სტილის ერთ-ერთმა ლეგენდამ, სუპერმოდელმა ქეით მოსმა ტანსაცმლის ბრენდ Zara-სთან თანამშრომლობით ახალი კოლექცია გამოუშვა.
როკ ენ როლი, ლეოპარდის პრინტი, მაღალი მოდა, ბრჭყვიალა გლამური, გლასტონბერის ფესტივალი — კოლექცია ყველა იმ არქივულ და მუდამ აქტუალური ლუქის შთაგონებითაა შექმნილი, რომელიც ქეით მოსზე ფიქრისას გვახსენდება.
ქეით მოსს ტანსაცმლის მსხვილ მწარმოებელთან ადრეც უთანამშრომლია — 2010 წელს მისი კოლაბორაცია ქუჩის სტილის პოპულარულ ბრენდთან, Topshop-თან ძალიან წარმატებული გამოდგა და როგორც ჩანს, Zara-ს კოლექციასაც იგივე ბედი ელის. ამ ტანსაცმლის შექმნის შემოქმედებით პროცესში ქეით მოსს მისი სტილისტი და პარტნიორი, კეიტი ინგლენდი დაეხმარა — ინგლენდთან ერთად მოსმა თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე დაუვიწყარ ლუქებს მოუყარა თავი.
კოლექციაში მრავლად შევხვდებით ლეოპარდის პრინტს — მნიშვნელოვან მოტივს მოსის პირად სტილში — რომელიც ქურთუკებზე, საცვალსა და აქსესუარებზე იქნება დატანილი. ასევე, შევხვდებით 70-იანებისთვის დამახასიათებელ საკულტო დეტალებს — ფარფატა კაბებს, შიფონს, ბრჭყვიალა დეტალებსა და ნოსტალგიურ სილუეტებს, რომლებიც მოსის მოდურ მემკვიდრეობას სრულად ასახავს.
მოსისა და Zara-ს კოლაბორაცია გვახსენებს, რომ სტილის შესაგრძნობად არაა აუცილებელი, ჩვენს ტანსაცმელს მაღალი მოდის იარლიყები ჰქონდეს. ქეით მოსის მიზანი საკუთარი ესთეტიკის ყველასთვის ხელმისაწვდომად ქცევა იყო, რითაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მოდის ლეგენდის ტიტული მრავალმხრივი დამსახურების გამო მიიღო.
კამპანიის ფოტოგრაფები მოსის მეგობრები და ხშირი პარტნიორები, მერთ ალასი და მარკუს პიგო იყვნენ — მათთან მოდელი უკვე 25 წელია, მუშაობს.
ქეით მოსის კოლექცია Zara-ს ონლაინ და ფიზიკურ სივრცეებში 30 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.