"თავისუფალი საქართველოს" რეგიონალური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი გია ყრუაშვილი აცხადებს, რომ დღეიდან ყველა მარშუტკის ფასი 80 თეთრი იქნება. წლის ბოლომდე კი, არც მეტი არც ნაკლები, მგზავრობის საფასურის 1,5-2 ლარამდე გაზრდას ვარაუდობს.
ამასთან, როგორც აღნიშნავს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საკრებულოს მოსთხოვა, რომ მგზავრობა ყველა სამარშრუტო ხაზზე 80 თეთრი გახდეს, რადგან ყვითელ მარშრუტკებს 80-თეთრიანი საფასურის გამო მგზავრები არ ჰყავთ.
რითი აიძულებენ ჩვეულებრივი მარშრუტკების მძღოლებს საფასურის გაზრდას და საიდან აქვს თავად მას ეს ინფორმაცია, "რეზონანსი" გია ყრუაშვილს ესაუბრა.
გია ყრუაშვილი: ესენი ჩემი მეგობრები არიან, 2009 წლამდე მეც მათთან ერთად ვმუშაობდი და ყველაფერი ვიცი. ვიცი, რატომ შეხვდნენ მძღოლებს გუშინწინ, ღამის 9 საათზე.
"რ": ვინ შეხვდა და რატომ?
გ.ყ: ჯოხაძეს და ასანიძეს შორის იყო შეხვედრა. ამას მე გეუბნებით მძღოლების ნათქვმზე დაყრდნობით. ჯოხაძეს უთხოვია ასანიძისთვის, რომ არ მომხდარიყო მარშრუტკების გაძვირება. საუბარია ყვითელ მარშრუტკებზე. ასანიძე არის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი.
ჯოხაძეს უთქვამს, რომ დღეს ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობაა, იგივე ჟურნალისტებთან დაკავშირებით, ეკლესიასთან დაკავშირებით და უთხოვია, რომ რამდენიმე ხნით არ მომხდარიყო მგზავრობის საფასურის გაძვირება. მაგრამ ასანიძეს უთქვამს, ეს მარშრუტკები 50 თეთრი არ მიღირსო. იმიტომ, რომ ამ ფირმას თითო მარშრუტკის შემოყვანა საკმაოდ ძვირი უჯდება. თანაც, როგორც იცით, ამ ფირმამ საქართველოში 3500 მარშრუტკა უნდა შემოიყვანოს და არანაირად არ უღირთ, რომ ეს ფასი იყოს.
თანაც, მძღოლებს დღეში 40 ლარს რომ დაჰპირდნენ, ვერანაირად ვერ გასცემენ იმიტომ, რომ ეს მარშრუტკები 70-80 ლიტრ საწვავს ხარჯავს მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი მარშრუტკები ამის ნახევარსაც არ ხარჯავს. ამიტომაც ამ მარშრუტკებს 50 თეთრად ვერ ამუშავებ. თანაც ამ 340 მანქანიდან 280 მანქანა უკვე მწყობრიდან არის გამოსული, კონდიციონერი არ მუშაობს. 35 მანქანაზე კი წინა ამორტიზატორი მთლიანად არის დაზიანებული. ეს კიდევ ცალკე ხარჯია და ამ ყველაფრის გათვალისწინება უნდა მოხდეს და გამორიცხულია, რომ ფასი არ გაიზარდოს.
ამ ყვითელმა მარშრუტკებმა გუშინწინ ექვს საათზე გააჩერეს მუშაობა და წავიდნენ გარაჟში. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვედროდნენ ჩვეულებრივი მარშრუტკის მძღოლებს, რადგან ყვითელი მარშრუტკების მძღოლებს მგზავრებთან ჩხუბი მოსდიოდათ და მუშაობის საშუალება აღარ ჰქონდათ, რადგან ხალხი 80-თეთრიანი საფასურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
"რ": ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ დღეიდან ყველა მარშრუტკის საფასური 80 თეთრი იქნება?
გ.ყ: კი არ ვფიქრობ, ზუსტად ასე იქნება. მე პოლიტიკოსი ვარ და ისეთ რამეს ხომ არ ვიტყვი, რაც არ ვიცი, რომ მერე ჩემი ნათქვამის შემრცხვეს? მე ზუსტად ვიცი, რომ დღეიდან თბილისში ყველა მარშრუტკის საფასური იქნება 80 თეთრი.
ამ ტენდერში გამარჯვებული ფირმის ხელმძღვანელები იძულებულნი გახდნენ, რომ ყველა მარშრუტკისთვის მოეთხოვათ ფასის გაზრდა. ამიტომაც დღეიდან ყველა მარშრუტკის ფასი 80 თეთრი იქნება. ნაწილი გუშინ უკვე 80 თეთრი იყო და დღეიდან ყველა ეს ფასი იქნება.
მე არ ვიცი, მეტროდან კონკრეტულ დასახლებებში რომ დადიან მარშრუტკები, რა გახდება. მე ვამბობ ქალაქში მოძრავ მანქანებზე. უფრო მეტიც, სადაც ერთი თვის განმავლობაში კიდევ იგეგმება საფასურის გაზრდა 1 ლარამდე.
"რ": ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? იგივე მძღოლები რატომ არიან ჩუმად?
გ.ყ: იმიტომ, რომ დააშინეს. იცით, რომ ის მძღოლები, ვინც ყვითელ მარშრუტკებზე დასვეს, როგორ ჰყავთ დაშინებული? მათ მუშაობის დასაწყებად მოსთხოვეს, რომ საბანკო ანგარიშზე 500-500 ევრო დაედოთ და, თუკი რაიმეზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ ან პრესასთან იტყვიან რამეს, ამ ფულსაც დაკარგავენ და სამსახურსაც.
ეს არის იმისთვის, რომ მძღოლი იყოს შეშინებული და იყოს ტერორში. ამიტომაც გაურბიან ჟურნალისტებს და კომენტარებზე რომ ვერ ითანხმებთ.
"რ": ძველი მარშრუტკის მძღოლები რითი აიძულეს, რომ საფასური მათაც გაეძვირებინათ?
გ.ყ: რითი აიძულეს და დაიბარეს ხაზის ბრიგადირები და გამოუცხადეს, რომ დღეიდან ეს ფასი უნდა გაეხადათ. დღეს გამოვიდეს ნებისმიერი ჟურნალისტი და ჰკითხოს, რატომ გახდა ეს ფასი და დამიჯერეთ, ვერავინ გეტყვით, რატომ გააძვირეს. ასეთი ბრძანება მიიღეს და იმიტომ.
მე გუშინ სადაც ვიყავი, ყველგან დამდევდა ჯოხაძის და ასანიძის ხალხი და მეუბნებოდნენ, რომ არ დამლაპარაკებოდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავდნენ.
ბრძანება იყო ამ ფირმის, რომ უნდა გაძვირებულიყო. მათ გამოუცხადეს საკრებულოს, რომ, თუკი თქვენ 80 თეთრამდე გაძვირებას ვერ უზრუნველყოფთ, რა მარშრუტკებიც შემოვიყვანეთ, სომხეთში გავიყვანთ და ტენდერს ჩავშლითო. ეს იყო ჯოხაძის და ასანიძის გუშინწინდელი საუბარი.
როგორც იცით, ნაცმოძრაობაში არის თანამდებობის პირების დაპირისპირება. ვიღაცას ვიღაცის ჩაძირვა უნდა და ეს ყველაფერი ახლა ერთმანეთისთვის ავტორიტეტის გაფუჭებასაც ემსახურება.
"რ": ამას რის საფუძველზე ამბობთ?
გ.ყ: იმის საფუძველზე, რომ შარანგიას ფირმამ უგულავას ინტერესი არ გაითვალისწინა და თქვა, მე არ მაინტერსებს, რა პრობლემები შეგექმნებათ და რა არა, მარშრუტკები უნდა გაძვირდესო.
ახლა მე ვამბობ, რომ 80 თეთრი კი არა, ლარამდე და ლარნახევრამდე გაიზრდება. ესენი ამ პრობლემებს ეტაპობრივად გადააგორებენ და, შესაძლოა, ორი ლარიც გახდეს მგზავრობა. მძღოლი კი, რომელსაც ანგარიშზე 500 ევრო აქვს დადებული, სახლში 40 ლარს კი არა, 4 ლარსაც ვერ წაიღებს.
"რ": საფასურის ლარამდე გაზრდა როდისთვის იგეგმება?
გ.ყ: სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრისთვის გახდება ლარი და, ალბათ, წლის ბოლომდე ლარნახევარიც გახდება. ეს ტენდერი სწორედ ამას ითვალისწინებს. მე ხომ ვამბობდი, რომ მგზავრობა 80 თეთრი გახდებოდა და მაშინ ამბობდნენ, იტყუებაო. ახლა ხომ გამოჩნდა, ვინ იტყუება. მე, გია ყრუაშვილი ვაცხადებ, რომ წლის ბოლომდე მგზავრობა ლარნახევარი გახდება და, თუკი არ გახდება, მე ბოდიშს მოვიხდი.
"რ": არსებობს ჭორი, რომ იგივეს გაკეთებას აპირებენ ტაქსებთან დაკავშირებითაც და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
გ.ყ: კი, მეც გავიგე ასეთი რამ და ვიცი, რომ ამას აპირებენ. საერთოდ ტრანსპორტის ყველა სფეროსთან დაკავშირებით ასე ხდება. ერთმანეთში აქვთ გადანაწილებული თანამდებობის მიხედვით. რკინიგზაზე გადამზიდი ფირმა არის მიხეილ სააკაშვილის ბიძის, მგზავრთა გადაყვანა - მერაბიშვილის, ავჭალაში ახალი გზა რომ იხსნება - უგულავასი. ამ ქვეყანაში საქართველოსი არაფერი აღარ არის. ტაქსებთან დაკავშირებთაც ზუსტად მაქვს ინფორმაცია და იგივე იგეგმება.
"რ": ტაქსების შემოყვანა როდისთვის იგეგმება?
გ.ყ: როგორც ვიცი, სადღაც ნოემბრისთვის.