"ერთი ფრაზა ჰქონდათ აჩემებული: "იქ ყველაფერს აგიხსნიანო"... ეტყობა, მართლაც, ყველაფერი "აუხსნეს"...

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერ აქციებზე თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი ჯაშუშობაში ბრალდებული ჩემი მეგობრისა და კოლეგის - გიორგი აბდალაძის მეუღლეს, ნესტან ნეიძეს. ვცდილობდით, გაგვეხსენებინა გიორგის საქმიანობის ყველა დეტალი, რის გამოც შეიძლებოდა, ის ვინმეს დაედანაშაულებინა ჯაშუშური საქმიანობის მსგავს ქმედებაში მაინც. საბედნიეროდ, ხელჩასაჭიდი ვერაფერი გავიხსენეთ. მერე ნესტანს ვთხოვე, გაეხსენებინა ის დღე, როდესაც მისი მეუღლე დააპატიმრეს.

ნესტან ნეიძე: -  შვიდ ივლისს ჩემი დაბადების დღე თენდებოდა. გია გვიან მოვიდა შინ. ღამის 2 საათი იყო დაწყებული. დიდი თაიგული მომიტანა, გამაღვიძა და ასე თაიგულსა და ბავშვთან ჩახუტებულს გადამიღო ფოტოები. მერე დავიძინეთ. ძილში მალევე ჩამესმა ზარის ხმა. საათს რომ დავხედე, სამი იყო დაწყებული. გია კარის გასაღებად გავიდა. ორ წუთში ვხედავ, შემოდის და მოჰყვება ორი-სამი ბიჭი. უთქვამთ, ჩაიცვიო  და თან შემოჰყვნენ. გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი. ჩაიცვით, ქალბატონო და მობილურები გამოიტანეთო. გიას კი მეორე ოთახში გაყოლა და მათი თანდასწრებით ჩაცმა მოსთხოვეს. მორჩილად გამოვიტანე ტელეფონები. მოსულებს სამოქალაქო ფორმები ეცვათ, იქცეოდნენ ძალიან კორექტულად, მშვიდად. მამა თავის ოთახში მუშაობდა. დედას ჩოჩქოლზე გაეღვიძა. სახტად დარჩნენ. ტელეფონები რომ ჩაიბარეს, გვთხოვეს, ოთახიდან გავსულიყავით, გიასთან გვაქვს საქმეო. გავოგნდით. ვინ ხართ-მეთქი, ვკითხე. ყველაფერს აგიხსნითო, - მშვიდად მითხრეს. გიაც გაოცებული იყო. ოთახში რომ შევბრუნდი და გია ხელბორკილით დავინახე, გავხევდი, რა ხდება-მეთქი, - ვიყვირე. მამაჩემიც გადაირია, ვინ ხართ, ჩემს სახლში რა ხდებაო. დედაჩემმა საბუთები მოითხოვა. მერე გვითხრეს, ყაჩაღები კი არ ვართ, ყველაფერს აგიხსნითო. ოთხი ბიჭი ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო, მეხუთე -  კონტრდაზვერვის გამომძიებელი. რაში სდებთ ბრალს-მეთქი? გიორგიმ ყველაფერი იცისო. არადა, გიორგის ბრალდება მხოლოდ მუხლის სახით წაუკითხეს. მოტივი არც მისთვის უთქვამთ. დანარჩენს მოდულის შენობაში აგიხსნიანო.

გიას ისე მიეჩქარებოდა მოდულში, რომ დარწმუნებული იყო, იქიდან მალე დაბრუნდებოდა. ისინი კიდეც  ეხუმრებოდნენ, სად გეჩქარებაო. უკვირდა, რა საშიში დამნაშავე მე მნახეთ, თუ რამე გასარკვევი იყო, დღისით გამოგეგზავნათ უწყება და ჩემი ფეხით მოვიდოდიო. ისინი არ პასუხობდნენ. ერთი ფრაზა ჰქონდათ აჩემებული - იქ ყველაფერს აგიხსნიანო. მე ავყვირდი, ერთი ზარის უფლებას რატომ არ მაძლევთ, ადვოკატს დავუკავშირდები-მეთქი. მერე გვითხრეს, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს და მოწმე მოიყვანეთო. ღამის სამ საათზე ვინ გავაღვიძო, რა ჩხრეკა, ორდერი მაჩვენეთ-მეთქი. ახლა ორდერი არ არის საჭირო, ეს სხვა შემთხვევააო. ძალიან რომ ჩავეძიეთ, მერე გვითხრეს, რომ გიას ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. ეს იმდენად წარმოუდგენელი ბრალდება იყო, სიცილი ვერ შევიკავე. ვფიქრობდი, რომ რამდენიმე საათში ყველაფერი გაირკვეოდა.

რა ნივთები ამოიღეს ჩხრეკის დროს?

- ჩხრეკა არც ჩაუტარებიათ. რასაც გვთხოვდნენ, ყველაფერი თვითონ მიგვქონდა. ფაქტობრივად, მამაჩემი გაძარცვეს, რადგან გიოს პირადი ნივთები სახლში არ ჰქონდა, მანქანაში ტოვებდა ყველაფერს. მამაჩემის ლეპტოპიც წაიღეს და  დისკებიც. თან დაჰპირდნენ, ხვალ დაგიბრუნებთო. მამამ ლეპტოპის ჩანთაც კი გაატანა, რომ ყველაფერი მოხერხებულად და კომფორტულად ჩაედოთ. გეოგრაფიის სახელმძღვანელოს წერს და მთელი მასალები კომპიუტერში და დისკებზე აქვს. ახლა ზის და ელოდება, როდის დაუბრუნებენ, რომ მუშაობა განაახლოს. არადა, თურმე ადვოკატებს ეუბნებიან, თითქოს მამაჩემის პირად ნივთებში აღმოჩნდა გიას კომპრომატები. ეს აბსურდია! მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, აბდალაძის და გედენიძის კომპიუტერებიდან ამოღებულია მასალებიო. სად ნახეს აბდალაძის კომპიუტერი? "ალიაში" არავინ მისულა მისი კომპიუტერის მოსაკითხად, მამაჩემის კომპიუტერიდან  გიას შესახებ ვერაფერს ამოიღებენ.  ნივთებს არ გვიბრუნებენ... მობილურები არც ერთს არ გვაქვს.  დიდ ოთახში კინოფილმების დისკები ეწყო, ისინიც კი წაიღეს...

ხშირად ამბობენ, რომ ბიჭები 26 მაისის ღამით გადაღებული ფოტოების გავრცელების გამო დაისაჯნენ.

- ამის გამო დაისაჯა ირაკლი გედენიძე, თანაც ძალიან სერიოზულად. ჰოდა, მარტო ხომ ვერ იქნებოდა ჯაშუში...” გიამაც პირველივე წერილში მოიწერა, რომ მგონი, 26 მაისის ამბავიაო. ირაკლის ჰქონდა საუკეთესო კადრები. იმუშავა შაჰმაც, გიამაც... მაგათი კადრები დევს კიდეც "ასოშიეითედ პრესის" საიტზე. მაგრამ არც ისეთი განსაკუთრებული კადრებია. გიამ კარგად ვერ იმუშავა იმ ღამეს...

მახსოვს, გია მეუბნებოდა, 26 მაისის აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის ფოტო გადავიღე, კადრში ხელებშეკრული და ცოცხალი ჩანსო. მოგვიანებით ეს ფოტო ნანა ლეჟავას გადაცემაშიც გამოჩნდა.

- ეგ ფოტო ირაკლისაც ჰქონდა, ამიტომ ხელაღებით ვერავინ იტყვის, ის ირაკლის ეკუთვნის თუ გიორგის. ეს მხოლოდ მათ იციან. გიომ იმ ღამითვე მითხრა, ყველაზე კარგად ირაკლიმ იმუშავა, ხელი არ შეუშლიათო. მაშინვე არ მომეწონა ეს ამბავი, გულმა რეჩხი მიყო, როგორ გარისკა-მეთქი. ირაკლიმ "როიტერით" გაავრცელა ყველაზე კარგი კადრები, ოღონდ მისი ვინაობა არ აწერია. თუ სტინგერს არ უნდა ვინაობის გამხელა, "როიტერი" ამას საიდუმლოდ ინახავს. ყველაზე მძაფრი სისხლიანი კადრები ირაკლის გადაღებულია. "როიტერისთვის" მიწოდების შემდეგ რაც დარჩა, ის მისცა ზურას და იმანაც გადაუგზავნა EPA-ს, თავის სააგენტოს. გიორგიმაც გადაგზავნა ფოტოები თავის სააგენტოში. ამ ბიჭებს ძალიან სერიოზულ გამოცემებთან აქვთ ურთიერთობა. გიას ფოტოები "ასოშიეითედ პრესზეა" მუდმივად, იქიდან დაიბეჭდა 26 მაისის კადრები "ნიუ-იორკ ტაიმსში", "ვაშინგტონ პოსტში" და სხვა ძალიან სერიოზულ გამოცემებში. როგორც ჩანს, ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს გარკვევა, ვისგან გავრცელდა კადრები "როიტერში" და  გაირკვა ყველა იმ რეპორტიორის ვინაობა, ვინც იმ ღამით მუშაობდა.

ახლა მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. 27 მაისს ჩემთან სამსახურში მოვიდა ვიღაც  ქალი. გიას ეძებდა, თავისუფალი ჟურნალისტი ვარ და ხომ არ იცით, იმ ღამით ვინ მუშაობდა გადაღებებზე, ფოტოების ყიდვა მინდაო. უცნაურად მომეჩვენა ეს ფაქტი, რადგან გიოს ფოტოების ყიდვის სურვილი ქართველებს არასოდეს გამოუთქვამთ. მივეცი გიოს ნომერი, თუმცა უსიამო გრძნობა გამიჩნდა.

მე ვთხოვე კვინტრაძის ფოტო, მაგრამ არ მომცა, არადა, არაფერს იშურებდა "კვირის პალიტრისთვის". მითხრა, არ გამოვა ჩემგან მაგის გაკეთებაო.

- თვითონაც გაიხსენა, რომ დაურეკეს მაგ ფოტოზე და უთხრა, წავშალეო. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ცნობილ გამოცემებში სერიოზული რეიტინგით მოხვდეს, ამ დროს კი გადის კადრები, სადაც ჩანს, რომ სულაც არ არის  ასეთი კარგი, ცხადია, ამას შეეძლო მისი გაღიზიანება. გიას სამსახურიდან  გაგდებით ვერ დასჯიდნენ. რომ გაიძახიან, ჩვენ ფულს გიხდით და ამ სამსახურის გარდა არაფერი უნდა აკეთოო, მინდა ყველას ვუთხრა, რომ 250  ლარს უხდიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს უშტატო სამსახურში და ას ლარს იღებდა ხელზე, რადგან დანარჩენი თანხა დაზღვევაში მიდიოდა. ფოტოაპარატი ყოველთვის თავისი ჰქონდა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ სამსახურის აპარატით ემუშავა. ახლაც კი განვადებით აქვს ნაყიდი, დეკემბრამდე უნდა ვიხადო საკმაოდ სოლიდური გადასახადი.

ბოლოს რომ ვნახე, ქორწილში მიდიოდა გადასაღებად. ყოველთვის მცირე შემოსავლის გამო ჩიოდა.

- ძირითადად, სარეკლამო შეკვეთებზე მუშაობდა, ბანერებზე ბევრგან მისი ფოტოებია. ქორწილებში და დაბადების დღეებზეც დადიოდა. წვალობდა, ნატრობდა, სადმე კარგ შტატში ვიყო, რომ არ ვირბინოო.

წერილებს როგორ გზავნის?

- სანამ მოდულის შენობაში იყო, თვითონ წერდა, ახლა ადვოკატი ტექსტს იმახსოვრებს და მერე ზეპირად გვეუბნება. გამაოგნა გიას აღიარებამ, ვლოცულობდი, რომ ბოლომდე გაუტეხელი დარჩენილიყო. ძნელია იმის წარმოდგენა, რაც შიგნით ხდება. როგორც ამბობენ, საშინელი ზეწოლა მიდის. როდესაც შიმშილობის გამო ცუდად გამხდარა, გადასხმა გაუკეთებიათ. გაგიჟებულა ამის გამო, რა გამიკეთესო?! ბოლო დღეებში უცნაურად ვითარდება მოვლენები. ჯერ იყო და, ეკა ბესელიას ციხის ადმინისტრაციიდან განუცხადეს უარი მასთან შესვლაზე, გიორგიმ შენზე უარი თქვა და მისი ადვოკატი აღარ ხარო. ეკას მოუთხოვია, ეს გიორგიმ მითხრასო. შეხვდა და გაირკვა, რომ გიას ეკასთვის აცილება არ მიუცია. ახლა კიდევ ამბობენ, აღიარებითი ჩვენება მისცაო, არადა ადვოკატები აღიარებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ მას. გიორგი ამბობდა, არ გავტყდებიო და მერე უცებ სასწაული მოხდა, ხუთ წუთში ისევ შეაბრუნეს ადვოკატები მასთან, ოთახში კამერებიანი ხალხი შემოლაგებულა და გიორგის გაუგებრად დაუწყია ლაპარაკი. გაოგნებული არიან ადვოკატებიც და მეც ვეღარ ვაზროვნებ...

რა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით იყო აღსავსე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება? ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" ადვოკატი ეკა ბესელია ესაუბრა, რომელიც დარწმუნებულია, რომ აბდალაძემ ჩვენება გამოძიებას ზეწოლის შედეგად მისცა.

ეკა ბესელია: - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გია აბდალაძეს ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს. წინადღეს, როცა სანახავად მივედი, ციხის ადმინისტრაციამ არ შემიშვა, მითხრეს, აბდალაძე თქვენს აცილებას ითხოვსო. მაშინვე ვიფიქრე, რომ იმ წუთებში გიას "ამუშავებდნენ". იმ დღეს მისი ნახვა მაინც მოვახერხე. მითხრა, ქურციკიძის აღიარებამ ძალიან დამთრგუნაო. დაინტერესდა ჩემი აზრითაც, რას ვფიქრობდი ამ საქმეზე. ვურჩიე, ეს დანაშაული შენ არ ჩაგიდენია და ამიტომ არც არაფერი აღიარო-მეთქი. ისიც დამპირდა, ასე მოვიქცევიო. დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, რომ წამოვედი ციხიდან. ვფიქრობ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა გიას დამუშავება. ალბათ, აზრიც მაშინ შეაცვლევინეს. მეორე დღეს გამომძიებელმა მისი დაკითხვა დაიწყო, ვიდეოკამერა ჩართეს. გულმა მიგრძნო, რაღაც ისე არ იყო და ვიდეოკამერის გარეშე დაკითხვა მოვითხოვე. მაგრამ გიამ იუარა, ეტყობა, უკვე იცოდა, რაც უნდა ელაპარაკა. მოვითხოვე მასთან პირისპირ დარჩენა, რათა კონსულტაცია გამეწია, ნება დაგვრთეს. ათი წუთი ვილაპარაკეთ,  გიამ კვლავაც მითხრა, აღიარებას არ ვაპირებო. მაგრამ, როგორც კი დაკითხვა დაიწყო, ჯერ თქვა, დანაშაულს არ ვაღიარებო, მერე, ნაწილობრივ ვაღიარებო და ბოლოს, ძირითადად, ვაღიარებო. მაშინვე მოვითხოვე, ოქმში ჩაეწერათ შენიშვნის სახით, რომ ბრალდებულმა ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები წარმოთქვა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გიამ წინასწარ შეთანხმებული ტექსტი გაიმეორა, სწორედ ის, რაც გამოძიებას აწყობდა.

და მაინც, რა თქვა აღიარებისას?

- მოჰყვა, როცა ჯერ კიდევ "კვირის პალიტრის" ფოტოგრაფი ვიყავი, ერგნეთში ჩავედი ფოტოების გადასაღებად. ოსებმა დამიჭირეს და ცხინვალის საპატიმროში სასტიკად მცემესო. ოჯახის წევრების ფოტოები დამიდეს და დამემუქრნენ, რომ მათ საფრთხე შეექმნებოდაო. მაშინ ხელი იძულებით მოვაწერე რაღაც დოკუმენტს, მაგრამ არ მახსოვს, რას ეხებოდაო. მოკლედ, ასეთი სისულელეები ილაპარაკა. მაგალითად, ასეთი რამეც თქვა, ქურციკიძეს ფოტომასალას ვაწვდიდი და ის აძლევდა ეფ-ეს-ბეს თუ კა-გე-ბესო. მოვითხოვე, ოქმში ჩაწერეთ, რომ კა-გე-ბესა და ეფ-ეს-ბეს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, მეტიც, არ იცის, რომ კა-გე-ბე გაუქმებულია და როგორი აგენტია-მეთქი? მორიგი აბსურდი ის იყო, რომ თქვა, ქვეყნისა და თავდაცვის უწყებების პირველი პირების შეხვედრებს ვესწრებოდი, ფოტოებსაც ვიღებდი, მათ საუბრებსაც ვისმენდი და მერე სტენოგრამას ვაგზავნიდიო. პროტოკოლის მიხედვით, ფოტოგრაფმა მაღალი რანგის შეხვედრებზე უნდა გადაიღოს ფოტოები და დატოვოს იქაურობა. მისი თანდასწრებით არავინ ილაპარაკებს.

ასე იყო თუ ისე, მოვახერხე და აბდალაძეს  დავუსვი  მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც ასევე დაფიქსირებულია ოქმში. "ადასტურებ თუ არა, რომ დაკითხვის დაწყებამდე მითხარი, აღიარებას არ ვაპირებო?" - ვკითხე და მანაც დამიდასტურა. "გამორიცხავ თუ არა, რომ სჩადიოდი ჯაშუშურ დანაშაულს? თქვა, გამოვრიცხავო.  ოქმში დაფიქსირებულია ისეთი ჩანაწერებიც, რომლებიც მას აძლევს შანსს, შემდგომში დაადასტუროს, რომ ზეწოლის გამო მისცა ჩვენება გამოძიებას, თუკი ხვალ-ზეგ მას ექნება ჭეშმარიტი აღიარების ამგვარი ძალა.

და მაინც, თუ იცით, რა საშუალებებით მოახდინეს მასზე ზეწოლა?

- ერთი ვიცი. დაემუქრნენ, რომ მის თვალწინ გაუსწორდებოდნენ თანასაკნელს. ამან გიორგიზე ძალიან იმოქმედა.

ხომ არ ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებზე ზეწოლით?

-  ეს მე ნამდვილად არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი აბდალაძემ მთხოვა, მისი მეუღლისთვის გადამეცა, ფრთხილად იყოსო. 

და ბოლოს, ჟურნალისტებმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თქვეს, ვანო მერაბიშვილმა აბდალაძე გიორგაძის კაცად მოიხსენიაო... გიორგაძე ახსენა ფოტოგრაფმა  აღიარებაში?

- ვანომ მართლაც თქვა მასზე, გიორგაძის კაციაო. გიამაც "აღიარა", 2003 წელს აქციების ფოტოებს ვიღებდი და გიორგაძის პარტიას ვაწვდიდიო, რაც კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, არც სიმართლეს შეეფერება. ასეც რომ ყოფილიყო, ამის მოყოლის ხალისი არავის ექნებოდა, უბრალოდ, აბდალაძემ გამოძიების ინტერესი დააკმაყოფილა. ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ მან სხვისი დაწერილი ტექსტით ილაპარაკა.

 

ტორკვემადას "აღიარებები"

 ინკვიზიციის წმინდა კანცელარიის ტრიბუნალი ესპანეთში 1478 წელს მეფე ფერდინანდ III არაგონელმა და იზაბელა I-მა დააფუძნეს. დედოფალ იზაბელას სულიერი მოძღვარი თომას ტორკვემადა უდიდესი უფლებამოსილებით აღჭურვეს და ესპანეთში კუდიანებზე ნადირობა დაიწყო. რელიგიურ ფანატიზმთან ერთად, ინკვიზიციის დამფუძნებლებს უფრო გასამართლებულების ქონება იზიდავდა - ერეტიკოსობაში ეჭვმიტანილს პირველ რიგში ქონებას ართმევდნენ. ინკვიზიციის კიდევ ერთი მიზანი ებრაელებისა და მავრების დევნა იყო.  1481-1498 წლებში ტორკვემადამ კოცონზე 8800 კაცი დაწვა, 90 ათასზე მეტს ქონება ჩამოართვეს, ათასობით ესპანელმა კი თავს გაქცევით უშველა.

 

 რაც მთავარია, ტორკვემადასთვის უმთავრესი აღიარებითი ჩვენება იყო. ადამიანს უნდა ეღიარებინა, რომ ერეტიკოსი იყო, ბნელ ძალებთან ჰქონდა კავშირი და ა.შ. რა თქმა უნდა, ერეტიკოსობის აღიარება ბევრს არ სურდა. ამიტომ ტორკვემადამ და მისმა მიმდევრებმა წამების მთელი სისტემა შექმნეს. შედეგიც შესაბამისი მიიღეს - თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა აღიარებდა ჯადოქრობასა და კუდიანობას. ინკვიზიტორებიც "მშვიდი სინდისით" წვავდნენ კოცონზე "დამნაშავეებს", რასაც ბრბო ტაშს უკრავდა. ტორკვემადას მყარი არგუმენტი ჰქონდა - აღიარა, ე.ი. დამნაშავეა.

ისე როგორც ტორკვემადას, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მთავარი აღიარებითი ჩვენებაა - მნიშვნელობა არა აქვს, როგორაა მოპოვებული - "ესპანური ჩექმით", ფეხებით დაკიდებით თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით. თუმცა, ესპანეთისგან განსხვავებით, XXI საუკუნეში საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე "კუდიანების" აღარ სჯერა და "ერეტიკოსების აღიარებას" მრავლისმეტყველი დუმილით პასუხობს.