2007 წლის გაზაფხულზე (73 წლის ასაკში) უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე. მხოლოდ 2 პროცენტი იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ, ღვთის წყალობითა და შესანიშნავი ექიმების (თემურ ბეშკენიძე, მალხაზ მიზანდარი) ძალისხმევით, მეშველა...
უახლოესი მეგობრები (რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია და სხვ.), როცა ფეხზე დავდექი, გამომიტყდნენ, უკვე ხელი გვქონდა ჩაქნეული შენზეო. ჩემგან წასული ელდარი სამსახურში რომ დაბრუნებულა (ლია ხოშტარიასგან ვიცი), უთქვამს, ისეთ დღეშია, ნეტავ, არ მენახაო, რეზო ჩხეიძემ კი, საერთოდ რომ არ მშორდებოდა, ბოლოს გამანდო კიდეც, რაღა დაგიმალო და, ყოველთვის გამოსამშვიდობებლად მოვდიოდიო...
ასეთი შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ, როგორც ხდება ხოლმე, ხმა უმალ გავარდა (თქვენ წარმოიდგინეთ, მიუნხენიდანაც და ვაშინგტონიდანაც კი ჩამოვიდნენ ჩემი კოლეგები პროფ. ვოლფგანგ ლენგსფილდი, ჟურნალისტი ბილ თომასი და სხვ.) ბევრს გულწრფელად აწუხებდა ჩემი მდგომარეობა. ატყდა ერთი მითქმა-მოთქმა - პირველად ხომ ჯერ მაშინ მომკლეს, როცა სრულიად მოულოდნელად ჩვენი შესანიშნავი მომღერალი გოგი დოლიძე გარდაიცვალა. არადა, მართლაც, რა სჭირდა სასიკვდილო ამ ყმაწვილ კაცს... ახლა კი...
და აი, რეკავს ტელეფონი (საქალაქო) ჩემს ბინაში და როგორღაც მოხდა ისე, რომ თავად ავიღე ყურმილი.
პაუზა.
- გოოგიიი?! - ერთგვარ ბგერით კარდიოგრამასავით დაიკლაკნა ქალბატონ მედეა ჩახავას ინტონაცია, როცა რაღაც ჩემი ხმის მაგვარი რამ მოესმა. როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა და, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, მობილურზე კი არა, შინ დაერეკა და ვინმესგან გაერკვია, რა ხდებოდა ჩემს თავს. მისი ხმის მოდულაციის (ვაჟა აზარაშვილის საყვარელი სიტყვაა) მიხედვით, ნაღდად სახტად დარჩა, კიდეც მიცნო, კიდეც - ვერა...
თუ არ ვცდები, ერთობ საინტერესო შტრიხია იმისათვის, თუ როგორი მეგობრობა იცოდა ქალბატონმა მედეა ჩახავამ და ამიტომაც იყო, რომ იგი, უფლისგან უხვად ბოძებულ ნიჭიერებასთან და მომხიბვლელობასთან ერთად, გამორჩეული და საყვარელი იყო მთელი საქართველოსათვის. იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის მედეა ჩახავა, არც მეტი, არც ნაკლები, 86 წლის გახლდათ.
ყველა ღირსებასთან ერთად, მედეა ჩახავა მეტად მშობლიური, მეგობრული, გულთბილი ადამიანი იყო და ადვილად შემოდიოდა კონტაქტში, როგორც ამ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, თუკი რაიმე ახლობლურს დაინახავდა შენში.
ჩემი ხელობის ადამიანისათვის თითქოს უცხო არ უნდა იყოს სცენისა და ეკრანის გამოჩენილ ოსტატებთან სიახლოვე, მაგრამ იმთავითვე მეთაკილებოდა ე.წ. სეზონური მეგობრობა, რომელიც მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, რეცენზიებსა თუ სხვადასხვა სახის გამოხმაურებებს რომ ვწერთ (მე და ჩემი კოლეგები) ახალ ფილმებსა თუ სპექტაკლებზე, შემდეგ კი ქებასა თუ გინებას ვიმსახურებთ და, შესაბამისად, ვხდებით მეგობრები ან მტრები. არა! ქალბატონი მედეა ჩახავა სხვა რანგის ადამიანი იყო, ერთობ მაღალი სულიერებისა და ასეთი ქვენა გრძნობებისათვის ვერ დაწვრილმანდებოდა.
განსაკუთრებით მას შემდეგ დავუახლოვდით ერთმანეთს, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდანვე მეტად სერიოზული და დაჟინებული მოძრაობა (ჯერჯერობით ერთობ რბილად და მოკრძალებულად ვამბობ ამას) წამოვიწყე აკაკი ხორავას სახელის უკვდავსაყოფად და ქართული კინოს ოფიციალური დღის დასაარსებლად.
ღვთის გულისათვის, ნუ გაგიკვირდებათ ახლა, და ნუ იტყვით, რა სჭირს შენი დასაცავი ხორავასო... არამკითხეთა ასეთ ზურგსუკან ქილიკს უკვე შეჩვეული ვარ და აღარც ვაქცევ ყურადღებას. ეს კი არა, სულო ცოდვილო, ერთი, ვინმე ასეთ რამეს ხმამაღლა იტყოდეს და მეტი არც მინდა, იმდენი "ამოსახეთქი" დამიგროვდა ამ 15 წლის განმავლობაში, რაც ხორავას დაბადების 100 წლისთავისთვის (რომლისთვისაც ნამდვილი განგაში ავტეხე თავის დროზე) შემდეგაც, ყოველ 29 აპრილს მის დაბადების დღეს რომ ვიხდით ხან მთაწმინდის პანთეონში და ხანაც სენაკში. ისე, რაღა დაგიმალოთ და, ძალიანაც მეამაყება, რომ ვარ ერთადერთი ქალაქის - სენაკის საპატიო მოქალაქე, იმ ფოტოსურათსაც სასოებით ვინახავ, როცა წარმოუდგენელი პატივი მხვდა წილად და სენაკში ხორავას სახლ-მუზეუმის გახსნისას ლენტი გამაჭრევინეს...
ვინ დამიდგა გვერდით ამ უკეთილშობილეს ინიციატივაში? ცხადია, უპირველეს ყოვლისა, მედეა ჩახავა და რეზო ჩხეიძე, რომელთა ვეებერთელა ავტორიტეტის გარეშე, ბუნებრივია, დიდი-დიდი, ერთი სტატია დამებეჭდა და ერთიც ხსოვნის საღამო ჩამეტარებინა, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ახლა კი, უკვე 14 წელია, ყოველი წლის 29 აპრილს, დამახასიათებელია, ზუსტად 12 საათზე (იმდენად ზუსტად, რომ უკვე ვიცით, მზე როგორ ასხივებს ამ დროისათვის და სად უნდა დავდგეთ, რათა ჩრდილში არ მოვექცეთ, როგორც ეს თავდაპირველად მოგვივიდა და ფოტოკამერამ ყველაფერი აღბეჭდა) ვიკრიბებით ხორავას საფლავთან, ვიხდით სამოქალაქო პანაშვიდს ჩვენი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად, რომელთაც მუდამ უერთდებიან მთაწმინდის პანთეონის სტუმრები. ამავე დროს, შეძლებისდაგვარად, რაზედაც ხელი მიგვიწვდება, ვცდილობთ, სტატიები თუ მოგონებები გამოქვეყნდეს პერიოდულ პრესაში, ტელევიზიით რომელიმე ფილმი გადაიცეს ხორავას მონაწილეობით და ა. შ.
მეტი რა შეუძლია ჩემი ხელობის კაცს, მითხარით, ერთი?!
ახლა იმას არ იკითხავთ, როგორ გაეხარდა ქალბატონ მედეას და როგორ დაგვიდგა გვერდით, როცა შესანიშნავმა ინტელიგენტმა, ჩვენმა დაუვიწყარმა გურამ ქარქაშაძემ მთხოვა, გენერალი კაცი ვარ, მინისტრის მოადგილე, მაგრამ გული მაინც თქვენკენ მომიწევს და ეგებ, საკანდიდატო დისერტაცია დამაცვევინოთ რაიმე საინტერესო საკითხზეო... უმალ ხორავა შევთავაზე, მაგრამ არა, როგორც თეატრალი, არამედ როგორც - კინემატოგრაფისტი. ოთხი წელი ვიმუშავეთ და ბრწყინვალედ დაიცვა კიდეც ჩვენთან (მაშინ ბატონი გიგა ლორთქიფანიძე იყო რექტორი) - ქალბატონი მედეა სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დისერტანტის გვერდით იჯდა და ეს უკვე მხარდაჭერა იყო არა უბრალოდ ერთი სახალხო არტისტის მხრიდან, არამედ ადამიანისაგან, ძალიან ახლოს რომ იცნობდა ბუმბერაზ ხორავას - ხორავას, რომელიც პირდაპირ ამბობდა, შვილი რომ მყოლოდა, მედეა ჩახავაზე უკეთესს არ ვინატრებდიო...
ეს ყველაფერი კარგია და გასაგები, მაგრამ ქართული კინოს დღის დაარსებასთან რა შუაშია მედეა ჩახავასთან შენი ურთიერთობაო, იკითხავს მავანი და მეც ვუპასუხებ, შუაში კი არა, მართლაც რომ თავშია, თავში! მედეა ჩახავა და ეს დაუღალავი რეზო ჩხეიძე რომ არ ყოფილიყვნენ, ვერც ამას მივაღწევდი.
საქმე ისაა, რომ ქართული კინოს დღის თარიღად, სადაც ჯერ არს, წარვადგინე 15 მაისი (1908 წლისა), რაკი ასე თარიღდება ჩვენი ეროვნული კინემატოგრაფის პიონერის, უკვდავი ფილმის "აკაკის მოგზაურობის" ერთპიროვნული ავტორის ვასილ ამაშუკელის (1886-1977) პირველი კინოგადაღება. ცხადია, იგი მანამდეც, კერძოდ, 1906 წელსაც იღებდა ფილმებს, ამის თაობაზე არაერთხელ უთქვამს პირადად ჩემთვის ბატონ ვასო ამაშუკელს, რომელსაც ჩვეულებრივ "ძია ვასოს" ვეძახდით.
არადა, 15 მაისი ქალბატონ მედეა ჩახავას დაბადების დღეცაა და ასეთ შანსს ახლა ხელიდან გავუშვებდი?! ასეც მოხდა - მას შემდეგ, რაც ბატონ რეზო ჩხეიძესთან ერთად 1999 წლიდან დავიწყე ქართული კინოს დღის - 15 მაისის - არაოფიციალური, მაგრამ საზეიმო აღნიშვნა, უკეთეს ავტორიტეტს ვის დავიყენებდი გვერდით ჩემი პოზიციის გასამაგრებლად პრესკონფერენციებსა თუ სხვადასხვა ხასიათის ოფიციალურ-საზოგადოებრივ შეხვედრებზე, ვიდრე ქალბატონი მედეა ჩახავა იყო და უარს როგორ მეტყოდა! და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, როცა ქალბატონი მედეა ჩახავა უკვე 80 წელს იყო გადაცილებული.
ასე დაწესდა ქართული კინოს დღე და ეს ამბავი უნდა იცოდეს მკითხველმა, მარტო ინიციატივა არ შველის, იდეას გატანა და რეალიზება უნდა, რაშიც, როგორც დავინახეთ, დიდი ღვაწლი მიუძღვის ქალბატონ მედეა ჩახავასაც. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი გამოჩენილი მსახიობები იპოლიტე ხვიჩია, ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე თუ სხვები და სხვები, მარტო სცენისა და ეკრანის დიდოსტატები კი არ იყვნენ, არამედ ნამდვილი საზოგადო მოღვაწეებიც. ისინი ტრადიციულად უამრავ საქველმოქმედო თუ სხვადასხვა სახის სასიკეთო საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდნენ ინიციატივიან თუ სულაც გაჭირვებულ ადამიანებს - ეს ზოგადად მიღებული ნორმაა ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩვენში და ამის უამრავი მაგალითი იცის ყოველმა ჩვენგანმა.
და კიდევ ერთი შტრიხი ამ დიდებული ქალბატონის პიროვნული ხასიათისა - როგორც კი ოფიციალურად გამოცხადდა ქართული კინოს დღე, ბატონმა გურამ ქარქაშაძემ ყველანი დაგვპატიჟა სანაპიროზე მდებარე შესანიშნავ მეგრულ რესტორანში - ცხადია, ეს რესტორანი საგანგებოდ ქალბატონ მედეა ჩახავას პატივსაცემად შეარჩია. ვინ ითამადებდა, უდავოდ მიხვდებით, მაგრამ არც იმის მიხვედრაა ძნელი, თუ მთელი ამ უბრწყინვალესი წვეულების დედოფალი ვინ იქნებოდა.
ლხინი ვის უკვირს საქართველოში, მაგრამ იმ დღეს ნამდვილი სასწაული მოვიმოქმედეთ - დავიწყეთ იმით, რომ მთელი რესტორანი გავაერთიანეთ (არც ეს გაუკვირდება ვინმეს საქართველოში). კინოს დღე, ცხადია, არც გვიხსენებია, ფაქტობრივად, მედეა ჩახავას დაბადების დღე ვიზეიმეთ და ვითომ ამიტომ შევიკრიბეთ. ჰოდა, ერთი ეს მითხარით, ვინ არ შემოგვიერთდებოდა. მოდიოდნენ სხვადასხვა სუფრიდან, რაც კი ამ დარბაზში თუ ირგვლივ მდებარე ფაცხებში იყო გაშლილი და ესალმებოდნენ, ულოცავდნენ სახეგაბრწყინებულ მედეას. ჩვენ (მე, გურამ ქარქაშიძე, ივა ბერიძე, გია ლომაძე) მამლაყინწებივით წამოფხორებული ვიყავით და ყველას დიდსულოვნად ვაძლევდით იმის საშუალებას, რომ ერთი-ორი სიტყვა ეთქვა ჩვენი დედოფლისათვის. რაინდული პატივმოყვარეობა ზეიმობდა - იუბილარი ხომ ჩვენთანაა და ახლა, რა მოხდა, სხვებიც მიესალმონო.
მერე, რისი ქართველები ვართ, თუ საპასუხო ვიზიტზე არ წავალთ, მით უმეტეს, ყველა გვთხოვდა, ჩვენი სუფრაც დააფასეთო.
ჰოდა, რაღა გვექნა, კინოფილმ "ქეთო და კოტეში" რომ დიდებული სცენაა, უფრო სწორად, ვრცელი, ულამაზესი პანორამა, როცა ზვიადი თავადი ლევანი (პეტრე ამირანაშვილი) თავისი დიდებული ამალით (გოგი გელოვანი, ზურაბ ლეჟავა და მსგავსი მართლაც დარჩეული ყმაწვილები) თავადური მედიდურობითა და არისტოკრატული დახვეწილობით ნელი ტაატით ჩამოუვლიან სუფრას, ყველას ესალმებიან, ღიმილს აფრქვევენ, მადლობას იხდიან და ა.შ. ჩვენც (მე, გურამი, ივა, გია) ესკორტივით ყველა მხრივ ამოვუდექით მედეას და ასე მოვიარეთ მთელი დარბაზი, ცალკე და საგანგებოდ არც ერთ სუფრასთან არ შევჩერებულვართ, რომ ვინმეს გული არ დასწყვეტოდა, მაგრამ ყველას კი გავუნაწილეთ ღვთაებრივი მედეას ღიმილი და ჩვენი რაინდული დიდსულოვნება.
რა ასაკი, რის ასაკი - მედეა ბრწყინავდა ძველებური მშვენიერებით და ვიღაც უხილავი რეჟისორის ბრძანებით (თითქოს ყურში გვქონდა მინი-მიკროფონები) ისეთ მოძრაობებსა და სვლებს ვაკეთებდით პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატავად, რომ ეს არ იყო არც ტრადიციული ევროპული რევერანსი და არც ჩვენებური ცეკვა-თამაში - უფრო მშვენიერი ელენეს მედიდურ გავლას ჰგავდა, ტროას გალავანზე რომ გამოვიდა და ბერიკაცებსაც კი ათქმევინა, ო, ამ ქალისთვის ღირდა ეს ომიო...
ასე ბრწყინავდა მედეა იმ საღამოს, მაგრამ ჩვენ, ეს ოთხი მამაკაცი რა შუაში ვიყავით, რომ ვერ ვშორდებოდით?! სულო ცოდვილო, ვერ შეველიეთ ამ სილამაზეს, ვერ "გავიმეტეთ" მთლიანად სხვებისთვის, თითქოს და ვინმე გვართმევდა ჩვენს დედოფალს ან რატომ იყო იგი მარტო ჩვენი, როცა მთელ ქვეყანას, მთელს ხალხს ეკუთვნოდა?!
ყველაზე უჩვეულო მაინც ის გახლდათ, რომ ამ იმპროვიზირებულ როკვაში სინქრონულად ერთვებოდნენ ყოველი მომდევნო სუფრის მამაკაცები და მეორე სუფრამდე გვაცილებდნენ, იქიდან კი მესამე სუფრის წარმომადგენლები აიღებდნენ ესტაფეტას და ასე დაუსრულებლივ.
ვინმეს რომ შემოეხედა, კინოსტუდიის პავილიონი ეგონებოდა, რაიმე ფრაგმენტის გადასაღებად ემზადებიანო, და რაკი ჯერ პროჟექტორები არ იყო ჩართული, ეს კიდევ უფრო აძლიერებდა საერთო რომანტიკულ-ინტიმურ განწყობილებას.
როცა წრე მოვხაზეთ და საწყის მდგომარეობას, ანუ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით, უცებ მედეამ ლექსების კითხვა წამოიწყო, ჯერ პატარებისათვის, რადიო-ტელევიზიაში რომ უკითხავდა ბავშვებს, შემდეგ კი სიყვარულსა და მამულზე. აქ უკვე გულმა არ გამიძლო, გვერდით ამოვუდექი და ერთგვარი კაფიობა დავიწყეთ...
ამასობაში შუაღამეც გადასულიყო. ღია კარიდან და სარკმლებიდან ნიავმა ისე დაუბერა, იატაკამდე ჩამოშვებული ფარდები უმალ იალქნებივით ააფრიალა და შხაპუნა წვიმაც შემოგვაპარა. ცხადია, ამან ცოტა გამოგვაფხიზლა კიდეც ამ საერთო ფსიქოზიდან, თუმცა ახლა მედეას სხვა სტიქია მოეძალა - ხელები გაშალა და საცეკვაოდ შეიმართა. მეც მეტი რა მინდოდა და დავიწყეთ, მაგრამ რა დავიწყეთ - ქართულიც იყო და ევროპულიც, რივერდანსიც და განდაგანაც. რა იმპროვიზაციებს არ ვაკეთებდით ცნობილი ფილმებიდან თუ სპექტაკლებიდან - ძირითადი იმპულსი მაინც "პეპოდან" იყო, ეროსის და მედეას დაუვიწყარი ცეკვა-ტორტმანი - სხვაგვარად ვერ იტყვი, თუმცა ყველაფერი მკაცრად იყო რეგლამენტირებული იმ რიტმით, რომელსაც რესტორნის სამკაცა ორკესტრი საგანგებოდ ცვლიდა წამდაუწუმ, თითქოს ვიღაცას ჩვენი გამოცდა თუ სულაც დაბნევა სურდა. ბოლოს თავადაც გამიკვირდა - "ბედნიერი შეხვედრიდან" გიორგი შავგულიძის განუმეორებელ ილეთს ვაკეთებდი სანდრო ჟორჟოლიანთან რომ ცეკვავს და მარჯვენა ფეხის წვერს სასწაულად აათამაშებს, თითქოს ხანჯალს ატრიალებსო...
არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა, უფრო სწორად, გაგრძელდებოდა ასეთი თავაწყვეტილი როკვა, ივა ბერიძეს რომ არ მოექაჩა, ე, ბიჭო, ცუდად არ გახდეს, ცოტა დავასვენოთო, მაგრამ ისეთ ექსტაზში იყო შესული, ძალით და ისიც უცებ შეჩერება, არაფრით არ იქნებოდა. ამიტომაც, ტანგო შევთავაზე, ცხადია, უსიტყვოდ. როგორც კი წელზე მოვხვიე ხელი, იგრძნო თუ არა ძალა, მკლავებზე ჩამომეკიდა მოცელილივით - მიზანსცენასავით გამოგვივიდა, თავისებურ მონტაჟურ სვლად სხვა განზომილებაში გადასასვლელად და მთელი კორპუსით დამეყრდნო. ორკესტრმაც ახალი, ნელი, სევდიანი მელოდია წამოიწყო, მევიოლინე კი მაცდურად აგვეკიდა ფეხდაფეხ და აკვნესდა. არადა, მედეა ჩახავა რომ მკლავებში გყავს, საამო მელოდიაც რომ ჟღერს და ნელინელ ირწევი, რა გულმა უნდა გაგიძლოს, მადლიერებით არ ახედო უფალს და მერე არ მიეფერო, არ დაამშვიდო, არ მიესალმუნო წლებისგან, ტიტანური შრომისგან და ახლა ამ გაუთავებელი ლხინისგან და ცეკვისგან დაღლილ ღვთაებრივ მედეას.
- ეი, შენ, საფიჩხიაზე გაზრდილო ქუთაისელო ბიჭო, ხედავ, რა გეღირსა ამ სიბერეში! აბა, შენ იცი, ემანდ თავი არ შეირცხვინო, ილოცე ჩუმად, შენთვის, უმღერე კიდეც რაიმე ნაზი მელოდია, ისე, რომ რიტმიდან არ ამოვარდე და ცივი ნიავი არ მიაკარო ჩვენს დიდებულ ქალბატონს. გესმის, ახლა წყდება შენი კაცობა და რაინდობა - ჩავძახოდი საკუთარ თავს და ასე ნელი რწევა-რწევით წავედით ახალ წრეზე. როგორც ნაჭენები ცხენის გაჩერება უცებ არ შეიძლება და შენ თუ არა, სხვამ მაინც უნდა ატაროს ერთ ხანს და ამით გადაიყვანოს დასვენების რეჟიმში, მეც ამ შთაგონებით გავაგრძელე ჩემი კავალრობა."ბიჭები" (გურამი, ივა, გია,) საბოლოოდ შეეგუვნენ, რომ ერთპიროვნულად ავიტაცე ინიციატივა და, სხვა რა გზა ჰქონდათ, მოწონების ნიშნად მიკრავდნენ ტაშს და მაგულიანებდნენ. რისი გურული ვარ, ერთხელაც ნამეტანი მომივიდა, წავიმატრაბაზე, მარჯვენა ხელი გავუშვი, ვითომ პროფესიული პა უნდა გამეკეთებინა (დამეტრიალებინა და ისევ მიმეკრა მკერდზე), მაგრამ დამტუქსა, რას შვრები, ბიჭო, წავიქცევიო და დროზე მოვედი გონს. კვლავ შემოვხვიე მარჯვენა და ისეთი ტემპით გავაგრძელეთ მოძრაობა, მსახიობები რომ რეპეტიციაზე ბოლომდე არ იხარჯებიან და მხოლოდ პლასტიკურ მონახაზს გადიან.
დარბაზი კი გატრუნულია - ვისღა ასოვს ჭამა, სმა. თანამეინახენი. ჩვენკენ იყურებიან, რაო, კარებისაკენ მიდიან, ხომ არ გვტოვებსო ქალბატონი მედეა?
ასე აღმოვჩნდით ღია, გასასვლელ კართან. იქ უკვე გონდოლასავით მოეყენებინათ მინისტრის მოადგილის "მერსედესი", ერთიანად რომ ლაპლაპებდა ფანჩატურების წინ ჩამწკრივებული ნათურების მკრთალ შუქზე. არადა, მართლაც გონდოლა გეგონებოდათ - რესტორნის ცენტრალური კორპუსის მოედნიდან ნაწვიმარი წყალი დაბალი, ტალღისებური წრეებით გადმოდიოდა ჩვენი დარბაზის ჩიხურ გასასვლელში, აქ კი კოტეჯებიდან მოიკლაკნებოდნენ ნაკადულები და ისეთი მოსარკული ტბა დააყენეს სწორედ "მერსედესის" ქვეშ, რომ ლამის აატივტივეს მანქანა. მაისის წვიმა კი თანდათან უმატებდა საამო, რიტმულ ბაკაბუკს "მერსედესის" სახურავსა და კაპოტზე და სრულ უნისონში იყო რესტორნის გაქანცულ ორკესტრთან.
- ხომ ვარ თქვენთან მთელი დღე? - ძლივს ამოილუღლუღა ჩემმა პარტნიორმა.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და გალუმპულ შუბლზე ჩამოწეწილი თმა შევუსწორე - სიტყვის უნარი უკვე წართმეული მქონდა.
- ღმერთმა ხომ იცის, რომ წასვლა არ მინდა! - ისევ მუდარა იყო მის თვალებში და მეც ისევ დავუქნიე თავი მხოლოდ.
- მაგრამ მეტი აღარ შეიძლება, გესმის? პირველ საათზე ინსულინი მაქვს გასაკეთებელი.
გავშრი. რაღა უნდა მეთქვა - უმწეოდ დავხარე თავი. მერე, თითქოს მიხვდა, ასე არ უნდა დამესაჯაო და...
- გამიშვი, ბიჭო, გამიშვი. მეც ხომ ცოდო ვარ, არა?! - ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, უცებ მომეშვა გულზე. ამ წუთს ჩემ წინ იდგა პატარა გოგონა, დედის დაძახილზე რომ დაუსხლტა შეყვარებულის მკლავებს და ჭიშკარში შევარდა.
მოცელილივით ჩაეშვა "მერსედესში", რომელიც საგანგებოდ ელოდებოდა და სანამ ის ჩემი ცოდვით სავსე გონდოლა დატბორილ წყალზე შხუილით გასრიალდებოდა, ერთი ისეთი ამომხედა, ღმერთო, მომეჩვენა, თუ რა იყო ეს, წვიმის წვეთი თუ მართლაც ცრემლი აკიაფდა მის ძველებურად ბრდღვიალა თვალებში..
გოგი დოლიძე