რამდენი ქართული ძეგლია სომხეთში, რა მდგომარეობაშია და როგორ იცავენ სომხები მეცნიერულ ღირსებას?! ამ თემაზე "ქართული სიტყვა" ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ხელოვნებათმცოდნეს, შუასაუკუნეების სპეციალისტს, ეპიგრაფისტ გიორგი გაგოშიძეს ესაუბრა.
ბატონო გიორგი, თუ არსებობს კომისია, რომელიც სომხეთში არსებულ ქართულ ეკლესეიებს სწავლობს?
- მთხოვეს, იმ ქართული ძეგლების და ეკლესიების სია გამეკეთებინა, რომლებიც ჩრდილოეთ სომხეთში, კერძოდ, ლორეს ოლქში, ალავერდშია.
ლორეს ოლქი ხომ ისტორიული საქართველოა?
- დიახ... ლორე სომხეთს 1921 წელს, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ გადაეცა. ალავერდში ახლაც არის სპილენძისა და ვერცხლის საბადოები და ეს რეგიონი საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი მთავარ ეკონომიკურ ბერკეტს წარმოადგენდა. დღევანდელი ჩრდილოეთ სომხეთი ქვემო ქართლის ტერიტორია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ძირძველი ტერიტორია გახლდათ. «ქართლის ცხოვრება»-ში წერია, რომ მირიან მეფისა და თრდატის (სომეხთა მეფე) ტერიტორიების სასაზღვრო ზოლი ბამბაკის ქედზე გადის - მდინარეები, რომლებიც მტკვარში ჩაედინებიან საქართველოს მხარეა, მდინარეები, როლმლებიც მდინარე არაქსს უერთდებიან, - სომხეთის. მოკლედ, მე-5 საუკუნიდანვე გვაქვს ცნობა, რომ ბამბაკის ქედი წყალგამყოფია - სევანის ტბის სამხრეთი ნაწილი ისტორიული სომხეთია, ჩრდილოეთი - სქართველო.
1921 წლამდე ლორეს ოლქი, თავისი ალავერდით, საქართველოსი იყო?
- რასაკვიერველია. მეტიც, ერევნის სახანო ერეკლე მეფის ვასალაური სახელმწიფო გახლდათ. ალავერდის მხარე ძალიან ძლიერია. იქ ძალიან კარგი სახნავ-სათესი სავარგულებია და მოსავალი წელიწადში ორჯერ მოდის. ალავერდი, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო.
რა საბაბით გადეცათ სომხებს საქართველოს ტერიტორია?
- ეს მხარე უმეტესად სომხებით იყო დასახლებული, რადგან ადგილობრივმა, ქართველებმა მუსლიმანების მუდმივი შემოტევების გამო, იქაურობა დროთა განმავლობაში დატოვეს. გვიან შუასაუკუნეებში ქვემო ქართლი, ფაქტობრივად, ნაოხარი ტერიტორია გახლდათ და 1823 წელს აქ პასკევიჩმა სომხები ჩამოასახლა. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადაეცა ეს ტერიტორია სომხებს, ბოლშევიკებმა საქართველო დასაჯეს - ამიერკავკასიაში, პრაქტიკულად, საქართველო იყო ერთადერთი, რომელიც ებრძოდა ბოლშევიკებს, მათ წინააღმდეგობას ყველაზე დიდ ხანს სწორედ საქართველო უწევდა. სომხეთი და აზერბაიჯანი კი, ბოლშევიკებს პირდაპირ ჩაბარდა... მოკლედ, ალავერდში უამრავი ქართული ძეგლია, რომლებიც შესასწავლია.
მაინც, რამდენი ქართული ეკლესიაა ალავერდში?
- ალავერდში, ასე თუ ისე, კარგად შემორჩენილი ათამდე ეკლესიაა. ასევე, არის ადრეული შუასაუკუნეების უწარწერო ეკლესიები, რომლებიც თავის არქიტექტურით აშკარად ქართულია. 1018 წელს, ანუ ლორეს აღების შემდეგ, დავით აღმაშებებელი სომეხთა მეფე ხდება. მანამდე ლორე თურქ-სელჯუკებს ჰქონდათ. საერთოდ, ლორე ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ ყველაზე ადრეული ეკლესიები - მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეების სწორედ ლორეს რეგიონშია, იქაურობა ქართული სიძველეებით გაძეძგილია.
რატომ იყო ეს მხარე სომხეთად წოდებული და დავით აღმაშენებლის სამეფო ტიტულს რატომ დაემატა „სომეხთა მეფე“?
- საერთოდ, სომეხთა სახელმწიფოს გაუქმების შემდეგ, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ბიზანტიამ და სპარსეთმა სომხეთი სამეფო-სამთავროებად დაყვეს. 1045 წელს ბიზანტიამ გააუქმა ერთ-ერთი ასეთი სამეფო-სამთავრო - ანისი, მაგრამ ამ დროისთვის არსებობდა ტაშიძურაკეთის სომხური სამეფოც, რომელიც ვასლურ დამოკიდებულებაში იყო ბიზანტიასთან. ტაშიძურაკეთის სომხურ სახელმწიფოს ქვემო ქართლის საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა და მისი დედაქალაქი სამშველდე გახლდათ, ანუ ტაშიძურაკეთის სომხურ სამეფო-სამთავროს საქართველოს სამხრეთი მხარე ეკავა...
სომხები ახტალის ეკლესიაზეც წერენ, სომხურიაო. სომეხი მეცნიერების მხრიდან ყოველთვისაა მდცდელობა, რომ უძველესი ქართული ეკლესიები სომხურად გაასაღონ. ამის საპასუხოდ ქართველი მეცნიერები რას აკეთებთ?
- იმას ვაკეთებთ, რასაც ადრე ვაკეთებდით, თუმცა ამ სფეროში გაჯიბრება აშკარად პოლიტიკურ ჭრილში გადადის და ეს პოლიტიკოსების ხელში რაღაც იარაღია. მეცნიერულ დონეზე საუბარი და, გნებავთ, კამათიც შეიძლება, მაგრამ როცა ვაი-სომეხი მეცნიერები სასტიკ სიყალბეს ამბობენ, ძნელია, რამე დაუპირისპირო. მაშინ, ჩვენც ასეთივე ხერხებით უნდა დავუწყოთ ომი. ეს კი, მეცნიერება აღარაა. სიყალბეს რეალური მეცნიერებით უნდა დაუპირისპირდე და ჩვენ ამას ვაპირებთ. თუ გვინდა, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ სხვის კულტურას და იგივე მოვითხოვოთ ჩვენი მეზობლებისგანაც. სომეხმა უნდა გაიგოს, რომ ახტალა ქართული კულტურის ძეგლია. ქართული ეკლესიები არა მარტო ჩრდილოეთ სომხეთში, არამედ ცენტრალურ სომხეთშიცაა - კოშის ეკლესია, რომელზეც მხარგრძელების წარწერაა. ქობაერის ეკლესიაზე კი, ბერი გიორგის წარწერაა: «მე დავფიქლე ეს ეკლესია, კარიბჭე გადავხურე და უცხო თესლისაგან წართმეული მიწები დავაბრუნე». ვინ არის ეს «უცხო თესლი»? - მეზობელი სომხებისგან წართმეულზეა საუბარი. იმ სომეხმა მეცნიერმაც, თუ უნდათ, რომ სომხეთი ნორმალურ ქვეყანად აშენდეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვან.
ანტიქართველი სომეხი მეცნიერები ვინ არიან?
- არის ერთი, სახელი აღარ მახსოვს, აჭრელებს ინტერნეტს, სულ ანტიქართული ლოზუნგებით გამოდის. მეცნიერის მანტიაში გახვეული გამყალბებელია, თან გმირის იმიჯი აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები არსებობს. არადა, მეცნიერება მიუკერძოებული უნდა იყოს. როდესაც მეცნიერება პოლიტიკაში გადადის, ეს მეცნიერებისათვის ცუდია, პოლიტიკისათვის კი, - დამღუპველი!
ჩრდილოეთ სომხეთში ქართული ძეგლები რომ არის, ამას ვერ დამალავ, არ იმალება, თვითონ ყვირის. ყველაზე მეტი ვრცელი ქართული წარწერები სწორედ ამ ეკლსიებზეა. ქობაერის ეკლესიის მთელი ჩრდილო ფასადი ქართული წარწერებითაა დაფარული.
ეს ეკლესიები მოქმედია?
- ქობაერი რესტავრაციის პროცესშია.
რესტავრაციის დროს სომხები ქართულ წაერწერებს არ შლიან?
- ქობაერში პირდაპირი ვანდალური აქტები არ ჩანს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ქართულწარწერიანი საფლავის ქვაა, რომელიც ითელება და ფუჭდება. სპეციალურად აკეთებენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ხნევანქში, ესეც ქართული ეკლესიაა, სადაც შუასაუკუნეების ქართული წარწერით დიდი სამაროვანი იყო. ერთი ქვა მოვძებნე, რამდენიმეს მხოლოდ ნამტვრევები ვნახე. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც რესტავრაციის დროს აშკარად დაზიანდა... ახტალა, როგორც მოქმედი ეკლესია, ჯერ არაა გახსნილი, მაგრამ საკურთხეველი გამზადებულია და, როგორც ჩანს, რომ ლიტურგია ტარდება და მგონია, რომ შიგნით სომხური ეკლსიაა შესული. ხნევანქშიც ისეთ საკურთხეველს აკეთებენ, როგორიც სომხურისათვისაა დამახასიათებელი. როგორც ჩანს, ესეც სომხური ლიტურგიისათვისაა გამიზნული...
თბილისშიც არის დაკეტილი სომხური ეკლესიები, დავდგათ ქართული საკურთხეველი და შევიდეს ქართველი მრევლი. თუ სომხები აკეთებენ, ჩვენ არ შეგვიძლია?
- მერე, კარგი ბიჭებვი ვიქნებით?!
“კარგი ბიჭები” მაშინ ვიქნებით, როცა ჩვენსას გავუფრთხილდებით!
- თუ სომხები ცუდს გვიკეთებენ, ჩვენც ცუდით არ უნდა ვუპასუხოთ, არ იქნება ეს სწორი. ქვემო ქართლში უამრავი ქართული ეკლესია იყო, შემოვიდნენ სომხები და გადააკეთეს სომხურად. წიგნიც მაქვს გამოქვეყნებული - «ქვემო ქართლის მონოფიზიტური ეკლესიები», სადაც მეცნიერულადაა დასაბუთებული ამ ეკლესიების ქართული წარმომავლობა...
ვინ არიან მონოფიზიტები და ვის ეკუთვნის საქართველოში არსებული მონოფიზიტური ეკლესიები
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანებით, ქვემო ქართლში სამეცნიერო კვლევითი ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციის წევრებმა - ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ, არმენოლოგმა ნათია ჩანტლაძემ, არქიტექორებმა - თენგიზ გაბუნიამ, გოჩა ჩიტაძემ და ფოტოგრაფ-ხელოვნებათმცოდნე ბესიკ მაცბარიძემ ასამდე ეკლესია შეისწავლეს. 2009 წელს გამომცემლობა «არტანუჯმა» ამ სამეცნიერო ექსდეციის კვლვები წიგნად - «მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში» გამოსცა. წიგნი სოლიდური მეცნიერული ნაშრომია და დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ სომხური მითი, საქართველოში არსებული თითქოს ყველა მონოფიზიტური ეკლესია სომხური კულტურის კუთვნილებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღიარებენ თუ არა სომეხი მეცნიერები და რელიგიური მოღვაწეები ქართველ მეცნიერთა კვლევებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია!
ამონარიდი წიგნიდან «მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში»: «ნაშრომში განხილულია ქვემო ქართლის ოთხი რაიონის (ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული) ტერიტორიაზე შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები, რომლებიც აქ მცხოვრები მონოფიზიტური აღმსარებლობას ეკუთვნოდა. მონოფიზიტური (ერთბუნებოვანი) ეკლესია ერთ-ერი ქრისტიანული მიმდინარეობაა, რომელიც ქრისტეში განხორციელების შემდგომ, ერთ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებს. როდესაც საქართველოში მოსახლე მონოფიზიტებს ვიხსებეთ, ჩვეულბრივ, ქართველთა ძველი მეზობლები - სომხები გვახსენდება, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩნენ ეთნიკური ქართველები, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში, გარკვეული ვითარებების გამო, მშობლიური მართლმადიდებლობიდან, «სომხის სარწმუნოებაზედ გადავდნენ». საქართველოში მოსახლე მონოფიზიტთა საკითხი და მათი კულტურული მემკვიდრეობა, რაც, როგორც წესი, მხოლოდ სომხებთან ასოცირდება, მეტად ფაქიზი თემაა, ამ საკითხების კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს და მას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. მრავლად არის სამეცნიერო წრეებთან მიტმასნილი საეჭვო რეპუტაციის პირების ავტორობით გამოქვეყნებული ნაშრომები, სადაც ხშირად მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტებით, კულტურის ძეგლების მიკერძოებული და არასწორი შეფასებით, მათი ხელოვნური «დაძველებით» ან არასწორი ინტერპრეტაციით ყალბი ისტორიული დასკვნებია გაკეთებული, რაც შემდგომ, ჩვეულებრივ, პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი ხდება ხოლმე. მანიპულირება ამ ფაქიზი თემით, რომელიც საკითხთა მთელ კომპლესს მოიცავს, მე-19 საუკუნეში დაიწყო და რუსეთის ხელისუფლების შეფარული მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ ნაშრომში - «ქვათა ღაღადი» სწორედ ისტორიის ამგვარ სიყალბეებს აკრიტიკებს, თუმცა დღესაც მრავლად ქვეყნდება ნაშრომები, სადაც ზოგი ქართული ძეგლი სრულიად უსაბუთოდ სომხურ ეკლესიას მიეწერება. არასწორია დასკვნებიც, რომლებიც ხშირად სამეცნიერო ჩარჩოებს სცილდება და ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც, მაგალითად, სახელმწიფოთა შორის საზღვრებია...
ამ პროექტის საწყის ეტაპზე ასამდე ძეგლი იქნა შესწავლილი, აქედან, ორმოცდათვრამეტი სომხური წარწერაა, არის ქართული წარწერებიც, რომლებიც მონოფიზიტური ლიტურგიისთვის მოწყობილი ეკლესიის კედლებზეა ამოკვეთილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებას მონოფიზიტი ქართველების არსებობას გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში.
ნაშრომში, ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოდგენილია ქვემო ქართლში მოსახლე მონოფიზიტების ისტორიის რეალური სურათი".