მართლმადიდებლები ელექტრონული პასპორტების წინააღმდეგ

მართლმადიდებლები ელექტრონული პასპორტების წინააღმდეგ

 

საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან მართლმადიდებელების აქცია დაგეგმილი 14 საათზე იყო, თუმცა ხალხმა მოსვლა 20-იოდე წუთით ადრე დაიწყო. მეც რეპორტაჟის მომზადებას ვიწყებ, აქციაში მონაწილე ადამიანებს ვუახლოვდები და მათ რეპლიკებს ვინიშნავ, რომლებიც ასეთ ფრაზებს ამბობენ: „როგორ შეიძლება, უგულავა იღებდეს საეკლესიო გადაწყვეტილებებს? დაუშვებელია პატრიარქზე და სინოდის წევრებზე ზეწოლა. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არ უნდა მიეცათ უფლება, რომ საპატრიარქოში შესულიყვნენ. ბრძოლის დროა, გამოფხიზლების დროა“...

„დღეს საქართველოში მამა არ გვყავს, გვყავს დედა ეკლესია, ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით. დედა ავად გახლავთ. მრევლის ანუ ეკლესიის შვილთა მოვალეობაა, რომ ავადმყოფ დედას ვუმკურნალოთ“, - ამ განცხადებას ოდნავ მოგვიანებით უკვე დიაკვანი, მამა ელიზბარ დიაკონიძე აკეთებს.

გუშინ აქცია დედა-ენის პარკში დაიწყო და ხელოვნების მუზეუმთან გაგრძელდა, რომელზეც 1 000-ზე მეტი ადამიანი იყო. აქციას სხვადასხვა ეკლესიებიდან წამოსული მრევლიც შეუერთდა, ყველა ეკლესიაში 13 საათზე ზარები დაირეკა და მრევლის ნაწილმა ხელოვნების მუზეუმთან გადაინაცვლა.

მრევლმა სინოდის გადაწყვეტილებაც გააპროტესტა. მათი აზრით, სინოდი ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავიდა და პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებული კანონის შესახებ პროტესტის გაგრძელებაზე უარი თქვა, რომლის თანახმადაც რელიგიურ კონფესიებს იურიდიული სტატუსი ენიჭება. აქციაზე მრევლი და სასულიერო პირების ნაწილი ხატებით, ჯვრებითა და საეკლესიო (წმ. გიორგის) დროშებით იყვნენ მოსულები.

მრევლს კომენტარს ვთხოვ, თუმცა მათგან ისევე, როგორც ორი დღის წინათ საპატრიარქოსთან გამართული აქციის დროს, უარს ვიღებ, მათი თქმით, სათქმელს სასულიერო პირები იტყვიან, მათ კი პროტესტი აქ გამოსვლით უკვე დააფიქსირეს. თუმცა ორი რესპონდენტის მოძებნა მაინც მოვახერხე:

„იმიტოი მოვედი აქ, რომ ელპასპორტების შემოღებას ვაპროტესტებ. არ უნდა იყოს ძალადობა. არ უნდა აიძულონ ხალხი, რომ აიღონ ეს პასპორტები. ამის ალტერნატიული ვარიანტიც უნდა იყოს. ჩვენნ ვალდებულები ვართ, ყური დავუგდოთ ჩვენს სულიერ მამას, ყური დავუგდოთ ჩვენს პატრიარქს”, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას მანანა ქაშიაშვილმა.

ჯემალ ჯღარკავას აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რათა 26 მაისის სისხლიანი მოვლენები როგორმე გადაფაროს ამ ხელისუფლებამ: „5 ივლისის კანონის მიღებით ცდილობენ 26 მაისის მოვლენების გადაფარვას. ასეთი სისხლიანი დარბევა როდიონოვს არ ჩაუდენია საქართველოში. ამ დარბევისას ხალხის უფლებები აბსოლუტურად იგნორირებული იყო. ეს არის საშინელება. კატასტროფაა, როდესაც დაპატიმრებულ მამაკაცებს გაუპატიურებით ემუქრებიან. ეს, რომ აღარ მოხდეს ხალხი ერთად უნდა დადგეს და ეს სისხლისმსმელი მთავრობა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

რაც შეეხება სინოდის გადაწყვეტილებას, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირება, რადგან არ ვიცი, რეალურად რა და როგორ მოხდა, მაგრამ ერთი კი ფაქტია - ამით იგნორირებული იქნა მართლმადიდებელების უფლებები. ამიტომ საჭიროა ხალხის გამოფხიზლება, ერიც და ბერიც ფეხზე უნდა დადგეს. არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენს რელიგიას შურაცხყოფა მიაყენოს. მართლმადიდებლური რელიგიის წართმევის უფლებას არავის არ უნდა მივცეთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ჯღარკავა.

მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა მედიასთან აქციის მიზნებზე ისაუბრეს:

„მართლმადიდებლების არა მარტო დისკრედიტაცია ხდება, არამედ მასხრად აგდებაც“, განაცხადა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა ნანობაშვილმა. „სინოდის კრებაზე გათვალისწინებული არ იქნა 10000 მართლმადიდებელის მოთხოვნა და იმ 5-კაციანი ჯგუფების მოთხოვნები გაითვალისწინეს, რომლებიც არავინ იცის, რა მიზნით არიან საქართველოში შემოსულები. არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც მათ მიანიჭეს იურიდიული სტატუსი. საზოგადოებამ თავადგანსაჯოს, ვინ არის უფლებაშელახული და დამცირებული: ის 5-კაციანი ჯგუფები თუ მართლმადიდებლები?

რაც შეეხება სინოდის გადაწყვეტილებას, მასზე მოგახსენებთ, რომ სინოდმა გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო... სტატუსს რომ აძლევ, ხომ უნდა იცოდე, ვის აძლევ და რა მიზნით? ჩვენ ძალიან მალე ვამხელთ მათ, რომ ისინი ანტი-მართლმადიდებლური ძალებისგან იმართებიან.

გეტყვით იმ წერილის შინაარსსაც, რაც საბერძნეთიდან გამოგვიგზავნეს. მათი შეფასებით, ასეთი მასმედია მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, როგორც საქართველოშია. დემოკრატიის ნიშნები არ შეინიშნება. აქ ხდება თავისუფალი სიტყვის მოკვდინება.

ჩვენ ვითხოვთ, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს ი სმოტივები, რა მოტივებითაც ეს პირები საქართველოში არიან ჩამოსულები. ცხადია, რომ პატრიარქი ორი დღის წინათ სხვა რამეზე საუბრობდა. შემდეგ რა ზეწოლები განხორციელდა მასზე, ეს მე არვიცი, არც ის ვიცი, თუ ვინ მიდიოდა ღამით მასთან, მაგრამ ფაქტია - მეორე დღეს სხვა გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მრცხვენია, რომ საქართველოში გამხადეს მონა. ტელევიზია ჩემს გულისტკივილს ვერ მიშუქებს, აქ საუბარი პოლიტიკურზე არ არის, აქ საუბარია მართლმადიდებლურ გადაწყვეტილებებზე.

15 ქვეყანაში ვიყავი და ასეთი პრეცენდენტი ვერსად ვერ ვნახე, ელექტრონული პასპორტების აღებას ვგულისხმობ. ასეთი რამ მსოფლიოში ხდება პირველად და ეს ხდება საქართველოში თუ იმ კულტურისა და ისტორიის ქვეყანა ვართ, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, მართლა სამარცხვინო ამბავია ის, რაც ხდება. სააკაშვილის აღვირახსნილობას და პროპაგანდას ბოლო უნდა მოეღოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სინოდის კრების დროს ამ საკითხის იგნორირება მოხდა. ელპასპორტებს „კონტროლზარას“ ეძახიან, იგი ჩვეულებრივი ადამიანების დასაზომბირებელი საშუალებაა. ეს არის საშუალება, რითაც ადამიანებს თავისუფლებას ართმევენ. კაპიტალისტურ ქვეყნებში არსად არ მიიღეს ასეთი პასპორტები“.

მედიასთან კომენტარი წმინდა სამების საკათედრო ტაძრისწინამძღვარმა, დიაკონმა

მამა ელიზბარ დიაკონიძემ (რომელიც ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა «წმინდა გიორგის სადროშეს» ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა) გააკეთა. მან უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველ მართლმადიდებელს გუშინდელი დღე მიულოცა, გუშინ წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრების დღესასწაული აღინიშნებოდა. მან განმარტებაც გააკეთა, მისი თქმით, ამ შეხვედრის მიზანი გამოსავლის ძებნაა იმ გაურკვეველი სიტუაციიდან, რომელშიც საქართველო იმყოფება:

„დღეს წმინდა გიორგის სადროშო შეიკრიბა და მოვაწყვეთ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. დაანონსებული გვქონდა, რომ 13 საათისთვის საზეიმო ზართა რეკვით აღგვენიშნა დღევანდელი დღე, რომელსაც «ეროვნული ერთობის დღესასწაული» დავრქვით. ჩვენდასამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აკრძალეს დღესასწაულის ბოლომდე აღნიშვნა. ახლახანს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტი ხალხთან ერთად მიბრძანდა ყვითელი ავტობუსებით, საზეიმოდ იყვირეს «მიშა, მიშა»... მას პატრიარქისთვის დღესასწაული არც კი მიულოცავს და ისე გაბრუნდნენ უკან.

ჩვენ ქვეყნისა და ერისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ვაპროტესტებთ. ვაპროტესტებთ იმას, რომ დღეს საქართველოში მამა არ გვყავს, დედა ეკლესია გვყავს ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით. დედა ავად გახლავთ. მრევლის ანუ ეკლესიის შვილთა მოვალეობაა, რომ ავადმყოფ დედას ვუმკურნალოთ. შემოგვიერთდით და ერთად ვეძებოთ გზები, როგორ გამოვძვრეთ ამ საოცად რთული სიტუაციიდან“.

აქციის ორგანიზატორებმა მრევლსაც მიმართეს და იგივე პოზიცია დააფიქსირეს, რაც ჟურნალისტებთან საუბრისას. აქციის დასრულების შემდეგ ისინი პრეზიდენტის რეზიდენცისკენ გაემართნენ, სადაც პრეზიდენტს წერილი დაუტოვეს. ისინი ითხოვენ სიტუაციის განმუხტვას. მათი თქმით, თუ მათი აზრი ელპასპორტებთან დაკავშირებით არ იქნება გათვალისწიებული, მაშინ ხელისუფლებას ანტი-მართლმადიდებლურად გამოაცხადებენ, ხელმოწერებს დაიწყებენ და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების დაბლოკვას საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით შეეცდებიან.

აქციის ორგანიზატორებმა ისიც აღნიშნეს, რომ მათი ბრძოლა აკადემიური სტილის იქნება და ყველას მოუწოდეს, რომ თუ იქნება პროვოკაცია ვინმეს მხრიდან, მას არ აჰყვნენ, რადგან შედეგის მიღწევა მშვიდობიანი გზით სურთ.

მათ შემდეგი აქციაც დაგეგმეს და დაანონსეს, რომ მომდევნოაქცია კვირას 13 საათზე მეტეხის ხიდზე გაიმართება