საუკუნის მაქინატორი ბერნარდ ებერსი

საუკუნის მაქინატორი ბერნარდ ებერსი

რამდენიმე წლის წინ ბერნარდ ებერსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, დღეს კი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციული სკანდალისათვის სასჯელს იხდის. ამ გაუნათლებელმა კაცმა უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო გიგანტი ისე შექმნა და დაანგრია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

ღვთისმოსავი კალათბურთელი

ბერნარდ ებერსი დაიბადა 1941 წლის 27 აგვისტოს კანადის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ედმონტონში. მამამისი ათასგვარი მძიმე სამუშაოთი წელს იწყვეტდა, მაგრამ ოჯახს ლუკმა-პურისათვის ფული თითქმის არასოდეს ჰყოფნიდა. სამაგიეროდ, მშიერ პატარა ბერნის მშობლები სულიერ საზრდოს არ აკლებდნენ და ღვთისმოშიშ ბავშვად ზრდიდნენ.

სანამ ებერსი სკოლაში სწავლობდა, მისმა ოჯახმა კალიფორნიაში, ნავახოს ტომის ინდიელთა რეზერვაციაში ცხოვრება და უკან, ედმონტონში დაბრუნება მოასწრო. ალბათ ამიტომ იყო, რომ ბიჭს სწავლა არ უყვარდა. სამაგიეროდ, კალათბურთზე გიჟდებოდა, თუმცა, დიდად გამორჩეული მოთამაშე არ იყო. მისი ბავშვობის მეგობრები იხსენებენ, რომ ბერნი ტყუილს არასოდეს ამბობდა, როგორც ჩანს, მკაცრი აღზრდა თავის გავლენას ახდენდა.

სკოლის დასრულების შემდეგ ებერსმა ალბერტის უნივერსიტეტში ფიზ-აღზრდის მასწავლებლის სპეციალობაზე ჩააბარა, მაგრამ ცუდი სწავლის გამო გარიცხეს. შემდეგ მიჩიგანის შტატის „კელვინის“ კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ იქაც ვერ ივარგა. საბოლოოდ, იგი მშობლიურ ედმონტონში დაბრუნდა და დღისით პურისა და რძის დამტარებლად, ღამით კი ბარის დაცვაში მუშაობდა. ეგზომ უღიმღამო ცხოვრებისაგან თავის დაწევაში რელიგია დაეხმარა: ერთი წლის შემდეგ ადგილობრივმა ბაპტისტურმა სათვისტომომ მისი კარგი რეპუტაცია გაითვალისწინა და მისისიპის შტატის ერთ-ერთ ბაპტისტურ კოლეჯში მას, როგორც კალათბურთელს, რეკომენდაცია გაუწია.

წყნარ და რელიგიურ ებერსს ახალი გარემო ძალიან მოეწონა და დილიდან საღამომდე ვარჯიშობდა, რომ რიგით მესამე სასწავლებლიდანაც არ გაეძევებინათ. იმ დროს მომავალი მილიარდერის მთელ ქონებას ორი ჯინსი, სამი პერანგი, ქურთუკი და ძველი „შევროლე“ შეადგენდა.

მაგრამ მალე ბერნიმ კინაღამ წერილი წაიღო. არდადეგებზე მშობლიურ ედმონტონში ჩასული ქუჩის ჩხუბში ჩაერია და კინაღამ ცემით მოკლეს. სანამ კალადელი ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, კოლეჯში მისი გამოჯანმრთელებისათვის ლოცვებს კითხულობდნენ. საბოლოოდ, ესკულაპთა გარჯის, თუ ღვთის სიტყვის წყალობით, ებერი მომჯობინდა, თუმცა, ჩხუბში დაზიანებული აქილევსის მყესი მაინც ვერ აღიდგინა და კალათბურთის თამაშისათვის თავის დანებება მოუწია.

სასტუმრო, როგორც ინტერნეტ-რევოლუციის საფუძველი

1967 წელს კოლეჯის დასრულების შემდეგ ებერსი იქვე ფიზ-აღზრდის მასწავლებლად დარჩა და ლინდა პიგოზე დაქორწინდა. მაგრამ მხოლოდ ღვთისმოსავობა ბავშვებთან სამუშაოდ საკმარისი არ აღმოჩნდა და მალე იგი ბრუკჰეივენის სამკერვალე ფაბრიკაში მუშად მოეწყო. შვიდწლიანი პატიოსანი შრომის შემდეგ საწყობის გამგის პოსტს მიაღწია, მაგრამ მეტი კი ვეღარ გაძლო, ახლობლებისაგან ფული ისესხა და პატარა, დაფახფახებული გზისპირა სასტუმრო იყიდა.

ბერნის და ლინდას მუხლჩაუხრელმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ორიოდე წლის შემდეგ სასტუმრომ მოგების მოტანა დაიწყო. და ებერსმა იგრძნო, რომ ფულის კეთება ძალიან მოსწონდა. ფორმულა „საქონელი-ფული-საქონელი“ მის ახალ რელიგიად იქცა.

თავისი ბიზნესის გაფართოვება ებერსმა იმით დაიწყო, რომ ორი მეგობარი სახლების დაგირავებასა და კიდევ რამდენიმე სასტუმროს შესაძენად ფულის ჩადებაზე დაითანხმა. 1981 წელს ბერნის და მის კომპანიონებს უკვე ცხრა პატარა სასტუმრო ჰქონდათ. სწორედ იმ დროს აშშ-ში სატელეფონო კავშირის დემონოპოლიზაცია დაიწყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო საერთაშორისო ზარების განხორციელებისათვის ხაზი იჯარით აეღო. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ სასტუმროსთან ერთად ებერს მისისიპის სატელეფონო ხაზის იჯარის უფლება ერგო.

საერთაშორისო სატელეფონო ხაზის გამოყენებით ფულის შოვნის იდეა ბერნის ძალიან მოეწონა. ყოფილმა კალათბურთელმა თავის მეგობრებთან: ყოფილ დისკ-ჟოკეისთან და პიცის დამტარებელთან ერთად უმალ გადაწყვიტა სატელეფონო კომპანია შეექმნა, Southern Central Bell-ისაგან საერთაშორისო კავშირი ბითუმად შეეძინა და შემდეგ ადგილობრივი მომხმარებლებისათვის მიეყიდა. თანამეინახეებმა დაარეგისტრირეს კომპანია LDDS (Long Distance Discount Service), რომლის პირველ კლიენტად სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტი იქცა.

ასე შექმნეს მომავალი სატელეკომუნიკაციო გიგანტი ადამიანებმა, რომლებსაც ამ საქმის საერთოდ არაფერი გაეგებოდათ. აღსანიშნავია, რომ ბერნი სულაც ტექნოფობი აღმოჩნდა, იგი არასოდეს იყენებდა ელექტრონულ ფოსტას და ძალზე იშვიათად მუშაობდა კომპიუტერით.

თავდაპირველაბ ებერსი LDDS-ის მხოლოდ თანამფლობელი იყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ პარტნიორებმა იგი კომპანიის თავკაცად აირჩიეს. როგორც ჩანს, მათ ძალიან მოეწონათ ბერნის მენეჯერული კრედო: „ჩვენს ბიზნესში ყველა თავისი სტრატეგიითა და ტექნოლოგიებით ამაყობს. მე კი ეგეთები საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია, შემოსავალი იზრდებოდეს.“

საერთოდ, იგი თავის კომპანიას ბოლომდე ისე ხელმძღვანელობდა, როგორც უზარმაზარ სასტუმროს. როცა 2002 წლის დასაწყისში კომპანიის კრიზისიდან გამოყვანის საკითხი განიხილებოდა, ბერნიმ ავტომატებში ყავის პორციების შემცირების, ტუალეტებში შუქის გამორთვისა და კონდეციონერების გამოყენების აკრძალვის საკითხი დააყენა. მთელი 17 წლის მანძილზე მისი ერთადერთი სტრატეგია ბიზნესის ნებისმიერი გზით გაფართოვება იყო. თანაც მას ხელი დიდად შეუწყო 80-იანი წლების შუიდან დაწყებულმა ამერიკული ეკონომიკის „რეიგანომიულმა“ ზრდამ და 90-იანი წლების დასაწყისის ინტერნეტ-ბუმმა. ებერსი კრედიტს კრედიტზე იღებდა და ახალ შენაძენებს აკეთებდა, მარტო 1990 წელს მისმა კომპანიამ 60 შთანთქმა განახორციელა.

როგორც კი ბენრი კომპანიას შეიძენდა უმალ ხელფასებს, პრემიალურებს და სამივლინებო თანხებს ამცირებდა. 1989 წელს LDDS-ის ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ კი თანამშრომლებს ოპციონები დაურიგა.

ის იყო WorldCom 90-იანი წლების დასაწყისში ებერს ურჩიეს, რომ კავშირის მომავალს ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზები წარმოადგენდა. ამ ტექნოფობმაც ამგვარი ხაზების მფლობელი ფირმების შეძენა დაიწყო, მან ახალი ტენდენცია აშკარად გამოიცნო და 1994 წელს WorldCom-ად მონათლული მისი კომპანია ორ წელში აშშ-ს 500 უმსხვილეს კომპანიას შორის აღმოჩნდა. 1997 წელს WorldCom აშშ-ს ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების მეხუთედს ფლობდა. ებერსის ექსტენსიური სტრატეგიის მწვერვალად ამავე წელს MCI-ის, რომელიც WorldCom-ზე სამჯერ მსხვილი კომპანია იყო, 40 მილიარდ დოლარად შეძენა იქცა.

90-იანი წლების ბოლოს ებერსი 1,4 მილიარდის ოდენობის კაპიტალით პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 376-ე იყო. ამ დროისათვის WorldCom-ის კავშირის სიგრძე 200 ათას კმ-ს აღწევდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასში 75 ათასი ადამიანი მუშაობდა და 40 მილიონი კლიენტი 40 მილიარდის ოდენობის წლიურ შემოსავალს უზრუნველყოფდა. 1990 წელს WorldCom-ში ჩადებული 100 დოლარი 2000 წლისათვის უკვე 3800 დოლარად იქცა.

ამ ოქროს წვიმაში ებერსს ქრისტიანული ღირებულებები სულ უფრო ნაკლებად აინტერესებდა. 1997 წელს 30 წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ ცოლს, ლინდას გაშორდა და ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ ქერა, გრძელფეხება, მადისაღმძვრელ მდივან გოგონაზე დაქორწინდა.

ებერსს და WorldCom-ს პრობლემები ერთდროულად 2000 წელს დაეწყოთ. შემოდგომაზე კომპანიამ გამოაცხადა, რომ შემოსავალი დაგეგმილზე 40 პროცენტით მცირე იქნებოდა. ამასთან ბერნიმ, პირადი ფინანსური პრობლემები რომ მოეგვარებინა, თავისი 20 მილიონად ღირებული იახტის და WorldCom-ის აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს შეეშინდა, რომ ყველაფერ ამას აქციონერები ვერ გაიგებდნენ და ებერსს 375 მილიონი, სულ რაღაც წლიური 2,2 პროცენტით, კრედიტის სახით მისცეს.

WorldCom-მა მუდმივი შთანთქმები შეწყვიტა და დაშლა დაიწყო. კომპანიის გადარჩენა მხოლოდ სწორ მენეჯმენტს შეეძლო, რაც ებერსის ძალებს აღემატებოდა. შესაძლოა, ბერნი ახალ სასწაულს ელოდა, მაგრამ იგი არ მოხდა და 2002 წლის 29 მარტს ებერსი პოსტიდან გადადგა.

ორ კვირაში WorldCom-მა 375 კრედიტის პირობები გამოაქვეყნა. კიდევ ცოტა ხანში ამოტივტივდა მილიონიანი ფინანსური მაქინაციების ამბები. თურმე, WorldCom-მის ბუღალტრებს Arthur Andersen-ის აუდიტორებთან ერთად კავშირის ხაზების საიჯარო გადასახადი ხანგრძლივ კაპიტალიზაციად, ხოლო 2001 წლის 2,1 მილიარდი დოლარის ოდენობის წაგება 2,7 მილიარდიან მოგებად ყოჩაღად გაუსაღებიად. ებერსის გადადგომიდან ორ თვეში WorldCom-მა თავი ბანკროტად გამოაცხადა.

გისოსებს მიღმა

თავისთავად ცხადია, ყოველივე ამით ამერიკელი სამართალდამცავები დაინტერესდნენ, კიდევ არაერთი მაქინაცია გამოაშკარავდა და ებერსი „ვირის აბანოში“ აღმოჩნდა. მას ბრალად 11 მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯთაღრიცხვის გაყალბება წაუყენეს.

ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარე გამოძიების შედეგად მანჰეტენის სასამართლომ ებერსი ფინანსურ მაქინაციებთან ერთად დამნაშავედ შეთქმულებასა და მარეგულირებლებისა და ინვესტორებისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულეს. მოკლედ, ბერნი საუკუნის მაქინატორად შერაცხეს და პროკურორმა მისთვის 85 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ WorldCom-ის სხვა მენეჯერებისაგან განსხვავებით, რომლებიც ასევე განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ და გამოძიებასთან თანამშრომლობა ისურვეს, ებერსმა განაცხადა, რომ არავითარი მაქინაციების შესახებ არ იცოდა და საერთოდ, ბუღალტერიაში ვერ ერკვეოდა.

საბოლოოდ, 2005 წლის აგვისტოში ებერსს არა 85, არამედ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც მისთვის ფაქტობრივად სამუდამო პატიმრობას ნიშნავს. თუმცა, მისი ადვოკატები მორიგ აპელაციას ამზადებენ და, შესაძლოა, ბერნის სასჯელი შეუმსუბუქონ.

რაც შეეხება ებერსის პირმშოს WorldCom-ს, იგი ბანკროტის მდგომარეობიდან 2004 წელს გამოვიდა და დღეს MCI ჰქვია. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ მაქინაციების წყალობით კომპანიის 20 ათასმა ადამიანმა სამუშაო, აქციების მფლობელებმა კი 180 მილიარდი დოლარი დაკარგეს.