პრეზიდენტი როგორც უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ სააკაშვილი ასეთია და მისი გამოსწორება აღარ იქნება. რაც პრეზიდენტი გახდა, სულ ასე ლაპარაკობს. მის არაკორექტულ გამონათქვამებზე თავიდან საზოგადოებას რეაქცია ჰქონდა, ახლა კი, ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ, სააკაშვილიც უმატებს და უმატებს. მან ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა და საკუთარ თავს ყველაფერი უფლებას აძლევს. მაგალითად, ამასწინათ რუს ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, ბათუმი ჩემი ქალიშვილიაო. ჰოდა, როგორც «ქალიშვილს», «აცმევს», ალამაზებს, მერე, სტუმრები რომ მოვლენ, აჩვენებს, თუ როგორ უვლის. ამ დროს კი, ვიღაც ხელოვნებათმცოდნე წერს, რა სისულელე ჩააცვი შენს «ქალიშვილსო». ამის გამო გაგიჟდა სააკაშვილი, რას ქვია, როგორ გამიბედეო. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის პუბლიკაცია, მართლაც, საინტერესოდ და პროფესიონალურად იყო დაწერილი... რაც შეეხება გოგი გვახარიას, მან პუბლიკაცია სამი თვის წინ გამოაქვეყნა და ბათუმის ბულვარს საერთოდ არ ეხებოდა. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, თვითონ არ დაძვრება ბლოგებზე, რომ ეს ნაწერები წაეკითხა. უბრალოდ, მიუტანეს ინფორმაცია, ამან შენზე აუგი თქვა შენზე და გემოვნება დაგიწუნაო. მასაც მეტი რა უნდოდა და იფეთქა, მაგათ ვაჩვენებ სეირსო, გამოხტა და დაიწყო სისულელეების ლაპარაკი. ისე, მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ეს ხალხიც არ გამოაცხადა მეზობელი ქვეყნის აგენტებად.
ისე, სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებიაო, თუმცა კრიტიკა, როგორც ჩანს, ძალიან აღიზიანებს...
- ასეთი ხასიათი აქვს და ამიტომ ბრაზდება, ეს ნაკლი ყოველთვის ჰქონდა. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, არც მაშინ ხვდებოდა კრიტიკას ტოლერანტულად. ის, ვინც აკრიტიკებს, სააკაშვილს მტრად მიაჩნია. ამიტომ, სანამ ცხვირს არ წაიტეხს, მანამ ვერ მიხვდება, რომ ბევრ რამეში ცდება. მაგალითად, ფოტოგრაფების საქმის მსგავს საქმეს აღარ გაიმეორებს, რადგან ნახა, ამას რამხელა რეზონანსი მოჰყვა და კიდევ კარგი, მაგდენს მაინც ხვდება, რომ ეს სიტუაცია მისთვის მომგებიანი არაა.
ისე, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს, რომელიც ირწმუნება, ბათუმი ნიცა ვერასოდეს გახდებაო, ეთანხმებით?
- სააკაშვილის ლაპარაკი ძირითადად საქართველოს მოსახლეობისთვისაა განკუთვნილია, რომელის აბსოლუტურ უმრავლესობას ნიცა არც უნახავს და შეიძლება, ვერც ნახოს, მაგრამ იმას, ვისაც ნიცა ნანახი აქვს, სააკაშვილი ვერ “დააბოლებს”. იმის თქმა, რომ ბათუმი ნიცას აჯობებს, ფოთი კი - ბარსელონას, ღრმა პროვინციალიზმია, რას ან ვის ეჯიბრები?!
ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ განახლებული ბათუმი მოგწონთ?
- სინამდვილეში, ყველაზე მეტად გემოვნებაზე დაობენ. პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რომელ შენობას რა ფრად შეღებავენ. ცივილიზებულ ქვეყნებში პრეზიდენტს არქიტექტურული საკითხების გადაწყვეტა არ ეხება, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმის სტილია, რომ პირველმა პირმა გადაწყვიტოს, სად, რა, როგორ აშენდეს და ყველა ლენტი მან გაჭრას. ფიდელ კასტრო ამდენი ხანია, დიქტატორია, დამყარებული აქვს ტოტალიტარული რეჟიმი, მაგრამ მშენებლობებით არ იკლავ თავ. სამაგიეროდ, ჩვენს პრეზიდენტს აქვს მშენებლობების მანია და ეს სიჯანსაღის ნიშანი არაა. ისეთი ქვეყანა უნდა შევქმნათ, სადაც პრეზიდენტის გემოვნება პრობლემა არ იქნება.
ბატონო დავით, ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება "გასინგაპურებას' გვიპირებს...
- სინგაპური ათეისტური სახელმწიფო და თავისებური ქვეყანაა, სადაც დემოკრატიის ნასახი არაა და აბსოლუტური ავტორიტარიზმია გამეფებული. სინგაპურში ორი ეთნიკური ჯგუფია - მალაელები და ჩინელები, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, თავიანთ ეთნიკურ წარმომავლობაზე ისაუბრონ და გაიძახიან, სინგაპურელები ვართო. სინგაპურში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია არ არსებობს... რითი განასხვავდება საქართველო სინგაპურისაგან? პირველ რიგში, გეოგრაფიული მდგომარეობით - სინგაპურში უდიდესი საკვანძო პორტია, რომლის მეშვეობითაც მოხდა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება. იქ ისეთი ტვირთბრუნვაა, რომ ჩვენ ვერასოდეს დაგვესიზმრება... ევროპელები გვეუბნებიან, თუ დემოკრატია გინდათ, სინგაპურიზაციაზე უარი თქვითო.
P.შ. დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუ უკვე ჩაწერილი მქონდა, დაპატიმრებული ფოტოგრაფები საპროცესო გარიგებით რომ გაათავისუფლეს. ბუნებრივია, ბატონ დავითს შევეხმიანე. “ხელისუფლება იძულებული გახდა, ფოტოგრაფების გათავისუფლებით უკან დაეხია და ამ ნაბიჯის გადადმით, ისედაც სამარცხვინო ხელისუფლება კიდევ ერთხელ “გაბანძდა”, რადგან დაინახა, რომ პროტესტი არ ჩაცხრებოდა და თუ არა მათი გათავისუფლება, საერთაშორისო სკანდალს ვერ ასცდებოდა”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა