თბილისის გარშემო სანგრებს თხრიან

თბილისის გარშემო სანგრებს თხრიან

თავდაცვის სამინისტროში დედაქალაქის დაცვის გეგმა მუშავდება. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა გეგმის დეტალებზე საჯარო განცხადება არ კეთდება, ვინაიდან ის გარკვეულ სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს. აღნიშნული ინფორმაცია „რეზონანსისთვის" თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბიდან გახდა ცნობილი.

რამდენად ხარისხიანად იქნება ეს ღონსძიებები გატარებული და რა შედეგზეა ის ორიენტირებული, ჯერჯერობით უცნობია. „რეზონანსის" ინფორმაციით, ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ზღუდეების შენება და სანგრების თხრა, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. გამოკვეთილია პასუხისმგებელი პირებიც, ვინც, საფრთხეებდან გამომდინარე, ორგანიზებას გაუკეთებს ამ ყველაფერს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, თბილისის დაცვის გეგმის არსებობა აუცილებელია.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე „რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ თბილისის დაცვის გეგმა მუშავდება.

„ეს არის გარკვეული სამუშაო, რომელზეც მე ამ წუთას ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის თავდაცვაზე ნამდვილად ინტენსიურად ვმუშაობთ და მათ შორის დედაქალაქის დაცვაზე. რაც შეეხება სანგრებს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს," - აღნიშნა სალომე მახარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის დაცვის გეგმის მზადებას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა ასეთი გეგმის შემუშავება და განხორციელება.

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური ამბობს, რომ მაშინ, როცა დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, თბილისის დაცვის გეგმის არსებობა აუცილებელია. რაც მისივე თქმით, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საომარი მოქმედებისთვის ემზადება.

„გარკვეული ღონისძიებები გასატარებელია. ეს ჩვეულებრივია და მითუმეტეს იმ ვითრებაში, რომელიც დღეს გააჩნია საქართველოს, როცა დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საოკუპაციო ძალები არინ განლაგებული. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა, გარკვეული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. იგივე თავდაცვის მიზნით. ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

წესით და რიგით, ეს უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის წინ. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, რამდენად ეფექტური იქნება ეს გეგმა, თუ მოგვიწია საომარი მოქმედების განხორციელება. ამ გეგმის განხილვა საჯარო არ უნდა იყოს, ვინაიდან ის გარკვეულ სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს," - ამბობს გიორგი მელითაური.

რაც შეეხება სანგრების თხრას, მელითაური თვლის, რომ ეს უფრო პიარულ ხასიათს ატარებს. რადგანაც, სამხედრო თვალსაზრისით სანგრების თხრა და პოზიციების წინასწარ მომზადება არანაირად არაა გამართლებული.

„წინასწარ მომზადებული პოზიცია ნიშნავს, რომ შენს მოწინააღმდეგეს წინასწარ უმხელ იმ სავარაუდო პოზიციას, სადაც აპირებ თავდაცვითი ზღუდეების დაცვას. მაგრამ იგივე სანგრების თხრა შეიძლება იყოს თბილისის დაცვის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. კონკრეტულად ამაზე საუბარი რთულია, როდესაც ამ გეგმას არ ვიცნობ," - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას გიორგი მელითაურმა.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თუ რაიმე საფრთხე არსებობს, მაშინ განგაშის სისტემები უნდა იყოს მოქმედებაში მოყვანილი, რაც არ ხდება.

„რაიმე ისეთი საგანგაშო მდგომარეობა არაა. თუმცა კი დაზვერვის დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, რომ რუსეთისგან საფრთხე არსებობსო. განსხვავებით 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისაგან, ამჟამად უკვე დაზვერვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთისგან საფრთხე არსებობს.

თვითონ თავდაცვის სამინისტროს რაღაცა გასაიდუმლოებული პოზიცია უკავია. ეს განცხადებაც რომ არ იყოს, თბილისიდან 30-40 კილომეტრში დგას საკმაოდ აგრესიული შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ქართული ტერიტორიები," - ამბობს ბარბაქაძე.

რაც შეეხება თბილისის გარშემო სანგრების თხრას, სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ სანგრების თხრა მეათეხარისხოვანია. ვინაიდან, მისი თქმით, არსებობს უფრო ეფექტური საშუალებები, რომლითაც მთლიანად უნდა იყოს ქალაქი დაცული.

„სანგრების გათხრა შეიძლება ორ რამესთან იყოს დაკავშირებული. პირველი - სანგრები იმიტომ ითხრება, რომ წინასწარ მზადდება სანგრები დაცვისათვის და მეორე - შესაბამისი შეიარაღებული ძალები წვრთნებს გადიან.

მაგრამ აქ მთავარია, თუ არის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები შეძენილი, თბილისი მთლიანად თუ არის გადაფარული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე ამაზე უნდა იყოს პირველ რიგში საუბარი და არა სანგრების თხრაზე.

სანგრები მეათეხარისხოვანია. 21-ე საუკუნეა, არსებობს უფრო ეფექტური საშუალებები, რომლითაც უნდა იყოს ქალაქი დაცული და არა მარტო დედაქალაქი," - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას აკია ბარბაქაძემ.

„ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა სამხედროებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ომს იწყებს," - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, რომლის თქმით, ჯერჯერობით არ იგრძნობა, რომ ხელისუფლება რაიმე ტიპის სამხედრო მოქმედებისთვის ემზადება.

„არც რუსეთისგან იგრძნობა, რომ დღეს რუსეთი აპირებდეს ინტერვენციის გაფართოებას და სამხედრო ძალით ოკუპაციის მასშტაბების გაზრდას. რაც შეეხება თბილისის დაცვის გეგმას, ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეს გეგმა აუცილებელია," - ამბობს თავდგირიძე.

იგი ასევე ადასტურებს ცნობებს თბილისის შემოგარენში სანგრების თხრის შესახებ.

„ჩვენ ვხედავთ ამ პროცესებს, როდესაც გავდივართ ქალაქიდან. ვიზუალურად თქვენც შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ადგილას გათხრილი სანგრები თბილისის გარშემო. სანგრების გათხრა ტექნიკური დეტალია და სრულფასოვანი სასანგრე სისტემის გათხრა შეიძლება 10 წუთიდან 1 საათის განმავლობაში. ანუ ეს პროცესი არაა თბილისის მომზადება თავდაცვისთვის. მაგრამ, თუ მხოლოდ ეს არის თბილისის დაცვა, მაშინ ეს არაა საკმარისი", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას გიორგი თავდგირიძემ.