„ჩვენ გვაქვს რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, თუ ნორმალურები და მოდერნიზებულები გახდებიან, კარგი იქნება" , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მოდერნიზება რუსეთისთვის ცვლილებას ნიშნავს და ეს არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა, ვიდრე ხალხი ფიქრობს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წელს საქართველო რუსეთმა დაბომბა, მაგრამ საქართველო ომის დღეებშიც და დღესაც ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს რუსეთში.
„ეს ნორმალურია. ჩვენ უნდა გავაცალკეოთ ეს ორი რამ ერთმანეთისაგან", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მოსკოვში ისმის ლოზუნგები, რომ მათ სურთ საქართველოს მსგავსი საგადასახადო, კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმების გატარება.
„სხვათა შორის მედვედევმა მოგვბაძა და ჩვენი პოლიციის რეფორმა გადაიღო. მან დაავალა ხალხს, გაცნობოდნენ, ჩვენთანაც გამოგზავნეს, თუმცა სხვაგვარად ახორციელებენ ამ რეფორმას", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთში აშკარაა თავისუფლებისთვის მოძრაობები, რომელიც ვერ შეჩერდება.“
„მე ვიცხოვრე საბჭოთა პერიოდში და ვნახე, რომ ცვლილებები სწრაფად ხდება. ახლა მესმის ხმები, რომელიც მაგონებს ჩემი ახალგაზრდობის დროინდელ ხმებს, როდესაც ელიტა იყო ცინიკური, ხალხი კი სატიტიკოსი ხდებოდა. ახლა სატირიკოსობა რუსეთში საუკეთესო პროფესიაა. ის კლავს ნებისმიერ ავტორიტარულ მთავრობას. დემოკრატიული მთავრობები საკუთარ თავზე ხუმრობენ, ავტორიტარულ მთავრობებს კი სძულთ, როდესაც მათზე ხუმრობენ და ცდილობენ, აკრძალონ, მაგრამ რაც უფრო მეტად კრძალავენ, მით უფრო მეტად იწყებენ ხუმრობას. ეს კი ლიდერებისთვის ნორმალური აღარ არის, ჩვენ ახლა რუსეთში სწორედ ამას ვხედავთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.