რას მოგვითხრობს ვახტანგ კომახიძის ფილმი 2008 წლის ომზე

რას მოგვითხრობს ვახტანგ კომახიძის ფილმი 2008 წლის ომზე

“მე იმის ეჭვიც კი გამიჩნდა, რომ ხელისუფლებას,შესაძლებელია, შეეშინდა კიდეც, რომ კომახიძეს ოსური მხარისგანარ ჩავარდნოდა ისეთი მასალა, რომელსაც შეეძლო საქართველოსხელისუფლების იმიჯის დაკნინება”, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ვახო კომახიძის ფილმ “ესეც ჩვენი მოგებულ ომის” შესახებ, რომლის პრეზენტაციაც თავად ჟურნალისტისა და ფილმის ავტორის თხოვნით აღნიშნულმა ორგანიზაციამ კინოს სახლში მოაწყო.

 

ამ ფილმის შესახებ ძალიან დომინანტურია ის მოსაზრება, რომ მასში ბალანსი დაცული არ არის. ანუ ქართული მხარის პოზიცია პრაქტიკულად არ ჩანს. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

უჩა ნანუაშვილი: მე არ ვარ ჟურნალისტი, რომელიც ფილმს საჭირო სტანდარტებით გაზომავს. ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის დოკუმენტური კადრები, რომლებიც ამ ფილმშია; ის სიტუაცია, რომელიც დანახულია ამ ფილმით, ანუ ალტერნატიული, მეორე მხარე, თუ რა ხდებოდა იმ მეორე (ოსურ) მხარეში. სწორედ ამ მხრივ ვთვლი, რომ საინტერესო ფილმია. ფილმში ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა მეტყველებს იმაზე, რომ ომის დროს ადგილი ჰქონდა სერიოზულ დანაშაულებს ორივე მხრიდან, რაც გამოძიებული უნდა იყოს, დამნაშავეები კი - დასჯილები. რა თქმა უნდა, რუსეთი არის დამნაშავე, რა თქმა უნდა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ფაქტია, რომ არასოდეს ჩაგვიხედავს ჩვენს წარსულში, არასოდეს გადაგვიფასებია ჩვენი ისტორია, ჩვენი შეცდომები, რის გამოც, ჩვენ, ქართულ მხარეს, დიდი წვლილი მიგვიძღვის ქართულ-ოსური ურთიერთობის რღვევაში.

 

თვითონ ფილმის კადრებზე მინდა გკითხოთ. ამბობთ, რომ ეს დიდი მნიშვნელობის მქონდე კადრებია.

- დიახ, ეს უნიკალური კადრებია. მათგან ძალიან ბევრი მე პირველად ვნახე.

 

თუმცა ამ კადრების უმეტესობაზე ბევრი ამბობს, რომ მობილურით არის გადაღებული, იუთუბზე ატვირთული და კომახიძის ფილმის გარეშეც ვნახავდითო. ახალი კი კომახიძემ არაფერი შემოგვთავაზა ახალი, გარდა მონტაჟისაო. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-  აქ არის კადრები, რომლებიც „იუთუბზე“ ნამდვილად არ არის. ანუ, კომახიძეს მიაწოდეს ოსებმა. აქ მთავარი არის ის, რომ ფილმში ჩანს ერთგვარი ანალიზი იმისა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს საქციელზე; ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ ის, თუ რამ მიგვიყვანა აქამდე. 2008 წლის ომი ერთ დღეში დაწყებული ომი არ ყოფილა. მას ჰქონდა მიზეზები, რაზეც საუბარი არც ადრე ყოფილა და, სამწუხაროდ, არც ახლა არ ხდება. ფაქტობრივად, კვლავ გრძელდება იგივე სიტუაცია. ჩვენ გვინდა სხვები (რუსები და ოსები) დავადანაშაულოთ. საკუთარ წვლილზე კი არაფერს ვსაუბრობთ.

 

ფილმში ძალიან კარგად ჩანს ოსური მხარის პოზიცია ლირა ცხოვრებოვასა და ბორის ჩოჩიევის სახით. არასაკმარისად კი - ქართული მხარის პოზიცია. როგორ ფიქრობთ, ეს კომახიძემ ვერ შეძლო, თუ...

- ქართული მხრიდან არის პაატა ზაქარეიშვილის, ნანა კაკაბაძის პოზიციები.

 

მაგრამ არ არის ოფიციალური მხარის პოზიცია.

- ოფიციალურ მხარის ჩაწერას ვერ შეძლებდა. გაუჭირდებოდა. მას ძირითადი ნაწილი, სანამ წავიდოდა საქართველოდან, მომზადებული ჰქონდა, მარტო ოფიციალური მხარის ჩაწერა ვერ შეძლო. თუმცა „პროპაგანდის“ ნაწილში ჩანს ხელისუფლების პოზიცია. მართალია, ცალკე არ ყოფილან ჩაწერილნი, მაგრამ ამ კადრებიდან ნამდვილად ჩანს.

 

თავად კომახიძის შესახებ რა იცით, სად არის და როგორ არის?

- ამ დრისთვის იმყოფება შვეიცარიაში, როგორც პოლიტიკური დევნილი. ვუკავშირდები ხოლმე. ვნახე კიდეც. ამ ფილმის ჩვენება-პრეზენტაცია სწორედ მან მთხოვა. ჩემი აზრით, ეს ფილმი საზოგადოებამ უნდა ნახოს, მეორე საკითხია, ვინ მოიწონებს და ვინ - არა. ზოგადად ამ თემაზე რომ უნდა ვიფიქროთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რის საფუძველსაც ეს ფილმი იძლევა.

 

კომახიძის პოლიტიკური დევნის შესახებ რაიმე კონკრეტული ფაქტები იყო, თუ თავი იგრძნო დევნილად და წავიდა?

- როგორც თავად საუბრობდა, გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან იყო ზეწოლა და მუქარა.

 

ფილმის გადაღებამდე?

- დიახ, მანამდე. მოღალატედაც გამოაცხადეს. მე იმის ეჭვიც კი გამიჩნდა, რომ ხელისუფლებას, შესაძლებელია, შეეშინდა კიდეც, რომ კომახიძის ოსური მხარისგან არ ჩავარდნოდა ისეთი მასალა, რომელსაც შეეძლო საქართველოს ხელისუფლების იმიჯის დაკნინება. რეალურად, ფილმში ომამდელი სიტუაციებიც არის აღწერილი, რაც ფილმს მეტ ინტერსს მატებს. ეს არის ფილმი იმისათვის, რომ რეალური მდგომარეობა გამოჩნდეს. სხვა ფილმები, რომლებიც ამ ომზე მომზადდა, იყო რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტული. აქ კი ცოტა სხვა რაკურსია. აქცენტი გადატანილია ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე. პრეისტორიაა იმაზე, თუ რამ მოგვიყვანა აქამდე.

 

გარკვეული ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ფილმი კომახიძეს რუსულმა მხარემ შეუკვეთა.

- რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეა ასახული? აქ ხომ ყველა კადრი დოკუმენტურია; არაფერია ისე შექმნილი... რაც არ უნდა ცუდი იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სიმართლეა.