„ვერსიის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სახალხო კრების აქტივისტების დაპატიმრების ახალი ტალღა დაიწყო. ორიოდე კვირის წინ, ერთთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტები, რომლებიც 26 მაისის ღამეს დააკავა, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთ საქმეებზე მოწმედ ისევ პოლიციელები გამოჰყავთ. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ვერსია“ სახალხო კრების დარბაზის წევრს ზაზა სოფრომაძეს ესაუბრა:
ბატონო ზაზა, სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით, ხელმეორედ რამდენი ადამიანია დაჭერილი?
- ბოლოს, ვისაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, გლდანის ორგანიზაციის აქტივისტი, დათო მეფარიშვილია, რომელმაც მცხეთაში მოიხადა ერთთვიანი ადმინისტრაციული სასჯელი. რამდენიმე დღის წინ, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, იგი კვლავ დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ჩვენი აქტივისტები, რომლებიც 26 მაისის აქციებში მონაწილეობდნენ და სხვადასხვაგვარი სასჯელი დაადეს, ზოგს 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმაც კი გადაახდევინეს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი, სისხლის სამართლის კოდექსით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდეს.
კონკრეტულად, რა მტკიცებულებები აქვთ სამართალდამცველებს მათ წინააღმდეგ?
- გასაკვირი ის არის, რომ ეს მტკიცებულებები, ძირითადად, პოლიციელების მონათხრობს ემყარება. საქმე გვაქვს იმ ერთ ეპიზოდთან, როდესაც უჩავა მოიტაცეს. თითქოს, იმ მომენტში უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას ჩვენი აქტივისტები, რაც გადაღებული აქვთ და ძირითადი ხელჩასაჭიდი ფაქტიც ეს არის, მაგრამ იმას არავინ ითვალისწინებს, რომ იმ მომენტში არავინ იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ან რა მანქანებით იყვნენ მოსული. შეუძლებელი იყო, გამოგეცნოთ, რომ ისინი სამართალდამცველები იყვნენ, რადგან არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ ჰქონდათ.
რამდენიმე ადამიანს, რომელთა დაკავება ამ ეპიზოდს არ უკავშირდება, მიადგნენ სახლებში, ჩაუსაფრდნენ ეზოებში ან ქუჩებში, მოკიდეს ხელი და უთხრეს, პოლიციაში გაყოლოდნენ, ბუნებრივია, დამორჩილდნენ, მაგრამ მერე «აღმოჩნდა», რომ თურმე, წინააღმდეგობა გაუწევიათ. ანეკდოტური სიტუაციაა ჩუღურეთის რაიონის აქტივისტის, ზაზა ჩიკვილაძის საქმეში.
ზაზას რამდენიმე დაავადება აწუხებს, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა. ეს ადამიანი ჩამოსვეს ავტობუსიდან იმ მოტივით, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და უნდა წაეყვანათ შესაბამისი ტესტის ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, არაფხიზელ მდგომარეობაში არ ყოფილა და ეს გამოკვლევითაც დადგინდა, მაგრამ ამის შემდეგ, ბრალდებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ თურმე, ზაზას არათუ ხუთი პოლიციელისთვის გაუწევია წინააღმდეგობა, დაზიანებებიც მიუყენებია და ისიც სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი მაგალითია და ყველა ასეთ შემთხვევაში, ბრალდების მოწმეები მხოლოდ პოლიცილები არიან, შესაბამისად, მოსამართლეებიც ერთხმად იზიარებენ მათ ნათქვამს.
ბატონო ზაზა, დაკავებულებს ადვოკატები ჰყავთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს ადვოკატი. ძალიან ბევრ შემთხვევაში, მათი დამცველები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები არიან, იცავენ ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ადვოკატებიც. ბევრმა ოჯახმა თვითონ აიყვანა ადვოკატი, მაგრამ, ბუნებრივია, ვერც ერთი ადვოკატი ვერაფერს გახდება ჩვენი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ვკითხულობდი, სადაც წერდნენ, რომ თითქოს, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, ამბიციური, კვალიფიციური მოსამართლეები, რომლებსაც მართალია, გამოცდილება აკლიათ, სამაგიეროდ, რეგიონში ამ სისტემაში ყველაზე დიდი მიღწევები ჩვენ გვაქვს.
თუ მოსამართლეს გამოცდილება არ აქვს და ერთი ხელის აღებით, ტენდენციური მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, შეუძლია რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯოს ადამიანებს, მაშინ აქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. საერთოდ, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო კი არ არის, ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის დავალებების შემსრულებელია და ერთი ფეხის დაბაკუნებაზე შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, ასეთი საქმეების მაგალითზე კიდევ უფრო მეტად მტკიცდება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რას აპირებთ?
- ვცდილობთ, სამართლებრივი გზით დავამტკიცოთ, რომ ეს ადამიანები უდანაშაულო პოლიტპატიმრები არიან. ბოლოდროინდელი მაგალითების საფუძველზე, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებას არაფრად უღირს საზოგადოებრივი აზრი. არ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ სამართლებრივი გზით მივაღწევთ შედეგს, მაგრამ სწორედ ამიტომ, საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში. უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის ფორმირება, დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, რაც უკვე დაწყებულია და რასაც სახალხო კრების ხელმძღვანელები რეგულარულად მიმართავენ. ამ მხრივ, გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ ერთია, აზრის ჩამოყალიბება და მეორე - რა გავლენას ახდენს ეს საერთო აზრი ხელისუფლებაზე, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ, ამ მხრივ, პროგრესს ვერ ვხედავ.