პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია კვლავ „მეგობარ აქტს“ ებღაუჭება

პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია კვლავ „მეგობარ აქტს“ ებღაუჭება

საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე კვლავ აქტუალურია „მეგობარი აქტის“ თემა, რომელიც, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის უკანასკნელ იმედად რჩება. პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია, ლობისტების მეშვეობით, აქტიურად ცდილობს ამ ეტაპზე შეჩერებული აქტის მიღებას, რომელსაც სამი სენატორი ბლოკავს. ამის ნათელი მაგალითია სენატორი ჯო უილსონის განცხადება, რომ წლის ბოლომდე, „მეგობარი აქტი“ აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „მეგობარ აქტს“ რამე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული საზოგადოება აფასებს არა „გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე“. კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციას ძალიან ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა არცერთმა არ უშველა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. მთავარია საზოგადოების შეფასება“.

„თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ან იგივე „მეგობარ აქტში“ ასახულია ცრუ ინფორმაცია, ამას ქართული საზოგადოებისთვის არავითარი ფასი არ ექნება. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვრცელდებოდა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება რომ სურდეს, აქამდეც დაასანქცირებდა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია დარწმუნებულია, რომ „მეგობარი აქტი“ წელს კანონად იქცევა. „ამერიკაში ვიზიტის შემდეგ განვაცხადე, რომ ეს აქტი წელს გადაიქცევა კანონად. ეს არ იყო საფუძველს მოკლებული განცხადება, ეს ემყარებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს, რაც ჩვენ გვქონდა „ძლიერი საქართველოდან“ ვაშინგტონში, ორი კვირის წინ“, - განაცხადა გეგელიამ. მისი თქმით, ოთხი სენატორიდან, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, ახლა უკვე ორს აქვს მსგავსი ტიპის კითხვები და ამ ორთანაც ინტენსიურად მუშაობენ, რათა წელსვე, აქტი კანონად იქცეს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ქეთევან ბაკარაძის შეფასებით, საქართველოს სჭირდება „მეგობარი აქტი“, რათა ის გავრცელდეს კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზეა პასუხისმგებელი.

„ვეთანხმები, რომ „მეგობარი აქტი“ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუმცა არა იმიტომ, რომ ეს სანქციები ქართველ ხალხზე გავრცელდეს, მაგალითად, როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დგას, არამედ იმ კონკრეტული გუნდის მიმართ, რომელიც დღეს დემოკრატიულ უკუსვლაშია დამნაშავე“, - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

„მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act), ანუ „საქართველოს სუვერენიტეტის, მდგრადობისა და დემოკრატიის გაძლიერების აქტი“, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც საქართველოს მიმართ, აშშ-ის პოლიტიკის გადაფასებას ითვალისწინებს. როგორც მისი ავტორები აცხადებენ, აქტის მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობა და რუსეთის დესტაბილიზაციური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, ამ ეტაპზე, მისი მიღება შეჩერებულია.

აქტი წარდგენილი იყო კონგრესში, სადაც ის განიხილებოდა შესაბამის კომიტეტებში. თავდაპირველად, ოთხ სენატორს ჰქონდა სკეპტიციზმი აქტთან დაკავშირებით, თუმცა ამჟამად ორი მათგანი ბლოკავს. ამერიკელი სენატორები თვლიან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებს და ხელს უშლის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ოპოზიციის წარმომადგენლები აქტის მიღებას აქტიურად უჭერენ მხარს და მიიჩნევენ, რომ ის კონკრეტული პირების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზეა პასუხისმგებელი. ისინი იმედოვნებენ, რომ აქტი ხელს შეუწყობს სანქციების დაწესებას იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც, მათი აზრით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სასაცილოა კონგრესმენი ჯო უილსონის მცდელობა, თითქოს, ის საქართველოზე მეტად ნერვიულობს, ვიდრე საკუთარ შტატზე, სადაც აირჩიეს. აბაშიძის თქმით, ეს ზუსტად იმ სიტუაციას ჰგავს, რასაც ადამ კინზინგერი აკეთებდა, რომელიც დღეში ორ „ტვიტს“ საქართველოს შიდა ამბებს უძღვნიდა. ორივე მათგანის ინტერესის საგანი კი ფული და ლობიზმია.

„უკვე ვნახეთ, რომ მის ე.წ. მშობლიურ ლობისტურ კომპანიას დიდი თანხა გადაუხადეს და ისიც აგრძელებს მავნებლურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის განცხადებები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას გარკვეულ ქულებს აძლევს, ქართველი ერის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. ჯო უილსონს სულაც არ ანაღვლებს, რას და რატომ აკეთებს. მისთვის მთავარია ფული და ის ინტერესები, რასაც ლობისტური საქმიანობა გულისხმობს. სხვა დარდი მას საქართველოსა და ქართველ ხალხზე რეალურად არ გააჩნია. აბა, ფული არ გადაუხადოს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ერთ სიტყვასაც არ დაწერს „ტვიტზე“. არც „მეგობარ აქტზე“ საუბრით მოიკლავს თავს. ეს არის შეკვეთილი აქტი, რომლის მიღებაზეც ჩვენი ოპოზიცია ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, თუმცა ამ ეტაპზე კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ლობისტური კომპანიების მეშვეობით კეთდება მავნებლური საქმეები და სწორედ ეს კამპანია მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ქართული საზოგადოებისთვის „მეგობარი აქტის“ მიღება-არმიღება ნამდვილად არაფერს ნიშნავს. ჩვენი მოსახლეობა კორუმპირებული და არაადეკვატური დასავლელი პოლიტიკოსების რიტორიკას საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას. ეს ყველაფერი მხოლოდ ვიწრო ოპოზიციურ „ბაბლზე“ და მათ მიმდევრებზეა გათვლილი. ბევრს ოპოზიციაშიც აღარ სჯერა იმის, რასაც ესენი ლაპარაკობენ, ამიტომ „წერე და იკითხეს“ პროცესში არიან. „მეგობარი აქტის“ გამო, რუსთაველზე ხალხი არ გამოვარდება და არც ოპოზიცია შეუყვარდებათ მეორე დღესვე. იმის მაგივრად, რომ ხალხთან იკონტაქტონ, რეპუტაცია აღიდგინონ, გაიგონ, ჩვენს მოსახლეობას რა უნდა, დარბიან ვაშინგტონში, ბრიუსელში, ფულს უხდიან მატყუარა სენატორებს, კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ“, - აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, ტრამპს რომ სურდეს საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება, ამას ხვალვე, ერთი განკარგულების გამოცემით გააკეთებდა, როგორც ბრაზილიის ხელისუფლებასთან დაკავშირებით მოიქცა. ამიტომ, ცრუპენტელა ჯო უილსონის ტყუილების არავის სჯერა. თუნდაც მიიღონ კანონი, ამას ხელს ტრამპი არ მოაწერს და ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, რატომ წვალობენ ამდენს.