„იმედი მაქვს, რომ უხერხულობამდე არ მივა პროცესი“ - გამზარდია

„იმედი მაქვს, რომ უხერხულობამდე არ მივა პროცესი“ - გამზარდია "იბერიის" სახელფასო დავალიანებაზე

„მე ისეთივე თანამშრომელი ვარ „იბერიის," როგორც სხვა დანარჩენი. შესაბამისად, ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვართ. ეს არის მიმდინარე ანაზღაურება ბოლო ორი კვირის და ლოგიკურია, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება თანამშრომლებისადმი," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ტელეკომპანია „იბერიის"ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.

„იბერიას" თანამშრომლები მენეჯმენტს შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუკი თანამშრომლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამართლებრივი დავა არ გამოირიცხება.

გამზარდია იმედოვნებს, რომ პროცესი სასამართლომდე არ მივა და „უხერხულობა" არ შეიქმნება. მისი თქმით, იგი პირველ რიგში ტელეკომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დაელოდება.

„სამწუხარო რეალობა დადგა რომ მედია გაჩერდა, მაგრამ თანამშრომლების სოციალური უფლებებიც, ბუნებრივია, უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში დაველოდები ტელეკომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ჩვენ სიტყვიერი თანხმობა მიღებული გვაქვს. გვითხრეს, რომ თანამშრომლებთან მიმართებაში ყველა სოციალურ ვალდებულებას კომპანია საკმოად მოკლე ვადაში შეასრულებს.

„მე ტელევიზიის თანამშრომლების ისეთივე ნაწილი ვარ, როგორც დანარჩენი. ჩვენ, ბუნებრივია, თანაბარ მდგომარეობაში ვართ და უფლებების დაცვა თანაბრად გვჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უხერხულობამდე არ მივა პროცესი. ამ ეტაპზე სიტყვიერი თანხმობა და შეპირება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ტელევიზიის თანამშრომლებმა დირექტორს წერილით მიმართეს და მოუწოდეს მათ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. წერილში საუბარია ანაზღაურების შესახებ, ისინი კომპანიისგან ერთი თვის ნამუშევრის ანაზღაურებას ითხოვენ. თუკი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „იბერიის" თანამშრომლებს ხელშეკრულებას გაუწყვეტს, ისინი ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ტელეკომპანია „იბერიას" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჯიბღაშვილის თქმით, ხელმძღვანელობა თანამშრომლებს უპასუხისმგებლოდ მოექცა და ინფორმაცია ტელევიზიის დახურვის შესახებ სხვა მედიასაშუალებებიდან გაიგეს.

„16 ოქტომბერს გავიგეთ სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით, რომ ტელევიზიამ შეაჩერა მაუწყებლობა და მეორე დღეს მოვითხოვეთ თათბირი. გვქონდა ბევრი კითხვა, ვიყავით თუ არა ტელევიზიის თანამშრომლები, გავაგრძელებდით თუ არა მუშაობას, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. კითხვები გვქონდა ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

„შემდეგ შევთავაზეთ, რომ ჩვენი რესურსით ვიმუშავებდით იქამდე, ვიდრე ამას შევძლებდით, ოღონდ გონივრული ვადა უნდა გვცოდნოდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი უხელფასო მუშაობა, რადგან ჩვენ უკან ოჯახები გვყავს.

„პასუხი ვერ მივიღეთ. ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან საერთოდ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლობა წყდებოდა. ჩვენს მოთხოვნას წერილობით გადავცემთ ხელმძღვანელობას. დღეს ვითვლებით თანამშრომლებად, მაგრამ არ გვაქვს მუშაობის საშუალება. გვაინტერესებს, როდის მოხდება ჩვენი კუთვნილი ნამუშევრის და კომპენსაციის ანაზღაურება," - გიორგი ჯიბღაშვილის განცხადებას „მეტრონომი" ავრცელებს.