იმის გამო, რომ მსოფლიოში ფინანსური კრიზისია და საქართველოში სოციალური მდგომარეობა რეალურად არც ისეთი სახარბიელოა, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად საგადასახადო შეღავათების პოლიტიკა გაატაროს. ეს შეღავათი კი, რატომღაც მხოლოდ იმპორტირებულ თამბაქოს შეეხება.
რა თქმა უნდა, თამბაქოს ნაწარმის ყოველდღიური მოხმარება ძალიან დიდია, მაგრამ სიცოცხლისთვის ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პროდუქციაც არსებობს.
მაგრამ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათები არა პურზე და წამლებზე დაწესდება, არამედ თამბაქოზე, თანაც იმპორტირებულ თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციაზე.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება კი იმას გულისხმობს, რომ ფიზიკური პირების მიერ თამბაქოს ნაწარმის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება კიდევ ხანგრძლივდება.
მოქმედი საგადასახადო კოდექსით, თამბაქოს ნაწარმის, ანდა ნედლეულის ფიზიკური პირის მიერ იმპორტი გადასახადისგან 2011 წლის 1-ელ იანვრამდეა გათავისუფლებული. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით კი შეღავათი 2012 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოქმედი ნორმით გადასახადისგან გათავისუფლებულია თამბაქოს ნედლეულის ყველა სახეობა, გარდა „ტრაბზონის“ ჯიშის თამბაქოსი, პროექტით კი ეს შეზღუდვა იხსნება.
მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით ხსნის, რომ ამ შეღავათის მოხსნა თამბაქოს გაძვირებას გამოიწვევს და ეს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, მთავრობისთვის გასაგებია, რომ ეს პროდუქცია არ არის ერთი შეხედვით სასიცოცხლო მნიშვნელობის, მაგრამ იმის გამო, რომ თამბაქოს ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს, ეს ფაქტორი გათვალისწინებული უნდა იქნას. თანაც, მისი თქმით, საუბარია არსებული შეღავათის გადავადებაზე და არა რაიმე ახალი შეღავათის დაწესებაზე.
ერთი შეხედვით ეს არგუმენტი გასაგებია, ყოველ შემთხვევაში, მწეველებისთვის მაინც, მაგრამ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ცალკერძ პარლამენტი ეწინააღმდეგება და, მეორეს მხრივ, ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მიდგომა არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს თამბაქოს მეწარმეებს.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი მუდმივი დავის საგანია და ის მეწარმეები, ვინც ადგილობრივ თამბაქოს აწარმოებენ, ყოველწლიურად ითხოვენ, რომ იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში თანაბარ პირობებში იყვნენ.
პარლამენტი მეწარმეების თანაბარ პირობებში ჩაყენების მომხრეა და, რაც მთავარია, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თამბაქო არის ჯანმრთელობისთვის მავნე და შეიძლება, რომ ამ სფეროზე შეღავათები არ გავრცელდეს.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ, როდესაც პარლამენტში ახალი „საგადასახადო კოდექსის“ შესწორებული პროექტი მეორე მოსმენისთვის შევიდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა მთავრობას ურჩია, რომ თუკი ბიუჯეტის შესასვსებად გადასახადების მობილიზება გინდათ, შეღავათები თამბაქოს ნაწარმს მოუხსენითო.
როგორც ჩანს, ამ რჩევის გათვალისწინების ნაცვლად, მთავრობა თამბაქოსთვის, თანაც იმპორტირებულისთვის შეღავათების უფრო გაძლიერებას გეგმავს.
სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ამ ინიციატივიდან აშკარად ჩანს, ეს არის მათი პირადი ინტერესი და რაში აინტერესებთ, ვინმეს ჯანმრთელობას ზიანი ემუქრება თუ სხვისი ბიზნესი შეიძლება დაზარალდეს“.
„ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ჩვენი ხელისუფლების ქმედებიდან შეიძლება ერთი ოქროს წესის გამოყვანა. თუკი რაიმეზე რაიმე შეღავათი წესდება, ეს შედის მათ პირად ინტერესებში. თუ არადა, არანაირ არც შეღავათს უნდა ელოდოს ვინმე და არც არაფერს. ამიტომაც ამ გადაწყვეტილების სულაც არ მიკვირს. მით უმეტეს, რომ ეს საკითხი მუდმივად ასეა, მთავრობა გადაწყვეტილებას სწორედ იმპორტირებული თამბაქოს სასარგებლოდ იღებს და დამიჯერეთ, მომავალ წელს ამ შეღავათს კიდევ გადაავადებენ“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.