ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა, რამდენიმე კვირის წინ, საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარდაცვლილი მეცენატის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებასთან საერთაშორისო საარბიტრაჟოში სამწლიან დავას მორიგებით ასრულებენ. მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია «იმედის» დათმობის სანაცვლოდ, ბიზნესმენის ოჯახი იბრუნებს ოჯახის ქონებას და აგრძელებს ბიზნესსაქმიანობას საქართველოში. «ვერსია» დაინტერესდა, ქონების რა ნაწილს დაუბრუნებს პატარკაციშვილის ოჯახს ხელისუფლება და მოაგვარეს თუ არა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეისთან არსებული დავა მემკვიდრეებმა, ამ თემებზე «ვერსია» ბადრი პატარკაციშვილის დას, მზია თორთლაძეს ესაუბრა:
კონკრეტულად, რა შინაარსის შეთანხმება დაიდო თქვენსა და ხელისუფლებას შორის, სამწლიანი დავის დასრულების გადაწყვეტილება რომ მიიღეთ?
- ჩვენ, მოდავე მხარეებმა, ურთიერთკომპრომისის საფუძველზე მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას და, ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე, ეს დავა დასრულდება.
რას გულისხმობთ ურთიერთკომპრომისში, რა დათმო ხელისუფლებამ?
- ეს არ არის დათმობა. ჩვენ, უბრალოდ, დაგვიბრუნდა ის, რაც ისედაც ჩვენს კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ხელისუფლებასთან არავითარ დათმობაზე ან გარიგებაზე ლაპარაკი არ არის. უბრალოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები სისრულეში მოეყვანა, ამიტომაც გამოვიტანეთ საჩივარი. ჩვენ რომ საარბიტრაჟო სასამართლოში მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის მიღება გაგვეგრძელებინა, რა თქმა უნდა, საქმე ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდებოდა. თუმცა ეს ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვებოდა და ამით ქართველი საზოგადოება იზარალებდა, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის. ხელისუფლებასთან დეტალებზე შევთანხმდით, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ არანაირ დათმობაზე ან გარიგებაზე არ წავსულვართ.
კონკრეტულად, ქონების რა ნაწილი გადმოეცემა ოჯახს, შეგიძლიათ დღეს გვითხრათ?
- ჯერჯერობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ბადრის ეკუთვნოდა, უკვე თითქმის გადმოგვეცა.
დანარჩენ კომპანიებსა და ქონებაზე თუ არის საუბარი და რა ფორმით მოხდება მისი დაბრუნება?
- ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. დღეს მხოლოდ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაბრუნებაზეა საუბარი. დანარჩენ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ოჯახს საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვს, რა გადაწყდება და როგორ, ამის შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. დრო გვჭირდება დეტალების გასარკვევად. ყველა ის ქონება და დიდი რაოდენობით აქტივები, რასაც ჩვენი ოჯახი ფლობდა, ტყუილად იყო გაჩერებული და ვიღაც-ვიღაცები მას პირადი სარგებლისთვის იყენებდნენ, ამიტომ ვფიქრობ, მთელი ქვეყნისთვისაც ქონების ოჯახისთვის დაბრუნება, საუკეთესო ვარიანტია. ის, რაც ბადრიმ შექმნა და რაც ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს, ყველაფერი ეტაპობრივად დაგვიბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
ეტაპობრივად დაბრუნებაში რას გულისხმობთ, ხელისუფლების კეთილი ნების იმედი გაქვთ თუ სასამართლოს გზით იბრძოლებთ?
- იცით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დასაბრუნებლად, ჩვენ არაერთი სასამართლო პროცესი მოვიგეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესები გიბრალტარში მიმდინარეობდა, სადაც ყველა საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა. სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა კი ჩვენი მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნება იყო, ამიტომ ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ყველა ქონება, რაც სასამართლომ ჩვენს საკუთრებად დაამტკიცა, ნელ-ნელა დაგვიბრუნდება.
ტელეკომპანია "იმედთან" და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით, რა შეთანხმებას მიაღწიეთ?
- მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა საჩივარი არბიტრაჟიდან უკან გამოგვეწვია. სანაცვლოდ კი, სამწლიანი დავის გამო შეჩერებული, ბადრის მიერ დაწყებული ეკონომიკური და საქველმოქმედო საქმიანობის გააგრძელების უფლება მივიღეთ. იცით, მთავარია, ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, ვიზრუნოთ ისევ ჩვენს საზოგადოებაზე და სწორედ მათთვის შევქმნათ სამუშაო ადგილები. ასევე, ინვესტიციების შემოსვლასა და საქველმოქმედო საქმიანობაზე დავხარჯავთ მთელს ჩვენს ძალისხმევას. ჩვენს ოჯახს სურს ხორცი შეასხას იმ კეთილ საქმეებს, რომელიც ბადრიმ დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლომდე მათი შესრულება არ დასცალდა.
ასევე საინტერესოა, მოახერხეთ თუ არა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეისთან არსებული დავის მოგვარება?
- ჩვენ ამ ადამიანთან არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს და, მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში, სანამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, არც გვექნება. ჩვენ მასთან სასამართლო დავებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გავაგრძელებთ.