ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჰიუსტონში (შტატი ტექსასი) ყოფნისას დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც 2020 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები შექმნის საკუთარ კოსმოსურ ჯარს. გარდა ამისა, ორგანიზებული იქნება მთვარეზე გაფრენა, ასევე მარსსა და სხვა, უფრო შორეულ პლანეტებზეც.
ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პენტაგონის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთი „აგრესიულად იყენებს კოსმოსს იარაღის სახით", ხოლო რუსეთი შეიმუშავებს იარაღს, რათა „წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურ პოტენციალს".
პენსის განცხადების თანახმად, თავდაცვის სამინისტრო ყველა ზომას იღებს იმისთვის, რომ „გაამყაროს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება კოსმოსში". გარდა ამისა, ადმინისტრაცია ითანამშრომლებს კონგრესთან, რათა მიიღოს უფლება კოსმოსური ძალების შესაქმნელად, რაც გულისხმობს ახალი, ცალკეული სახის ჯარის შექმნას.
სიტყვით გამოსვლისას მაიკ პენსს ძალიან ვრცლად არ უსაუბრია დეტალებზე, მაგრამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყნის ადმინისტრაციას სურს „კოსმოსში ამერიკის შეერთებული შტატების დომინანტური პოზიციები" უზრუნველჰყოს.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ჯარის შექმნაზე პირველად ივნისში ისაუბრა, მაშინ ტრამპმა პირობა დადო, რომლის თანახმადაც, ის დაუბრუნებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველობას კოსმოსში. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რადგან არ შეიძლება, რომ რუსეთი, ჩინეთი და სხვა ნებისმიერი ქვეყანა ამერიკაზე წინ იყოს ამ საკითხში.
კოსმოსური ჯარების შექმნის გეგმამ განსახილველ თემად აქცია საკითხი - დაირღვევა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა რატიფიცირება და ხელი მოაწერა კოსმოსის შესახებ 1967 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ქვეყნებს ეკრძალება კოსმოსის ან ციური სხეულების სუვერენიტეტის აღიარება. ასევე, აკრძალული სხვა სახელმწიფოებისთვის ხელის შეშლა კოსმოსის შესწავლის პროცესში.
შეთანხმებაში, ასევე განხილულია შეზღუდვები, რომელიც ეხება სხვადასხვა ციურ სხეულებზე, მათ შორის, მთვარეზე, რაიმე ტიპის სამხედრო შეიარაღების არსებობას. შეთანხმების მიხედვით, მთვარე მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.
დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კოსმოსური პოლიტიკის დირექტივას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობას, რათა განახლდეს მთვარეზე გაფრენები, ხოლო მომავალში, შესაძლებელი გახდეს შესაბამისი მისიების ორგანიზება მარსზე ან სხვა, უფრო მეტად დაშორებულ პლანეტებზე მოსახვედრად.