გადმოდიან თუ არა აფხაზი კრიმინალები ენგურს აქეთ საყაჩაღოდ და საძარცვავად

გადმოდიან თუ არა აფხაზი კრიმინალები ენგურს აქეთ საყაჩაღოდ და საძარცვავად

ოკუპირებულ აფხაზეთში წლებია კრიმინალი - ყაჩაღობა, ძარცვა, ადამიანის გატაცება, იარაღით ვაჭრობა და საერთოდ, ნებისმიერი სახის კანონდარღვევა ჩვეულებრივი თემაა და წლიდან წლამდე, კრიმინოგენული ვითარება უარესდება. ასევე არც თუ ისე იშვიათადაა აფხაზი კრიმინალების მხრიდან გალელი ქართველების გატაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა. თუმცა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე აფხაზი კრიმინალების ჩართულობით ადამიანის გატაცება პირველად გახმაურდა.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას, როდესაც ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცების საქმეზე თბილისსა და წყალტუბოში 10 ადამიანი დააკავეს და როგორც საქმის პროკურორმა აცხადებს, ბიზნესმენის გატაცების სქემაში ჩართული იყვნენ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები და ასევე, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძეს შვილის გათავისუფლების მიზნით 3 მილიონ ლარს სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან სთხოვდნენ.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში ადგილობრივი კრიმინალებისთვის ადამიანების გატაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა ლამის ჩვეული საქმიანობაა და ამ საქმეში აფხაზებთან ერთად ქართველი კრიმინალებიც არიან ჩართულები, თუმცა მისი თქმით, აფხაზი კრიმინალების მიერ ადამიანების გატაცება ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც წესი, ისინი საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე კრიმინალური მიზნით არ გადმოდიან.

„თუ გადმოდიან, სხვა მიზნით. მაგალითად, ვიცი, რომ კრიმინალური ავტორიტეტი თბილისში `ცე~ ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობდა. საყაჩაღოდ აფხაზი აქეთ არ გადმოვა. შესაძლოა ქართველმა გაიტაცოს აქ და შემდეგ გადაიყვანოს ოკუპირებულ მხარეს.

`აფხაზი კრიმინალების მხრიდან ადამიანებს გატაცებას დიდი ხნის განმავლობაში სისტემურ ხასიათი ჰქონდა. გაგახსენებთ ერთ ეპიზოდს, როდესაც 2005 წელს სამეგრელოს გუბერნატორმა მიხეილ არდიამ ზუგდიდში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს განუცხადა - ახლა სამეგრელოში ხალხს ფული გაუჩნდა და მაგალითად, აფხაზებმა იტობაიადან სამი დღის წინ ადამიანი გაიტაცეს და ოჯახმა გამოსასყიდი მალე იშოვაო. ასეთი გატაცებები გალის რაიონში 2008 წლამდე ძალიან ხშირი იყო. თუმცა ბოლო წლებში არ გამიგია," - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, ის, რომ აფხაზი კრიმინალები ადამიანის გატაცებაში არიან ჩართული, ეს ცნობილია. თუმცა ისიც ცნობილია, რომ აფხაზი კრიმინალები მარტო არ არიან, ქართველ კრიმინალებთან ერთად ხდება ასეთი ამბები.

როგორც არეშიძე ამბობს, ორი ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდია აფხაზეთში, ნიკოლოზ დგებუაძე, იგივე ნიკა გაგრინსკი და მურმან ლემონჯავა გალიდან და მათ ახლა აფხაზ კრიმინალებთან დიდი დაპირისპირება აქვთ გავლენების გადანაწილების გამო.

„წელს აფხაზეთში დიდი გარჩევებიც იყო ქართველ და აფხაზ კრიმინალებს შორის. გუდაუთაში მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდი რაულ ბარცბა, იგივე პიზა თავის მოქმედებას ეროვნულ ნიშანს ადებს და აცხადებს, რომ აფხაზეთში ეთნიკურად აფხაზებს აქვთ უპირატესობა. `ქურდულ სამყაროში~ კი ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამის გამო დაპირისპირებაა.

`გალში ინახებოდა ქართველი `ქურდების~ ე.წ. ობშიაკი და პიზამ 300 კაცით ჩააკითხა გალში მურმან ლემონჯავას და მოითხოვა ქართველებისგან „ობშიაკი" მას გადასცემოდა. ამ გარჩევაში ჩაერია მთელი მოსკოვის კრიმინალური ავტორიტეტების ჯგუფი, რუსეთიდან გალელმა ქურდმა კახაბერ ფარფალიამ დარეკა და გალელებს თანხის ბარცბასთვის გადაცემა ურჩია, სისხლისღვრა რომ აეცილებინათ.

`ეს გარჩევები ისევ გრძელდება. ქართველო კრიმინალები აფხაზეთში დიდ გავლენებს ფლობდნენ, სანამ „პიზამ" არ დაიწყო ბოლო ორი წელია ეთნიკური თემის წინ წამოწევა," - ამბობს არეშიძე.

„ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, კრიმინალს საზღვარი არ აქვს და ყველა ქვეყნის კრიმინალები ერთ ჩარჩოში მოქმედებენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართველი კრიმინალები და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დაჯგუფებები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთობებში არიან.

„როცა გაჟღერდა, რომ დაგეგმილი იყო გატაცებული ადამიანი ოკუპირებულ მხარეს უნდა გადაეყვანათ, ეს მიანიშნებს, რომ საქმეში აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაგჯუფებები იყვნენ ჩართულები და ამიტომ სრულიად გამართლებულია, როცა პროკურატურა ამ ვერსიას განიხილავს. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს გალის რაიონში კრიმინალური სამყაროს ქართველი წარმომადგენლები ჩააჩოჩეს და ახლა აფხაზები აკონტროლებენ იმ ტერიტორიას. შესაბამისად, შესაძლოა ქართველი ბიზნესმენის შვილის გატაცებაში სწორედ აფხაზები იყვნენ ჩართულები.

`დაზუსტებით არ ვიცი, ადრე ყოფილა თუ არა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზი კრიმინალების აქტიურობა, ან აქ გატაცებული ადამიანის აფხაზეთში გადაყვანა, თუმცა ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს 25 წელია მუდამ იყო ფაქტები, როდესაც ძალიან ბევრი კრიმინალი, რომელიც დანაშაულს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩადიოდა, შემდეგ აფხაზეთში გადარბოდა. ან პირიქით - კრიმინალები, რომლებიც აფხაზეთში ჩადიოდნენ დანაშაულს, გადმორბოდნენ ენგურს გამოღმა.

`კრიმინალებს სულ სხვა ურთიერთობები აქვთ, მათ არ იციან საზღვრები და ერთმანეთში ურთიერთობენ და ეხმარებიან ერთმანეთს," - ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, როცა სახელმწიფო სისუსტეს იჩენს, კრიმინალური მოქმედებები უფრო ძლიერდება და ამიტომ უსაფრთხოების სამსახურმა ადმინისტრაციული ხაზის კონტროლი უნდა გააორმაგოს.

ცქიტიშვილის თქმითვე, ამ შესუსტებული კონტროლის გამოცაა ის, რომ ბოლო წლებში, მაგალითად, ძალიან მომატებულია აფხაზეთიდან სიგარეტის კონტრაბანდა და აქაც ეს პროცესი აფხაზი და ქართველი კრიმინალების შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა, პლუს ამას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობაც სჭირდება.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ასეთი წესია - თუ ვინემ სადმე ფულს აკეთებს, მას წილში აუცილებლად უზის კრიმინალი, თუნდაც იმისათვის, რომ, მაგალითად, ტვირთების გადატანის პროცესში ამ ტვირთების დაყაჩაღება არ მოხდეს. ამიტომ კრიმინალიტეტი აუცილებლად იქნება კონტრაბანდასთან. ზუგდიდში გადმოტანის შემდეგ კი უფრო სახელმწიფოს მიერ დაშვებული რაღაც შეღავათი მოქმედებს. საუბარი იყო, რომ სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია მფარველობდა ამ კონტრაბანდას, თუმცა ფაქტის გამოძიება არ ყოფილა და რაიმეს მტკიცება რთულია," - ამბობს ცქიტიშვილი.