აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი რუსეთში იმისთვის ჩადის, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად აცნობოს საშუალო და მცირე მოქმედებების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის თაობაზე.
ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუ იორკ თაიმსმა" თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათი ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი მომავალ კვირას ოფიციალურად გამოაცხადებს ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის დაწყების პროცედურის შესახებ.
შეთანხმება საშუალო და მცირე მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა და მას მაშინდელი სსრკ-სა და აშშ-ის ლიდერები - მიხაილ გორმაჩოვი და რონალდ რეიგანი აწერდნენ ხელს.
რას გამოიწვევს აღნიშნული შეთანხმების ჩაშლა - ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არაა, რადგან ის ხშირად უთითებდა რუსეთს მოსკოვის მხრიდან ამ შეთანხმების დარღვევევის შემთხვევებზე.
„აშშ-ის მიერ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა არ არის მოულოდნელი და არც უსაფუძლო. შესაძლოა სხვა გამოსავალი ვერ მოიძებნა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების უხეში დარღვევის ფაქტებზე, ამერიკა რუსეთს დიდი ხანია უთითებს და მოითხოვს მისგან, შეწყვიტოს ეს მოქმედება და გამოსავალი მოძებნონ შექმნილი სიტუაციიდან.
„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რუსეთი ამ მოთხოვნას იგნორირებით პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთს არცერთხელ არ დაურღვევია ეს ხელშეკრულება, პირიქით, ამაში ამერიკის შეერთებულშტატებს ადანაშაულებს. ამგვარ ბრალდებათა ურთიერთგაცვლაში შესაძლებელია რეალური საფრთხე შეიქმნას მსოფლიოს მშვიდობისათვის," - აცხადებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
მან საშუალო და მცირე მოქმედებების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ აშშ ცდილობს ამ ნაბიჯით რუსეთი აიძულოს, აღნიშნული საკითხის სერიოზული განხილვა.
„ეს არის რაკეტები ბირთული ქობინებით, რომელიც არ მიეკუთვნება სტრატეგიულ იარაღს. ეს არის საშუალო და მცირე მანძილის სარაკეტო იარაღი. მათი შეზღუდვის და გარკვეული ტიპის ამ იარაღის განადგურების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა თავის დროზე და ეს ჩაითვალა ბირთული საფრთხის თავიდან აცილების გზაზე გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად.
„უკანასკნელ პერიოდში რუსეთმა დაიწყო ამგვარი ტიპის იარაღის შექმნა, მისი აღჭურვა ბირთული ქობინებით და ამერიკის მიერ ამ სახის დარღვევებზე მითითებას პასუხობს ისე, როგორც დღემდე პასუხობს. ამერიკის ეს ნაბიჯი არის იმისათვის, რომ რუსეთი სერიოზულად მიუდგეს ამ პრობლემის გადაწყვეტას.
„ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში არის აშშ-ის მიერ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ რუსეთი აიძულოს დაბრუნდეს კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან და სერიოზულად განიხილოს ეს საკითხი და არა ისე, როგორც რუსეთი მას დღემდე უდგება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.