როგორ გადაიქცა შსს პოლიტიკურ პოლიციად

როგორ გადაიქცა შსს პოლიტიკურ პოლიციად

"ხელისუფლებას სურს, მუდმივად დაბმული და შიშის ქვეშ ჰყავდეს, პირველ რიგში, საკუთარი თანამშრომლები. ეს არის კონტროლის, შეზღუდვის და ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა და ამას სხვადასხვა მეთოდებით ახორციელებენ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, ასობით რეგულაციაა, სადაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი მოსახლეობაზე კონტროლი.

"2004 წელს აშკარად გამოჩნდა, რომ შს სამინისტრომ პოლიციის მართვა ბერიას სტილში დაიწყო. ანუ, დაიწყო პოლიციის გადაქცევა პოლიტიკურ პოლიციად. ამ უწყებამ თავის თავზე აიღო პოლიტიკური საკითხების განხილვა, შესწავლა და რეაგირების მოხდენა. შესაბამისად, თავად ამ სისტემის წარმომადგენლები აბსოლუტრად "სუფთა" და მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა ჰქონოდათ კონტაქტი უცხოელებთან", - დასძენს ზაქარეიშვილი.

"რეზონანსი": ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდების შემდეგ, სს 314-მუხლი დიდი განსჯის საგანი გახდა. დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრაზა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მრავალი ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის საშუალებას იძლევა და საბჭოური კანონმდებლობის გადმონაშთია. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტთა შორის პარალელები კეთდება 30-იანი წლების კომუნისტურ რეჟიმსა და დღევანდელ რეალობას შორისაც. თქვენ თუ გაგიჩნდათ პარალელები და რა არის დღეს საბჭოური ქვეყანაში?

- პაატა ზაქარეიშვილი: მმართველი ელიტა რუსეთის მტრის ხატის შექმნით აშკარად ცდილობს, საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს, ყველაფერი რუსეთს დააბრალოს და, შესაბამისად, მერე ამ ქვეყნის აგენტები და დამქაშები ეძებოს.

ეს არის ტიპური საბჭოთა, ბოლშევიკური გადმონაშთი, სადაც ადამიანების რაღაც გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ ჭეშმარიტებას ფლობს და აქვს უფლება, უკარნახოს სხვას საკუთარი ხედვები და ღირებულებები. რაც დღეს გვაქვს, ეს არის მოდელირებული საბჭოთა კავშირი. ჯერჯერობით, რაც არ ხდება, ესაა, რომ ადამიანები არ ქრებიან უგზო-უკვლოდ ან არ ხვრეტენ მათ, ვინც განსხვავებული აზრისაა. უბრალოდ, ასეთების რაღაც ნაწილს დღეს ციხეში ამყოფებენ.

"რ": კონკრეტულად, რა პარალელების გავლება შეგიძლიათ 30-იან წლებთან?

- პ.ზ: 30-იან წლებში სწორედ ასე ხდებოდა, როგორც დღეს საქართველოში. იყო ცნობილი პროკურორი ვიშინსკი, რომელიც სწორედ აღირებითი ჩვენების საფუძველზე ახდენდა ბრალდების წაყენებას. სახელგანთქმულ ფილმ "მონანიებაში" სწორედ ეს მომენტია აღწერილი და მითოლოგიურ სფეროში გადაყვანილი, როცა ერთ-ერთი გმირს აღიარებინებენ ბომბეიდან-ლონდონამდე გვირაბის გაყვანას და ამის გამო სჯიან. ეს ხდებოდა. ეს საბჭოთა კავშირში ტიპიური მოვლენა იყო და ასე ხდება ჩვენთან დღესაც. ხელისუფლებას არ გააჩნია სხვა არგუმენტი, გარდა იმისა, რომ მიბაძოს ვიშინსკის პერიოდს და მხოლოდ აღიარებაზე დააფუძნოს თავისი დამოკიდებულება და დანაშაულის ბრალის წაყენება.

საერთოდ, აღირებითი ჩვენება საეჭვო ინსტიტუტია და მიუღებელი ფორმაა. ადამიანი შეძლება იტყუებოდეს, დანაშაულს საკუთარ თავზე იღებდეს, ან უფრო დიდ დანაშაულს ფარავდეს - მსგავს უამრავ მიზეზთა და მიზეზთა გამო არ შეიძლება აღიარებითი ჩვენებას ენდო. რომის იმპერიაში აღარ ენდობოდნენ აღიარებით ჩვენებას და, მით უმეტეს, თანამედროვე ევროპის სახელმწიფოებში ეს მიუღებელია. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს არის მანკიერი პრაქტიკა და მეტყველებს ხელისუფლების უუნარობაზე, სხვა რაიმე ფორმი მოახდინოს ზემოქმედება იმ დანაშაულის მიმართ, რომელსაც თავად იგონებს.

მას უნარი არ გააჩნია, ამ "დამნაშავეებს" დანაშაული დაუმტკიცოს და ტერორის, დაშინების თუ გარიგების გზით ცდილობს, აღიარებინოს დანაშაული.

ფოტორეპორტიორების საქმეშიც კი, სადაც ამ ადამიანების აღირებითი ჩვენების გამოყენება ხდება, გამოძიებისათვის აქ მთავარი სხვა რამე უნდა გახდეს. ეს ადამიანები აღიარებენ, რომ დოკუმენტები მოიპოვეს. ჟურნალისტს ეს სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლია და როცა დაკავებული ამბობს, რომ მასალა ვიღაცამ გადასცა, უნდა თქვას, ვინ არის დოკუმენტის მიმწოდებელი ჩინოვნიკი და იმ პირის დაკავება უნდა მოხდეს.

"რ": თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხერხები აქვთ დღეს საპყრობილეებში, რომ ყველა იქ მოხვედრილი "პოლიტიკური დამნაშავე" აუცილებლად აღიარებით ჩვენებას იძლევა?

- პ.ზ: ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. დაშინებები, ახლობლების, ოჯახის წევრებზე... ყყ| საუკუნეში უფრო მეტი გარეწრული ფორმები არსებობს, რომ ადამიანზე ზემოქმედება მოახდინო. პატიმარს შეიძლება მოასმენინონ ახლობლის ხმა, მოახდინონ რაღაც სიტუაციის ფალსიფისირება. 1937 წელს ეს მეთოდები არ ჰქონდათ, ტექნიკა არ იძლეოდა ამის საშუალებას. დღეს კი უფრო მარტივი გახდა ადამიანზე ზემოქმედება და მისი ღირსების შელახვა.

"რ": თქვენ წლების წინ "რეზონანსში" წერდით, რომ შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს აქვს მითითება, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შეხვედრის შემდეგ "რაპორტი" ჩააბაროს. რა რეგულაციაა ეს და ვინ განსაზღვრავს, რა სახის შეხვედრები უნდა იყოს აღწერილი?

- პ.ზ: 2004 წელს აშკარად გამოჩნდა, რომ შს სამინისტრომ პოლიციის მართვა ბერიას სტილში დაიწყო. ანუ, დაიწყო პოლიციის გადაქცევა პოლიტიკურ პოლიციად. ეს არ არის პოლიციის ფუნქცია, მაგრამ ამ უწყებას პოლიტიკური საკითხები უნდა განეხილა, შეესწავლა და რეაგირება უნდა მოეხდინა. შესაბამისად, თავად ამ სისტემის წარმომადგენლები აბსოლუტრად "სუფთა" და მიუკერძოებლბი უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა ჰქონოდათ კონტაქტი უცხოელებთან. ეს პროცესი 2004 წლიდან დაიწყო და ამის შესახებ თქვენთან, "რეზონანშიც" დავწერე.

"რ": პოლიციელთა შემოწმება დღესაც ძალაშია?

პ.ზ: ვიცი, რომ დღესაც ასეა და პოლიციელებს შეზღუდული უფლებები აქვთ, უცხოელებს დაუკავშირდნენ. ვისაც რაიმე კავშირი აქვს, ვალდებულია, ანგარიში დაწეროს, უფრო სწორად, დეტალური მოხსენება ჩააბაროს კონტრდაზვერვას.

"რ": თუკი ეს ურთიერთობა ძალიან პირადულია, ოჯახურია და პოლიტიკას არ უკავშირდება, მაშინაც?

- პ.ზ: მაინც უნდა დაწერონ. გაფართოებულ ფორმატში მათ უნდა მოყვნენ, რაზე იყო საუბარი.

"რ": რას ნიშნავს ეს? რაში სჭირდება შსს-მსგავსი მოხსენებები და ბერიას მიერ დანერგილი მეთოდი?

- პ.ზ: ამას მე რატომ მეკითხებით?! ძალიან ძნელია, ხელისუფლებას მანკიერებში და უკუღმართ აზროვნებაში ჩაჰყვე. მათ უნდათ, მაქსიმალურად დატერორებული ჰყავდეთ, პირველ რიგში, საკუთარი მოხელეები. ეს არის კონტროლის, შეზღუდვის და ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა და ახორციელებენ. მეორეა, რომ შეიძლება რაღაც ინფორმაცია მიიღონ უცხოეთიდან. პირადად მე, რეალური მაინც პირველი ვარიანტი უფრო მგონია - ხელისუფლებას სურს, მუდმივად დაბმული და შიშის ქვეშ ჰყავდეს საკუთარი თანამშრომლები.

ბერიას დროს საბჭოთა სივრცე დახურული იყო, უცხოელებთან ურთიერთობა იშვიათი მოვლენა იყო, დღეს კი, როცა საზღვრები გახსნილია და ყველა ყველას ხვდება, ამის გაკონტროლება უზნეო და ამორალურია, ვიდრე ეს ბერიას დროს იყო. ბერიას დროს საბჭოთა კავშირს იდეოლოგიური დაპირისპირება ჰქონდა დასავლეთთან, ჩვენ კი დღეს ვაკონტროლებთ იმ ხალხს და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვენდობით და უმეტესობა ჩვენ მოკავშირედ გვყავს გამოცხადებული და ამ სამყაროს მოქალქეებთან ურთიერთობას ვუზღუდავთ პოლიციელებს.

"რ": ანუ, ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის მარტო რუსეთის მოქლაქეებთან ურთიერთობაზე, ყველა ევროპელ მოქალაქესთან დიალოგი შსს-თვის ცნობილია და ყველა მსგავს საუბარს შს ეჭვის თვალით უყურებს?

- პ.ზ: საეჭვოდ უყურებს, მაგრამ ჯაშუშობას არ აბრალებს. ჯერჯერობით ამერიკელების ან ინგლისელების სასარგებლოდ ჯაშუშობა არ გვსმენია. აი, რუსეთის სასარგებლოდ კი - მოდაშია. ამერიკელებისა და ინგლისელების მიმართ, ალბათ, აინტერესებთ ის, რა ინტერესი აქვს უცხოელს საქართველოში როცა ჩამოდის და, ალბათ, ამ ინფორმაციას გებულობენ.

"რ": საუბარია იმაზე, რომ საინფორმაციო კონტროლის ქვეშ პოლიცილების მსგავსად არიან ის ადამიანებიც, რომლებიც გალისა და ახალგორის მიმართულებით მოძრაობენ. ხშირ შემთხვევვაში სპეცსამსახურები მათ ინფორმაციების მიწოდებას ავალებენ. თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი ვალდებულების შესახებ?

- პ.ზ: ვერ ვიტყვი, რომ ენგურის ხიდზე ყველა გადამსვლელს ყოველთვის კითხავენ, მაგრამ ვინც კი ახალგორსა თუ გალში ჩადის, ის ადამიანები ვალდებულნი არიან და ერთხელ მაინც არიან დაკითხულები ქართული სპეცსამსახურების მიერ. ყველა მათგანმა იცის, რომ ისინი კონტროლის ქვეშ არიან და ამ შემთხვევაშიც კი, მთავარი ინფორმაციის მოტანა კი არ არის, მთავარია, მათ იცოდნენ, რომ ისინი ყურადღების და კონტროლის ქვეშ არიან მოქცეულნი. ეს არის ტოტალური კონტროლის ფორმა და ამიტომაც არის ქვეყანაში საზოგადოება ასეთი დათრგუნული.

სხვათა შორის, ქართველი სპეცსამსახურების მსგავსად მეორე მხრიდანაც ხდება ამ ადამიანების დაკითხვა და ეს ხალხი ორმაგი წნეხის ქვეშ არიან მოყოლილნი.

"რ": სხვა სამსახურებში თუ არსებობს კონტროლის რაიმე ხერხი ან შეგიძლიათ თუ არა მითხრათ, საზოგადობრივი კონტროლის რა რეგულაციები გვაქვს დღეს?

- პ.ზ: უამრავი, ასობით რეგულაციაა, სადაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი მოსახლეობაზე კონტროლი. ეს ძალიან ღრმა და რთული თემაა და ასე ზერელედ ამ თემაზე საუბარი არ მინდა. მე ვამბობ იმას, რაც პირადად ვიცი. ეს უფრო იურისტების კვლევის საგანია და ისინი უფრო ინფორმირებულნი არიან.