როგორ იქმნებოდა იოჰან კრუიფის „ბარსელონა“

როგორ იქმნებოდა იოჰან კრუიფის „ბარსელონა“

იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ 1988 წლის ზაფხულში მივიდა, როცა კლუბის ყველა გულშემატკივარი განიცდიდა ყველაზე წარუმატებელ სეზონს გუნდის ისტორიაში. ყოვლად უსახური თამაში, მეექვსე ადგილი და 39 ქულა 38 მატჩში - ასეთი იყო ამ სეზონის შედეგები და ყველას ეგონა, რომ „ბარსა“ ახლო მომავალში ვერ დაარღვევდა „რეალის“ ჰეგემონიას.

1988-89 წელი

წავიდნენ

„პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს ტყე გამხმარი ხეებისგან“ - ასეთი დევიზით ხელმძღვანელობს კრუიფი. იგი დაემშვიდობა იმ მოთამაშეებს, რომელთა საუკეთესო წლები უკვე დიდი ხანი გასული იყო. მან არ გააგრძელა კონტრაქტი ბერნდ შუსტერთან, რომელიც „რეალში“ გადავიდა. ნაკრების ყოფილი მოთამაშეები რამონ კალდერე და ვიქტორ მუნიოსი, რომელთა ასაკმა 30 წელს გადააბიჯა, გადავიდნენ შესაბამისად „ბეტისში“ და „სამპდორიაში“. მცველი ხერარდო ფარმ-კლუბში გაუშვეს. სეზონის მიმდინარეობისას სამშობლოში გაემგზავრა პარაგვაელი ფორვარდი რომერიტო. იმ შემადგენლობიდან დღევანდელ გუნდში მხოლოდ ორი ფეხბურთელი თამაშობს - მეკარე სუბისარეტა და მცველი ალესანკო.

მოვიდნენ

კრუიფი არანაირ ხარჯებს არ მოერიდა და 10 ახალი მოთამაშის გადმობირებისათვის 13 მილიონი დოლარი დახარჯა. ესენი იყვნენ: ბრაზილიელი მცველი ალოიზიო პორტუ ალეგრის „ინტერნასიონალიდან“, ხულიო სალინასი და ეუსებიო „ატლეტიკოდან“, ბაკერო, ბეგირისტაინი და ლოპეს რეკარტე „რეალ სოსიედადიდან“, მიგელ სოლერი და ვალვერდე „ესპანიოლიდან“, რიკარდო სერნი „სევილიადან“ და უნსუე „ოსასუნადან“. გუნდში აიყვანეს ფერნანდო იერო, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა და იგი „ვალიადოლიდში“ დარჩა.

სეზონის შედეგები: 23 მოგება, 11 ფრე, 4 წაგება, ბურთები 80-26, მე–2 ადგილი.

1989-90 წელი

წავიდნენ

კრუიფმა პენსიაზე გაუშვა მცველი მიგელი, გაყიდა ფორვარდები კარასკო („სოშოში“) და ლინეკერი („ტოტენჰემში“). ფრანსისკო კარასკო: „მე არ მქონია პირადი პრობლემები კრუიფთან, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის იდეებს. იგი მხოლოდ იმის შესრულებას ითხოვს ჩვენგან, რასაც თვითონ იტყვის და ჯიუტად უარყოფს სხვის აზრს. იგი დიქტატორია“. მეკარე უნსუემ არ მოისურვა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და „სევილიაში“ გადავიდა, სადაც შეავიწროვა თავისი კოლეგა რინატ დასაევი.

მოვიდნენ

„ბარსას“ პრეზიდენტმა ნუნიესმა თანხმობა განაცხადა კიდევ ორი ძვირფასი ფეხბურთელის შეძენაზე: რონალდ კუმანი პსვ–დან (5 მილიონი დოლარი) და მიქაელ ლაუდრუპი „იუვენტუსიდან“ (2 მილიონი დოლარი). ამის შემდეგ კრუიფმა განაცხადა, რომ გუნდის დაკომპლექტება დამთავრებული იყო. სუბისარეტას დუბლიორი გახდა კლუბის აღზრდილი ბუსკეტსი, მოედნის შუაგულში კი გამოჩნდა 21 წლის გილიერმო ამორი „ბენიდორმიდან“ (მე-3 დივიზიონი).

სეზონის შედეგები: 23 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება, ბურთები 83-39, მე–3 ადგილი.

1990-91 წელი

წავიდნენ

კრუიფმა აღარ გააგრძელა კონტრაქტი ლუის მიიასთან და ეს უკანასკნელი „რეალში“ გადაბარგდა. ასევე მოიქცა ნახევარმცველი რობერტო, რომელიც „ვალენსიამ“ იყიდა. ალოიზიო და ვალვერდე აღარ ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში და ისინი შესაბამისად „პორტუსა“ და „ატლეტიკოში“ გადავიდნენ. დაამთავრა თამაში ძველი გვარდიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - მცველმა ხულიო ალბერტომ.

მოვიდნენ

სეზონის მთავარი შენაძენი იყო ბულგარელი ხრისტო სტოიჩკოვი. მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კრუიფზე თასების თასის ნახევარფინალში, როცა კატალონიელები „სრედეცს“ ეთამაშებოდნენ. მაშინ ბულგარელმა სამი გოლი გაიტანა სუბისარეტას კარში. მისი მოსვლის გამო, ხულიო სალინასს მოუწია სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ნახევარდაცვის გამაგრებისათვის მიიწვიეს ანტონიო გოიკოეჩეა „რეალ სოსიედადიდან“. კუმანის ტრავმამ თავის გამოჩენის საშუალება მისცა „ტენერიფედან“ გადმოსულ ფერერს. გუნდში მოვიდნენ ნანდო „სევილიადან“ და კლუბის აღზრდილი პინიია.

სეზონის შედეგები: 25 მოგება, 7 ფრე, 6 წაგება, ბურთები 74-33, პირველი ადგილი.

პრეზიდენტი ნუნიესი: „ეს საუკეთესო გუნდია იმ ათი წლის განმავლობაში, რაც მე კლუბის პრეზიდენტი ვარ. მე მჯეროდა კრუიფისა და მხარს ვუჭერდი მის ყველა ნაბიჯს, როგორი აბსურდულიც არ უნდა ყოფილიყო ის, და აი, დადგა ტრიუმფის დღეც. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც კი ჩემპიონები გავხდით, „ბარსას“ გულშემატკივართა როგები 30 ათასი ახალი წევრით შეივსო“.

1991-92 წელი

წავიდნენ

„ბარსას“ ტრანსფერები მხოლოდ დაცვის ხაზს შეეხო. ვეტერანი ურბანო ვეღარ აკმაყოფილებს კრუიფის მაღალ მოთხოვნილებებს და იგი „ესპანიოლში“ გაემგზავრა. მიგელ სოლერი გაცვალეს ხუან კარლოსზე „ატლეტიკოდან“. ლოპეს რეკარტე გაყიდეს „დეპორტივოში“, რომელსაც ჭირდებოდა გაძლიერება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ დივიზიონში გადმოვიდა.

მოვიდნენ

სეზონის აღმოჩენად მიიჩნიეს 20 წლის პეპ გვარდიოლა. „ბარსამ“ შეიძინა მცველი კრისტობალი „ლოგრონიესიდან“, ნახევარმცველი ნადალი „მალიორკადან“ და რიხარდ ვიჩგე „აიაქსიდან“. კრუიფი აგრძელებდა ექსპერიმენტებს და ზოგჯერ დაუჯერებელ ტაქტიკურ სქემებს იყენებდა. იგი თავის თავს აძლევდა ნებას, რადიკალურად შეეცვალა ამა თუ იმ მოთამაშის ფუნქცია. ასეა თუ ისე, „ბარსელონა“ კვლავ ჩემპიონი გახდა.

სეზონის შედეგები: 23 მოგება, 9 ფრე, 6 წაგება, ბურთები 87-37, პირველი ადგილი.

1992-93 წელი

წავიდნენ

ვერ გაუძლო კონკურენციას ნანდომ (წავიდა „რეალში“), კრისტობალმა („ოვიედოში“), პინიიამ („ალბასეტეში“) და სერნამ, რომელიც საერთოდ გაქრა დიდი ფეხბურთიდან. „ბარსამ“ პირველი დივიზიონის კლუბებში სტაჟირებაზე გაუშვა თავისი აღზრდილები: სერხი („სარაგოსაში“), სანჩეს ხარი („ოსასუნა“), ერერა („ბურგოსში“) და ხავი („რაიო ვალეკანოში“).

მოვიდნენ

დაბრუნდა გუნდში მიგელ სოლერი „ატლეტიკოდან“. „სარაგოსადან“ გადმოვიდა პაბლო. „ჰაიდუკიდან“ იყიდეს ხორვატი ვუჩევიჩი. სეზონის შუაში „სპორტინგიდან“ აიყვანეს მცველი ოსკარი. თუმცა ეს ცვლილებები წმინდა კოსმეტიკურ ხასიათს ატარებდა და არ უმოქმედია გუნდის ძირითად ბირთვზე, რომელმაც თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული სამჯერ ზედიზედ.

სეზონის შედეგები: 25 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება, ბურთები 87-34, პირველი ადგილი.