მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი თითქმის 35 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მამის პოპულარობა შვილმა, გოგიჩამ გადასძლია.
ბატონო სოსო, როგორი ხასიათი გაქვთ?
– ძალიან კარგი ხასიათი მაქვს. არ მიყვარს კონფლიქტი და ჩხუბი. მიყვარს ქართული ტრადიციული სუფრა. როცა სუფრაზე თამადად გიგა ლორთქიფანიძეა, იმ სუფრას არაფერი სჯობია. რადგან, ბატონი გიგასნაირი თამადა მსოფლიოში არ მოიძებნება. ნამდვილი თამადა იყო გოგი გელოვანიც. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს კახური სუფრა. დასავლეთ საქართველოში დაძალება იციან, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია. სუფრა სტუმრისთვის არის გაშლილი და დაძალება რაღა საჭიროა.
დიდი მოქეიფე ბრძანდებით?
– დიახ, ღვინის სმა მიყვარს, მაგრამ ნაბახუსევი არ ვიცი, მეორე დღეს ისე ვარ, თითქოს წინა ღამეს არაფერი დამილევია. ამხანაგები მეუბნებიან ღვინოს აფუჭებო. თავიც კი არ ამტკივდება.
ბატონო სოსო, კომუნისტების დროს არსებულ ცენზურაზე რას იტყვით?
- მუშაობა რომ დავიწყე, ხრუშჩოვის პერიოდი იყო. ქვეყანაში შიმშილობის პერიოდი იყო. მერე თანდათან სიტუაცია მოწესრიგდა, მაგრამ ცენზურა მაინც დარჩა. თემურ ჩხეიძემ დადგა ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", კომუნისტები ზუსტად ისეთები გამოიყვანა, როგორც ნაწარმოებშია აღწერილი. ვინც სპექტაკლი ნახა, ყველამ თქვა, რომ კომუნისტები ამ სპექტაკლს არ გაუშვებენო, მაგრამ შევარდნაძემ იყოჩაღა და სპექტაკლი მაინც დაიდგა. თუმცა, საქართველოს ფარგლებს არ გასცდენია. სპექტაკლს გერმანელი ტურისტები დაესწრნენ. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, გერმანელებმა ბატონ თემურს უთხრეს: ეს სპექტაკლი მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, რათა გაიგონ ვინ არიან სინამდვილეში რუსებიო. მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძე ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც თეატრში დადიოდა და დღესაც დადის. ირინე სარიშვილიც ჩვენი ხშირი სტუმარია. მაგრამ მე სხვა პოლიტიკოსი ამ თეატრში არ მინახავს.
თქვენ თეატრშიც იყავით დაკავებული და კინოშიც, სად უფრო გიადვილდებოდათ ყოფნა?
– კინოს გადაიღებ და მორჩა, თეატრი შრომას მოითხოვს. რომ კვდებოდე, სპექტაკლს ვერ ჩაშლი. ერთხელ, პრემიერის დაწყების წინ, კაკო კვანტალიანი ცუდად გახდა, შაქარმა აუწია და კაცი ხელში გვაკვდებოდა. გამოვიძახეთ სასწრაფო. კაკოს თამაში არ შეეძლო, სპექტაკლის მოხსნაც არ შეიძლებოდა. მსახიობები ორ ცეცხლს შუა ვიყავით, არ ვიცოდით, რა გვექნა. ამ დროს გიორგი ტატიშვილი შემოვიდა თეატრში. ლილი იოსელიანმა გიორგი რომ დაინახა, ხელი დაავლო და ოთახში შეიყვანა. კაკოს ტექსტი მისცა და უთხრა, 15 წუთში ისწავლეო. 7 თვე ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე, ტატიშვილმა კი 15 წუთში ისწავლა. ისე შეასრულა როლი, რომ მაყურებელი ვერაფერს მიხვდა.
ჩვენთვის ცხოვრებაში მთავარი რა არის?
– მთავარი ყოველთვის სიყვარული იყო, ადამიანს პირველ რიგში სამშობლო და ოჯახი უნდა გიყვარდეს, მერე კი სხვა დანარჩენი.
სად გაიცანით თქვენი მეუღლე?
– ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, ისიც პროფესიით მსახიობია. 4 წელი შეყვარებულები ვიყავით. ახლა ვნანობ, რატომ მაშინვე არ მოვიყვანე ცოლად. ხელი 1962 წელში მოვაწერეთ. ქორწილი ბათუმში გადავიხადეთ. მეუღლე კახელი მყავს და კახელები ისხდნენ სუფრაზე. შემოიტანეს განსხვავებულები, ეს იყო ლუდის ძველებური ბოკლები. კახელებმა ბოკლები რომ დაინახეს უარი თქვეს, ღვინო ვედრებით რომ არ დავლიოთ, ჭიქები არ მოიძებნებაო? ორი შვილი მყავს – გიორგი (გოგიჩა) და მაიკო. შვილიშვილებიც მაჩუქა ღმერთმა. ჩემს გოგიჩას ყველა იცნობს, მაიკო კი – ქიმიკოსია.
ბატონო სოსო, როგორი მორწმუნე ხართ?
– კომუნისტების დროს გავიზარდე და მაშინ ეკლესიაში შესვლა საშიში იყო. ერთმა მოხუცმა კაცმა მიამბო, აღდგომის შემდეგ სკოლის დირექტორს ბავშვებისათვის ხელები შეუმოწმებია, ვისაც წითელი ხელები ჰქონია, ხელები აგურით გაუხეხია. იმ კაცს დღესაც სტკიოდა ხელები. ჩემმა მეგობარმა მალხაზ გორგილაძემ მომიყვა ბებიამისის ნაამბობი – გურიაში ბოლშევიკები პირველად რომ შესულან, ეკლესიები დაუნგრევიათ, ერთი ბოლშევიკი ეკლესიის გუმბათზე ასულა და წაუბილწია, თან იძახდა: აბა, სადაა თქვენი ღმერთიო. მერე ის კაცი შარდის შეკავებით გარდაცვლილა. დღეს ასეთი რაღაცეები არ ხდება. ხალხი ეკლესიაში თამამად შედის. მიხარია, რომ ჩვენი ერი ღმერთს დაუბრუნდა.
მოძღვარი თუ გყავთ?
– მოძღვარი არ მყავს, მაგრამ ეკლესიაში ხშირად დავდივარ. ღამისთევითაც არაერთხელ ვყოფილვარ. ჩემი შვილები და შვილიშვილები ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ.