"საქართველოს რკინიგზაში" ბატონყმური წყობილებაა

რკინიგზაში პროფკავშირული აქტიურობისთვის თანამშრომლებს ათავისუფლებენ. პროფკავშირების ინფორმაციით, გათავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა ამ ფაქტმა რეზონანსი არ გამოიწვიოს. რკინიგზელების განცხადებით, "საქართველოს რკინიგზაში" უმძიმესი სამუშაო პირობებია, ინფრასტრუქტურა მთლიანად გაპარტახებულია, ხოლო თუ ვინმე ხმას ამოიღებს, "შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის თანახმად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. "საქართველოს რკინიგზაში" გათავისუფლების ფაქტებს უარყოფენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფკავშირების ინფორმაციით, გასათავისუფლებელი ადამიანები, ძირითადად, იმ კრიტერიუმით ირჩევა, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს "საქართველოს რკინიგზაში" არსებულ მძიმე სამუშაო პირობებზე.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ "საქართველოს რკინიგზაში" განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო იარაღების ნაკლებობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა. არის შემთხვევა, როცა მუშებს სამუშაო იარაღის შეძენა საკუთარი ხელფასიდან უწევთ. საშინელ მდგომარეობაშია მემანქანეების ოთახები. რაც მთავარია, თვითონ მოწყობილობა, მოძრავი შემადგენლობა გარკვეული საფრთხის შემცველია და მომუშავეებს რისკის ქვეშ აყენებს. ამას არ ამბობს ერთი და ორი თანამშრომელი, მომუშავეების დიდი უმრავლესობა ამ პრობლემებს განიცდის. ვინც ხმა ამოიღო, გაათავისუფლეს.

"სარგებლობენ "შრომის კოდექსის" 37-ე მუხლით, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დასაქმებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გაცემის გარეშე გაათავისუფლოს. სინამდვილეში გათავისუფლების მიზეზი, ძირითადად, არის პროფკავშირული აქტიურობა, პროტესტის გამოთქმა მძიმე სამუშაო პირობებზე.

მაგალითად, სამსახურიდან დაითხოვეს, პროფკავშირების გამგეობის წევრი მერაბ თარგამაძე. იგი სამტრედიის სადგურის სათადარიგო მორიგე იყო. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად უთხრეს, რომ მისი შტატი გაუქმდა, თუმცა მორიგის თანამდებობაზე, მის გარდა, კიდევ 4 ადამიანი დღესაც აგრძელებს მუშაობას. ესე იგი შტატი არ გაუქმებულა. არ გაითვალისწინეს ის, რომ მას 2 მცირეწლოვანი შვილი და მშობლები ჰყავს, 5-სულიან ოჯახში მარტო იგი მუშაობდა. ფაქტობრივად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვეს", - ამბობს "საქართველოს რკინიგზის" პროფკავშირების გამგეობის წევრი კახა კახაძე.

მისი ინფორმაციით, მარტო დასავლეთ რეგიონის სალიანდაგო სამსახურში 30 ადამიანი გაათავისუფლეს. "თანამშრომლებს ეტაპობრივად ათავისუფლებენ, რათა ამ პროცესმა "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობისთვის უმტკივნეულოდ ჩაიაროს და არ გახმაურდეს", - ამბობს კახა კახაძე.

"საქართველოს რკინიგზის" ყოფილი თანამშრომელი მერაბ თარგამაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როდესაც სადგურში საპირფარეშოების მოწყობა და წყლის გაკეთება მოითხოვა. მისი თქმით, სამტრედიის რკინიგზის სადგურში უმძიმესი მდგომარეობაა, სადგურის მორიგეებს სკამიც კი არ აქვთ.

"ჩემი გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ ვიყავი "საქართველოს რკინიგზის" პროფკავშირების წარმომადგენელი. მოვითხოვე ყველაზე ელემენტარული, რომ სადგურში საპირფარეშო და წყალი ყოფილიყო. მორიგეებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, მათ ოთახში ადამიანი არ შეისვლება. 12 საათს ისე მორიგეობენ, რომ ჩამოსაჯდომად სკამიც კი არ აქვთ. არავის აქვს სპეცტანსაცმელი, სამუშაო იარაღების ყიდვას კი მუშებს საკუთარი ხარჯებით სთხოვენ.

ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ უმძიმეს ფაქტზე. ექიმების დასკვნებით, სადგურ "სამტრედია 2"-ის ტერიტორიაზე აღინიშნება რადიაციული გამოსხივება. აქ დასაქმებული ადამიანები იღებენ კანის მთლიან დამწვრობას. ექიმებთან მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ აქ არის მაგნიტური ველი და ეს ადამიანები სისხლის გათეთრებისა და კანის კიბოს დაავადების წინაშე დგანან. ბუნებრივია, "საქართველოს რკინიგზა" საქმის კურსშია, მაგრამ მათგან ეს პასუხი იყო - სრულ ჭკუაზე არა ხართო", - ამბობს მერაბ თარგამაძე.

"საქართველოს რკინიგზის" პარკის მორიგის - ვიტალი გიორგაძის განცხადებით, თანამშრომლების შემცირებები ჩუმად მიმდინარეობს. მისი თქმით, ნებისმიერი დასაქმებული "შიშის ქვეშ" მუშაობს, ვინაიდან ყოველდღე სამსახურიდან გაგდებას ელის.

"დათხოვნილ ადამიანებს ეუბნებიან, რომ გათავისუფლებულები არიან, შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით. ეს მუხლი კი თვითონ გულისხმობს, რომ დამსაქმებელი ვალდებული არ არის, ვინმეს რაიმე აუხსნას. თუმცა, პირად საუბრებში მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებენ, ანუ იმას, რომ რკინიგზას ამდენი თანამშრომელი აღარ სჭირდება. ტვირთბრუნვები არის შემცირებული", - ამბობს ვიტალი გიორგაძე.

რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ ლომიძე "საქართველოს რკინიგზაში" არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა მიუთითებს და აცხადებს, რომ გაუმართლებლად მიმდინარეობს მუშაკთა შემცირებები, მიზეზზე პროფკავშირს ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, არ არის დაცული მგზავრთა უსაფრთხოება, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.

ლომიძის თქმით, "საქართველოს რკინიგზას" უკვე გადაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ, რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირებთან ერთად, განიხილონ აღნიშნული საკითხები და მოხდეს მათი გამოსწორება. "რკინიგზის ადმინისტრაციას და რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირს აქვს კოლექტიური შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა ამ საკითხზე", - აღნიშნავს ლომიძე.

მისი თქმით, თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით პროფკავშირი კანონის ფარგლებში ყველა ღონეს მიმართავს. "ჩვენ ვაპროტესტებთ და ხმამაღლა ვსაუბრობთ იმ დარღვევებზე, რაც, "საქართველოს რკინიგზაშია". დავწერეთ წერილობითი განცხადებაც, მაგრამ კოლექტიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რკინიგზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებზე არ მოდის.

ჩვენ ვითხოვთ რკინიგზელთა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას. კოლექტიურ ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლები ითვალისწინებს "საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებული ადამიანების ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას", - ამბობს ჰამლეტ ლომიძე.

მისი თქმით, "საქართველოს რკინიგზაში" პასუხისმგებლობას თავს არიდებენ და არ მოდიან მოლაპარაკებებზე. "ცხადია, რიგი პირობების შესრულება ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც რკინიგზის ადმინისტრაცია შეგნებულად უვლის გვერდს. ძალიან დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ სად მიდის, ამაზე განმარტებას არავინ იძლევა. წესით, რკინიგზაში დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან ეს პროცესი გამჭვირვალეა", - ამბობს ჰამლეტ ლომიძე.

არსებული ფაქტების მიუხედავად, რკინიგზაში თანამშრომლების შემცირებებს უარყოფენ. პირიქით, "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ რკინიგზაში მოქმედებს უპრეცედენტო ხელშეკრულების ფორმა: უვადო, რაც გულისხმობს მუდმივ სამუშაო ადგილს. თუმცა, "საქარველოს რკინიგზაში" იმასაც აცხადებენ, რომ კომპანია წარმატებულად ვითარდება და მუდმივად ახდენს სტრუქტურების ოპტიმიზაციას ყველა რგოლის დონეზე, რათა სტრუქტურა უფრო მოქნილი და ეფექტური იყოს.

"ეს კი თავის თავში არ გულისხმობს შემცირებებს. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ რკინიგზელები. "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს საერთო ღირებულებით 2,8 მილიარდი ლარი, სადაც დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დამატებით დასაქმდება 6 000 ადამიანი", - აცხადებენ რკინიგზაში.

რაც შეეხება მძიმე სამუშაო პირობებს, ამ საკითხზე რკინიგზაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.