გარეგინ მეორისა და გიგი უგულავას საიდუმლო ვიზიტი ვერცხლის ქუჩაზე, სუბრშანის ეკლესიაში

გარეგინ მეორისა და გიგი უგულავას საიდუმლო ვიზიტი ვერცხლის ქუჩაზე, სუბრშანის ეკლესიაში

რა გარიგება შედგა თბილისის მერსა და სომხეთის პატრიარქს შორის საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით და რა სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის მერიის ბიუჯეტის დაფინანსებით ეკლესიაში.   

 

საქართველოს ხელისუფლება დაჟინებით გვარწმუნებს, რომ 5 რელიგიური კონფესიისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება, ქვეყნისთვის, საქართველოში მართლმადიდებლობისთვის, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების მეორე დღესვე, სომხეთის საპატრიარქომ, სომეხმა მეცნიერებმა, ღიად თუ შეფარვით, უკვე განაცხადეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ე.წ. გრეგორიანული ტაძრების ეჩმიაძინისთვის გადაცემის პრეტენზიები, საქართველოს საპატრიარქო, პირადად პატრიარქი ილია II, უკვე ღიად აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება შეცდომა იყო და მიანიშნებს, რომ ეს არამარტო რელიგიური, სახელმწიფოებრივი საფრთხის მატარებელია, ხელისუფლებას არგუმენტირებული პასუხები არ გააჩნია და თავისას ,,უბერავს“'' - სახელისუფლებო ექსპერტები, ხელისუფლების ულტრალიბერალი პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადავდგით, ამით ისტორიული სამართლიანობა აღვადგინეთ და მიგვანიშნებენ - ჩვენ დაგვიჯერეთ, პატრიარქისა და სხვა მაღალი მღვდელთმსახურების არგუმენტები კი, ერთ ყურში შეუშვით და მეორედან გაუშვითო.

 

ხელისუფლება იმასაც გვარწმუნებს, რომ სომხეთის საპატრიარქოს პრეტენზიები გაზვიადებულია, მარგინალური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ცდილობენ, ქართულსომხური ურთიერთობა დაძაბონ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები კი, საზოგადოების რელიგიურ გრძნობებზე თამაშით აპირებენ პოლიტიკური ქულების მოპოვებასო (არც უმაგისობაა, მაგრამ არც მთლად ისეა საქმე, როგორც ხელისუფლება ცდილობს დაგვიხატოს). სომხები არამხოლოდ პრეტენზიას აცხადებენ იმ ქართულ ეკლესიამონასტრებზე, არამედ უკვე შეგულიანებული აქვთ ის 5 ეკლესია, რომლის გადაცემასაც უკვე ითხოვენ. ,,ვერსიამ'' ექსკლუზიურად დაადგინა ის ხუთივე ეკლესია, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე გადაეცემა ეჩმიაძინს და ამის თაობაზე ვრცელ მასალას, შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

 

თუმცა, საქმე იმაზე უარესადაა, ვიდრე გვგონია. ხელისუფლება, არათუ მზადაა გადასცეს 5 ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს, მეტიც, ცდილობს, აღადგინოს ისინი, რაც შეიძლება, მეტი აღდგენითი სამუშაოები ჩაატაროს საბიუჯეტო სახსრებით და მერე, გაკეთილშობილებული, თითქმის აღდგენილი უძღვნას სომეხთა პატრიარქს გარეგინ - IIს. იმ 5 ეკლესიიდან, რომელიც სომხეთს უნდა გადაეცეს, ერთი ვერცხლის ქუჩაზე მდებარეობს. მისი სომხური სახელწოდებაა - სუბრშანი, რაც ქართულად ,,წმინდა ნიშანს'ნიშნავს. სომხები ამტკიცებენ, რომ ეს ეკლესია თბილისელმა სომხებმა ააშენეს 1701 წელს, ქართველი მეცნიერები საწინააღმდეგოს გვეუბნებიან. ფილოლოგიის დოქტორი, არმენოლოგი ბონდო არველაძე აცხადებს, რომ სუბრშანი ქართული საეკლესიო ქალკედონური ძეგლია, რომელიც, თავის დროზე, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზეა აშენებული და ამას მონასტრის ქართული წარწერებიც ადასტურებს. 

 

,,სუბრშანი არის ქართული ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეებშია აშენებული. ამას პლატონ იოსელიანი არგუმენტებით ამტკიცებს თავის ნაშრომებში, სხვა, მრავალი ისტორიკოსი და საეკლესიო ხუროთმოძღვრების არაერთი ცნობილი წარმომადგენელიც, ასევე ეჭვმიუტანელი ფაქტებითა და არგუმენტებით, იმავეს ადასტურებენ თავიანთ ნაშრომებში, რომ სუბრშანი სადავო ძეგლიც კი არ არის, ის სომხებმა მიიტაცეს, ქართული ეკლესია გადააკეთეს გრეგორიანულად და იქ წირვალოცვაც მიმდინარეობდა. სუბრშანი, რომელიც სომხებმა მიიტაცეს, კომუნისტებმა დაკეტეს და მას აქეთ, დაკეტილია. ამ ათიოდე წლის წინ, ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა. ეკლესიაში ინახებოდა ათეულობით ათასი წიგნი, რელიგიური ხასიათის სომხური სიგელგუჯრები და მხოლოდ უმცირესი ნაწილის გადარჩენა ძლივს მოხერხდა. იქიდან დღემდე, სუბრშანისთვის არავის მიუკითხავს, არც ნაგავი (ნაცარი და დამწვარი წიგნების უსარგებლო ნაშთები) გაუტანია ვინმეს. სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს სომხებმა, რათა ქართული წარწერები ცეცხლს შთაენთქა.

 

ამავე ბრალდებას, სომხური მხარე ქართველებს უყენებს. თუმცა, ეს ისეთი სადავო თემაა, რომელიც არასდროს გაირკვევა. დღემდე კაციშვილმა არ იცის და ,,ვერსიამ'' სრულიად შემთხვევით შეიტყო, რომ სუბრშანის სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებულა. ეს ვერცხლის ქუჩის სომეხი ეროვნების მაცხოვრებლებმა მითხრეს, რომლებმაც იქვე დასძინეს, მიხეილ სააკაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი არ გეყოლებათ, კაცი ეგ არის, სომხებს ეკლესიას გვირემონტებს საქართველოს ბიუჯეტითო და თან, დამანამუსეს - რა სახე შეგეცვალა, ჯიგარჯან, ამ ეკლესიას სომხები მხარზე ხომ არ ავიკიდებთ და ხომ არ წავიღებთ ერევანშიო? ნეტამც წაიღოთ და თავსაც დაგვანებებდეთმეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მათთვის არაფერი მითქვამს, ეკლესიას მივაშურე. სუბრშანში გამალებული აღდგენითი მუშაობა მიდის. იქ ორი ადამიანი დამხვდა, ერთი ქალბატონი, მეორე კაცი. ქალი ხელმძღვანელი ჩანდა, ხოლო მამაკაცს უშველებელი ნიჩაბი ეჭირა ხელში და ცეცხლისგან ნამუსრევი ბიბლიოთეკის ნაშთებს ერთი ადგილიდან მეორეზე ყრიდა. მათგან მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ ორგანიზაცია ,,საქართველოს იკომოსის'' წარმომადგენლები იყვნენ და ეკლესიაში საპროექტო სამუშაოებს ატარებდნენ. ამ ეტაპზე, აზომვითი სამუშაოები და მონასტრის გაწმენდითი პროცესი მიმდინარეობს. ამით ,,საქართველოს იკომოსი'' დაასრულებს თავის ფუნქციას.

 

,,საქართველოს იკომისის'' წევრებს უმუშავიათ იკორთის, ფიტარეთის, ატენის სიონის და სინაგოგას აღდგენით სამუშაოებზე. ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გამიმხილა, მხოლოდ ის დამიდასტურა, რომ, როგორც თავად იცის, ეკლესიას გრიგორიანული სტატუსი შეუნარჩუნდება და ისინი, ამ ეკლესიას, როგორც ისტორიულკულტურულ ძეგლს, ისე აღადგენენ. იქვე გავიგე, რომ თბილისში ვიზიტის დროს, სუბრშანს სტუმრობდა სომეხთა პატრიარქი გარეგინ II. მოგვიანებით, ამ ინფორმაციას მივყევი და საკმაოდ სოლიდური და სკანდალური კულუარული ინფორმაციები მოვიძიე. 

 

,,საქართველოს იკომოსი'ანუ იგივე ,,ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საქართველოს ეროვნული კავშირი, საპროექტო სამუშაოებს უკვე თვეზე მეტია ახორციელებს სუბრშანში, მისი დამკვეთია თბილისის მერია. ამ ორგანიზაციამ სწორედ მერიის ტენდერში გაიმარჯვა, დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ ეტაპზე, ,,საქართველოს იკომოსმა'მოიგო 19 000ლარიანი ტენდერი - გაწმენდითი და დაგეგმარებითი სამუშაოებისთვის.  ამ კავშირის ხელმძღვანელია მერაბ ბოჭორიძე. აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდება. მერიას განზრახული აქვს, სუბრშანის აღდგენითი სამუშაოები წლის ბოლომდე განახორციელოს. სავარაუდოდ, ეს პროცესი 25 000 ლარი დაუჯდება თბილისის მერიის ბიუჯეტს და აი, ასე, სრულიად აღდგენილი სახით გადასცემენ სუბრშანს ეჩმიაძინს. ვერცხლის ქუჩაზე და, საერთოდ, მიმდებარე ქუჩებზე, მცხოვრები სომხები არ მალავენ, რომ გარეგინII სუბრშანს ღამით ესტუმრა.

 

,,ჩვენი პატრიარქი'აქ ეჩმიაძინის მაღალი მღვდელმსახურების თანხლებით მოვიდა. საქართველოს საპატრიარქოს ერთი წარმომადგენელი ახლდა, მაგრამ ის ეკლესიაში არც შესულა. გიგი  უგულავა ახლდა ჩვენს პატრიარქს და ის უწევდა მეგზურობას. კიდევ, 45 კაცი იყო, ეტყობა, მერიის თანამშრომლები. დაახლოებით, 15 წუთი დაჰყვეს მონასტერში, ჩვენც, ხალხიც შევყევით ეზოში, მონასტერში არ შევსულვართ. მერე გარეთ გამოვიდნენ. მათი ლაპარაკი გარკვევით გვესმოდა. ეგ თქვენი უგულავა, ეტყობა, ძაან კაი კაცია, ჩვენს პატრიარქს არწმუნებდა, როგორც შეთანხმებული იყო, ზუსტად იმ ვადებში ვეტევით, ვიდრე ეს რაღაც ფორმალური ამბები მოგვარდება, ამასობაში ეკლესია იმ სტადიამდე მივა, რომ ყველა შავი სამუშაო დამთავრებული იქნება, დანარჩენს კი, შეთანხმებისამებრ, თქვენი საპატრიარქო მიხედავსო. აი, ეს მიამბო ერთმა იმ უბნელმა სომეხმა, მოკლედ, თბილისის მერია შავ სამუშაოებს შეასრულებს, მონასტრიდან ნაგავს გაიტანს, დაგეგმარებით სამუშაოებსაც მოილევს, სანაგვედქცეულ ეზოს გაასუფთავებს, შემოღობავს და დანარჩენს სომხები მიხედავენ. ძირითად სამუშაოებს, უკვე ეჩმიაძინის სინოდის არქიტექტურისა და რესტავრაციის სამსახური მიხედავს და ეკლესიას იმ იერს დაუბრუნებს, რომელიც მას მე-18 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს გასაბჭოებამდე, 2 საუკუნის მანძილზე ჰქონდა, ანუ როცა ქართული რელიგიური ძეგლი ქართველებს წაჰგვარეს და სომხურად გადააკეთეს.

 

კულუარული ინფორმაციით, გიგი უგულავა ახალ წლამდე აპირებს სუბრშანის რესტავრაციის წინა ეტაპის სამუშაოების დასრულებას. იმ ,,რაღაც ფორმალური ამბების მოგვარებაში'' კი, სავარაუდოდ, იგულისხმება ეჩმიაძინის მიერ სუბრშანის მისთვის გადაცემის მოთხოვნა, ეკლესიის გადაცემის სამართლებრივი პროცესი და მისი დასრულება. მოკლედ, გიგი უგულავას ფული არ ენანება, რომ სომხური ეკლესია აღადგინოს. არა, წინააღმდეგი არა ვართ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა რელიგიური კონფესიის საკულტო ძეგლი უნდა აღდგეს, მოევლოს და ეპატრონოს, მაგრამ აქ არის რამდენიმე საჭოჭმანო საკითხი, რომლებიც მერიის გადაწყვეტილების მართებულობას აყენებს ეჭვქვეშ.

 

1. სუბრშანი არის სადავო ეკლესია. მასზე სრულიად საფუძვლიანი პრეტენზიები საქართველოს საპატრიარქოსაც გააჩნია და საპატრიარქო, ამ ეტაპზე, წინააღმდეგია, რომ გადაეცეს ეს ძეგლი სომხეთის ეკლესიას. ერთია ძეგლის აღდგენა, მეორე კი მერის დაპირებები გარეგინ II-სთვის, რომ ძეგლს დათქმულ ვადაში იმ კონდიციამდე მიიყვანს, სომეხთა პატრიარქს რომ შეპირდა. საპატრიარქოში არ იციან არაფერი უგულავა-გარეგინ II-ს გარიგების შესახებ. მათ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ-უგულავასა და სომხეთა პატრიარქის ლაპარაკიდან შეიტყვეს ეს, ისიც, საპატრიარქოს ერთადერთმა წარმომადგენელმა.

 

2. უნიკალური რელიგიური ხელნაწერის ,,მოქვის სახარების'' გადასარჩენად, რომელიც განადგურების პირასაა, სახელმწიფომ საკმარისი თანხა რომ ვერ გაიმეტა, აუქციონი გაიმართა, იქიდან შესული ფულითა და კერძო და იურიდიული პირების შემოწირულობებით აპირებენ ამ უნიკალური ძეგლის რესტავრაციას. მე არაფერს ვერჩი სომხურ ეკლესიას. კი, ბატონო, ისტორიულ-კულტურული ძეგლია, იყოს სომხური, უნდა აღადგინო, მაგრამ იქნებ, ჯერ საკუთარისთვის მიგვეხედა? აქ რელიგიური ნიშნით ისტორიულ ძეგლთა დაყოფა-დაპირისპირებაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ, ,,მოქვის სახარება'', თავისი ისტორიულ- კულტურული მნიშვნელობით, ათეულობით სუბრშანის ეკლესიას გადაწონის. მით უფრო, სუბრშანი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ,,მოქვის სახარება'', რომელიც დღითიდღე უარესდება.

 

3. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეარჩია გიგი უგულავამ ის პრიორიტეტები, რომლითაც სუბრშანის აღდგენითი სამუშაოები, მაინცდამაინც, წელს, მაისში უნდა დაწყებულიყო და 2012 წლამდე უნდა დასრულებულიყო? იმ დროს, როცა არაერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, გაცილებით მძიმე დღეშია თბილისში, ვიდრე სუბრშანია, გაცილებით ნაკლები თანხაც სჭირდება მათ აღდგენას, რატომ დააყენა ამ ათეულობით ეკლესია-მონასტრის წინ სომხურად შერაცხული სადავო ტაძარი და რატომ დაენანა ფული ქართული ისტორიულ- კულტურული ძეგლებისთვის საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან?

 

4. სუბრშანი რელიგიური ძეგლია, რომელიც, მოგახსენეთ, ამ ეტაპზე სადავოა და საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქის კატეგორიული მოთხოვნაა, სომხებთან სადავო ეკლესია-მონასტრების საკითხი, მათი წარმომავლობა, რელიგიური სადაურობა, მრავალმხრივი კომისიის მუშაობის დასკვნის საკითხზე გადაწყდეს, თან ნაცვალგების პრინციპით. სუბრშანი ამჟამად, საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება - კონკორდატი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთჩაურევლობას გულისხმობს. თბილისის მერი, გიგი უგულავა კი, არად დაგიდევთ ამ შეთანხმებას და, მართალია, კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ რელიგიურ ძეგლს, თუმცა, ორ ეკლესიას შორის სადავო ტაძარს განიხილავს მხოლოდ ისტორიულ-კულტურულ ძეგლად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, იქ იწყებს აღდგენით სამუშაოებს. რა არის ეს, თუ არა კონკორდატის დარღვევა? ეკლესიის საქმეებში უხეშად ჩარევა? მეტიც, არათუ საქართველოს საპატრიარქოს საქმეებში ჩარევაა, მისი არაფრად ჩაგდებაა (სხვა, უფრო მწვავე შეფასებასა და შესაბამის ტერმინოლოგიას განგებ მოვერიდე), აბა, რა უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, როცა თბილისის მერი, საპატრიარქოს გვერდის ავლით, მოლაპარაკებებს აწარმოებს სომხეთის საპატრიარქოსთან, პატრიარქთან, გარეგინ II-ს გარკვეულ დაპირებებს აძლევს და ამის შესახებ, საპატრიარქოს საქმის კურსშიც კი არ აყენებს? აი, ასეთია გიგი უგულავასა და გარეგინ II-ს ფორსირებული ქმედებები და, კაცმა არ იცის, კიდევ რა სახის საიდუმლო შეთანხმებასთან გვაქვს საქმე. ურიგო არ იქნება, მერიის მაღალჩინოსნები თუ გამოგვეხმაურებიან და ,,ვერსიის'' ამ შეკითხვებსა და შენიშვნებს პასუხს გასცემენ. ამის გაკეთება კი, მათ ,,ვერსიის'' ფურცლებზე თუ სხვა საშუალებებით, უახლოეს მომავალში მაინც მოუწევთ, რადგან დიდ შარში გაყვეს თავი. ამ კითხვებზე საზოგადოება ელის პასუხს, კონკრეტულ და დეტალურ ახსნა-განმარტებას. უპირველესად კი, თბილისის მოსახლეობა, რომელმაც გიგი უგულავა აირჩია მერად და მას, ამ მოვალეობის შესრულებაში, ხელფასსა და პრემიებსაც უხდის და მრავალმხრივი კომფორტითაც უზრუნველყოფს.