"პარიზში საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დავა, რომელზე მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე "მაესტროს" დასახმარებლად", - აცხადებს "მაესტროს" მთავარი მენეჯერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც "მაესტროსგან" სახალხო ტელევიზიის გაკეთებას იწყებს და ევროპაში ფინანსური დახმარების მოსაძიებლად ჩავიდა.
რა პასუხი მიიღო ოქრუაშვილისგან დახმარებაზე კიწმარიშვილმა და შეიძლება ჰქონდეს თუ არა პოლიტიკოსებისგან დაფინანსებულ "მაესტროს" მიუკერძოებლობის პრეტენზია - ამ და სხვა კითხვებს ეროსი კიწმარიშვილი პასუხობს.
ეროსი კიწმარიშვილი: ახლა გადართული ვართ ტექნიკურ საკითხებზე, ასევე ვამზადებთ დაფინანსების რამდენიმე სქემას, რომელიც დაკავშირებულია რამდენიმე საკითხთან - უნდა მოხდეს ინვესტორების მოზიდვა კონკრეტულ პროექტებზე, ასევე ფონდების. ტექნიკური ბაზა "მაესტროს" მწირი აქვს და მიდის გარკვეული სანაცია, რომ ტექნიკა მოვიზიდოთ. გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოში არსებულ მედიაჯგუფებთან, რომ მათი ბაზები იქნეს რაღაც ფორმით გამოყენებული. ასევე, გვაქვს ერთი ოფისი, რომელიც არის ნუცუბიძის ქუჩაზე და იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, რომ დიდუბიდან გადავიტანოთ ძირითადი ბაზა.
თქვენი ვიზიტი ლონდონსა და პარიზში "მაესტროს" დაფინანსებას უკავშირდებოდა?
- ლონდონშიც, პარიზშიც და ვენაშიც უკავშირდებოდა იმას, რომ მოვლაპარაკებოდი ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საშუალება, რომ ამ და შემდგომ ეტაპზე იყვენენ ჩვენი პარტნიორები. მათ შორის საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დავა, რომელზე მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე "მაესტროს" დასახმარებლად. ჯერჯერობით მე პასუხი არ მიმიღია, საუბარი შედგა ირაკლისთან და მე ველოდები დადასტურებას, არის თუ არა მზად ხალვაში დასახმარებლად.
ლონდონში ისევე, როგორც პარიზში, საუბარი მქონდა იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავისი წარსულით დაკავშირებული არიან საქართველოსთან და ასევე, განხილვა იმის, თუ როგორ შეიძლება დავაკომპლექტოთ საერთაშორისო ბორდი და მე მივიღე რამდენიმე ადამიანისგან თანხმობა ბორდის წევრობაზე.
თქვენს ოპონენტებს ხშირად უჩნდებათ ასეთი კითხვა, რამდენად გამართლებულია, პოლიტიკური პარტიებისგან და პოლიტიკოსებისგან რომ მიიღოთ დაფინანსება?
- მე პოლიტიკური ძალებისგან დაფინანსება არ მიმიღია და ასევე ბევრჯერ ვუთხარი, მათ შორის თქვენს გაზეთსაც, რომ თუ ეს დაფინანსება არის გამჭირვალე, ნებისმიერ ძალას აქვს უფლება, დააფინანსოს მისთვის მისაღები აქტივობა. რაც შეეხება ოპონენტებს, ამაზე თუ რაიმე დისკომფორტი ექმნებათ და მე კანონს ვარღვევ, არსებობს სასამართლო. ასევე, ძალაინ მაინტერესებს ყველა დანარჩენი ტელევიზიის დაფინანსების წყაროები, რომელზეც მედიას არ უჩნდება კითხვები, განსაკუთრებით იმ ტელეარხებს ვგულისხმობ, რომელსაც ლიცენზიაც კი არ ჰქონდა და რამდენიმე წელია, მაუწყებლობს.
რომელ მედიასაშუალებებს გულისხმობთ?
- "ალანია", რომელიც არავინ იცის, საიდან ფინანსდება, ასევე "საქართველოს" დაფინანსების წყაროები, გაუგებარია, რით ირჩენს თავს "რეალ-ტვ", ასევე "რუსთავი 2"-ის დაფინანსების ზოგიერთი მექანიზმი, "იმედის" ფინანსური მდგომარეობა და ასეთ თემებზე თუ ყვითელ პრესას აქვს სურვილი, ისპეკულიროს, კი, ბატონო, რაც შეეხება რესპექტაბელურ მედიასაშუალებებს, ამისათვის არსებობს ჟურნალისტური გამოძიებები, მათ აქვთ ინფორმაციის მოპოვების ლეგალური წყაროები და თუ მათთვის მიუღებელია რომელიმე მედიასაშუალების ფინანსური წყაროები, გამოიძიონ. ხოლო თუ ასეთ დაინტერესებას გამოხატავს არხზე, რომელსაც ერთი საკაბელო ლიცენზია აქვს და არ გააჩნია იმ არხების მიმართ, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ, ამას ჰქვია მიკერძოებული დაინტერესება.
მე მესმის, რომ ჩემს სახელთან დაკავშირებით ბევრს დისკომფორტი შეექმნა, რადგან საფრთხე დაემუქრა მათ კეთილდღეობას, განსაკუთრებით საინფორმაციო კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამის მაგალითად გამოდგება ის, რომ ლონდონში, გარდა ამ შეხვედრებისა, მე და ნანა კაკაბაძეს შეხვედრები გვქონდა ქართულ სათვისტომოსთან და ნანა კაკაბაძე, რომელიც მარტო ჩამოფრინდა აეროპორტში, გაჩხრიკეს იმ პრინციპით, რომლითაც ჩხრეკენ სხვადასხვა ქართველ ბიზნესმენებს. გაჩნდა ეჭვი, რომ მის ბარგში იყო რაღაც საეჭვო ნივთები, ამის შემდეგ გაჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, ხელბარგიც კი გაუჩხრიკეს. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ მე ნანა კაკაბაძის საშუალებით უკონტროლო ფული შემომაქვს. ამ თემაზე მე დისკუსიის გაგრძელებას არ ვაპირებ და თუ ვინმეს რაიმეს თქმა უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
მაგრამ რამდენად შეიძლება ჰქონდეს "მაესტროს" მიუკერძოებლობის პრეტენზია, როდესაც პოლიტიკოსები დააფინანსებენ?
- ჩემი საუბრიდან გამომდინარე კიდევ თუ ეს კითხვა ჩნდება, დატოვეთ უპასუხოდ. რას ნიშნავს მიკერძოებულობის პრეტენზია? არხი, რომელიც ლეგალურად ითხოვს ფინანსურ დახმარებას, რომ გააგრძელოს არსებობა და, მათ შორის, ფონდებისაგან, თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება იყოს მიკერძოებული?
თუკი ამ არხში ფულს ჩადებენ პოლიტიკოსები, რომელთაც საკუთარი ინტერესი აქვთ?
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჯერ არავინ დებს და როცა ჩადებენ, თუ ამ ფულს ექნება კონდიცია, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ჩართეთ ტელევიზორი და რასაც ნახავთ, იმაზე ვილაპარაკოთ.
გასაგებია, მაგრამ ახლა თქვენთან ვსაუბრობთ, არავინ ამბობს, რომ ანალოგიური პრეტენზია და კითხვები არ ისმის სხვა არხების მიმართ...
- მე პრეტენზიად ვერ მივიღებ ამ კითხვას, მე გეუბნებით, რომ ჩართეთ ტელევიზორი და მერე ვისაუბროთ.
ასევე, მინდა, გკითხოთ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) შოუზეც, გავა თუ არა ეთერში რეორგანიზაციის შემდეგ? საუბარია, რომ გარკვეული დაპირისპირება გაქვთ მასთან...
- არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ძალიან საქმიანი მოლოდინი არსებობს იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვიწყებ მუშაობას, რაც შეეხება გაჩეჩილაძის გადაცემას, მას ვთხოვე, რომ დაეხურა, რადგან მიდიოდა რეორგანიზაცია. შემდგომ პერსპექტივებს რაც შეეხება, ჩართავთ ტელევიზორს და გაიგებთ. თუ იქნება ამ გადაცემის მიმართ ინტერესი, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და თუ არ იქნება სურვილი, საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. არ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დისკომფორტი შემექმნება ან მე ან გია გაჩეჩილაძეს.
ხოლო "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობას რაც შეეხება, მთავარი გარანტი არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შექმნაზეც საუბარი მქონდა და რომელიც იქნება როგორც უცხოელებისგან დაკომპლექტებული, ასევე, ადგილობრივი საბჭო, რომლის დაკომპლექტებაც სამოქალაქო სექტორს შევთავაზე და ის მოახდენს ფინანსური გამჭირვალობის ზედამხედველობას. ვთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში კენჭს იყრიან, თუ მათ არ დაამტკიცებენ, იყვნენ "მაესტროს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ეს იქნება სახალხო ტელევიზია, რომელიც ხალხის ფულით გაკეთდება.
რეგიონულ მაუწყებლებთან მიდის მოლაპარაკება?
- რეგიონული მაუწყებლების მდგომარეობა მოგეხსენებათ. მათ მიმართ ხელისუფლების წნეხი და დაშანტაჟების მცდელობა გახშირებულია. მე მაქვს რამდენიმე მაუწყებლისგან თანხმობა, მაგრამ ეს არ იქნება ცალმხრივი ურთიერთობა, ასევე, გვინდა, ჩამოყალიბდეს კომერციული ქსელი, რომელშიც ერთ-ერთი მონაწილე იქნება "მაესტრო", მაგრამ ამ პროდუქციის პარალელურად "რუსთავი 2" იწყებს, შექმნას ანალოგიური ქსელი და ჩვენ საქმე გვაქვს უთანასწორო ბრძოლასთან.