დათვლილია თუ არა ტელევიზორის პულტის დღეები

დათვლილია თუ არა ტელევიზორის პულტის დღეები

ტელევიზორის პულტი ძალიან მარტივი მიზეზის გამო შექმნეს: ერთ ადამიანს არ სურდა რეკლამებისთვის ესმინა და უნდოდა, რომ ამ დროს ხმა გაეთიშა. მისი აზრით, რეკლამა ტელევიზორის ყურებისგან სიამოვნების მიღებაში ხელს უშლიდა.

950-იან წლებში Zenith Electronics-ის დირექტორმა იუჯინ ფ. მაკდონალდმა კომპანიის ინჟინრებს ამ საკითხის გადაჭრა დაავალა. ის ვერ იტანდა სატელევიზიო რეკლამას და სურდა, რომ მათ გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც ხმის დახშობა ან უბრალოდ სხვა არხზე გადართვა იქნებოდა შესაძლებელი. ტელევიზორის პულტის ისტორიის შესახებ სტატია BBC Future-მა მოამზადა.

მაკდონალდის კაპრიზმა რევოლუცია მოახდინა. პასიური მაყურებლიდან ადამიანი დაუნდობელ და უგულო "ზედამხედველად" იქცა - როგორც კი ტელევიზორის ყურებისას რამე არ მოგვწონს, ღილაკს თითს ვაჭერთ და სხვა არხზე ვრთავთ.

ნოვატორულ გამოგონებას "Zenith"-მა "ფლეშმატიკი" უწოდა (მომდინარეობს სიტყვა Flash-იდან). ის ინჟინერმა იუჯინ პოლმა შექმნა და პირველი პულტი გაყიდვაში 1955 წელსვე გამოჩნდა.

თანდათან, წლების განმავლობაში, დისტანციური მართვის პულტი დაიხვეწა და ფუნქციურად გაუმჯობესდა. 1970-იან წლებამდე პულტზე ღილაკების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. მრავალღილაკიან პულტებზე გადასვლას ხელი BBC-იმ შეუწყო, როდესაც 1974 წელს ბრიტანელებისთვის Ceefax-ი ჩაუშვა - ტელეტექსტი, რომელიც უფასო ანალოგურ სატელევიზიო სიხშირეებს იყენებდა. ამან უკვე რიცხვების მქონე პულტის საჭიროება შექმნა. სწორედ მაშინ დაიწყო პულტის დღევანდელი სახით ჩამოყალიბების პროცესი.

რაც უფრო რთულდებოდა ტელევიზორი, მით უფრო საჭირო ხდებოდა პულტების განახლება. უკვე 80-იან წლებში, პულტებზე იმდენი ღილაკი იყო, რომ მომხმარებლები "მათში იკარგებოდნენ".

თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ, ყველაფერმა ცვლილება დაიწყო. როგორც BBC Future-ი წერს, შესაძლოა ჩვენს თვალწინ დისტანციური მართვის ახალი ოქროს ერა იწყება. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ჩვენ ტელევიზორების დახმარებით აღარ ვუყურებთ ბევრ სატელევიზიო პროგრამას და შესაბამისად აღარ გვჭირდება პულტი იმ სიხშირით, როგორც ადრე.

ბლოგერი სტივენ ბეშლოსი, რომელიც კულტურულ თემებზე წერს, ამბობს, რომ ჩვენს წინაშე სულ უფრო იხსნება სმარტფონებიდან სახლის მოწყობილობების დისტანციურად მართვის შესაძლებლობა: "და ბევრ ამ მოწყობილობას უკვე შეუძლია ჩვენი ხმოვანი ბრძანების გაგება (აღქმა)", - ამბობს სტივენ ბეშლოსი.

"ნაცვლად იმისა, რომ ბალიშებს შორის ან ტახტზე პულტი ეძებოთ, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ, რომელი არხის/გადაცემის ყურება გსურთ. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომლის სახლშიც 7 პულტია, ეს ნამდვილი პროგრესია", - დასძენს ბლოგერი.