მთამ ბარს თავი დაუკრა ბარმა მთას შესცინა...
ერთმა მეორე იცნო, შეიტკბო, შეისისხლხორცა, ეზიარა და იზიარა...
ბარი უმთოდ და მთა უბაროდ რომ არ ვარგა - ეს ისტორიული მცნებაა.
მთელი ჩვენი სამშობლო, გაერთიანებული, გათვითცნობიერებული და ერთ მთელად გადაქცეული, - აი, ჩვენი საარსებო მისწრაფების დასკვნა...
ამის ერთი ამაყი მომღერალთაგანია მთის არწივი - ვაჟა-ფშაველა, რომლის პატივსაცემლად დღეს, 23 მაისს, სახაზინო თეატრში შეიკრიბება მოწინავე, მოაზრე საქართველო...
შეიკრიბება, რომ თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოუცხადოს თვის სისხლ-ხორცს, ხელებ-დაკოჟრებულ, მარად ხალხის კვნესა-ვაებით გულ-გაბასრულ მგოსანს.
ჩვენი ცხოვრების „ცისკარი იჟიჟრიბანდა, სულს ლევს თანდათან ქრებოდა“, როდესაც იგი ჩვენს მწერლობას მოევლინა. მოევლინა და ჰნახა „ქვეყანა ნაოხარია“...
გულს ცეცხლი აღეგზნო, ბედშავ სამშობლოს ჭირ-ვაებით იწრთო, ფუფუნებით ცხოვრებას განერიდა, პირად ბედნიერებას ხელი ააღო, მიაშურა სამშობლო მთა-გორებს, ბეჩავ ხალხის საბუდარს, რომ ხალხთან და ბუნებასთან პირისპირ ყოფნით ხალხის სიბრძნით სრულქმნილიყო და ღვთიურის ცეცხლით გაეთბო ცივ ზამთრისგან დაზრულ სამშობლოს გული და გრძნობა.
ჯადოსნურად აამეტყველა უტყვი, ქვა და მცენარე, ფრინველი და ნადირი, ბუნების მოვლენათ ენა ამოადგმევინა, ერის გულისნადები გამოამზეურა და მას მთელი სამშობლო დააწაფა.
მაგრამ მხოლოდ „ტკბილ ხმათა“ როდი მღეროდა ჩვენი მთის არწივი - ვაჟა: იგი იმავე დროს იყო მოქალაქე - მოაზროვნე, მაღალ მისწრაფებათა შთამნერგავი, სამშობლოს ჭირისუფალი, მშვენიერება-სილამაზის ქურუმი და კაცთა სულიერად ამმაღლებელი.
სამშობლო ქვეყნის ბედ-უკუღმართობით „ცრემლი წინ უდგას გუბედა“ და ამითი გამწარებული თანამემამულეთ ეკითხება: „სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში, კვნესა რად ისმის ჩვენითა?“ - ო, ხოლო თანამოძმეთა ფუქსავატობას რომ ჰხედავს, უსაყვედურებს: „რა წერილობას გაგვიწევს, თოვლზე ამბავი ვწეროთა?“ - ო.
იგი ჰგმობს და ჩვენც გვაზიზღებს, „ვინც ხალხსა სჩაგრავს და მტრობს, ვინც ფეხქვეშა სთელავს, ერის უფლებას, არაფრად აგდებს ხალხის ზნე ჩვეულებასა!“
მამა კაცთა უმოქმედობით გულმოკლული მდედრთ მოუწოდებს „უკაცურთ კაცობა გმართებთო!“, რითაც ყველას გულში უღვიძებს თვითმოქმედების უნარს.
მისი აზრით „ურგები შვილი დედას არ უნდა ჰყავდეს“ და ქვეყნის უსარგებლო კაცი სჯობია ქვად გაჩნდესო“.
და დღეს თუ საქართველო რაოდენათმე გათვითცნობიერებულია, თუ უკვე ვცნობთ მოყვარესა და დუშმანს, თუ თვითარსებობა გვწყურია და საკუთარ კერაში ცეცხლის გაღვივება, მოქალაქეობრივ გრძნობითა ვართ გაჟღენთილი და მომავალს ბრწყინვალე იმედით შევცქერით - ამაში დიდი და დიდი წილი უძევს მქადაგებელ - მგოსანს ვაჟა-ფშაველასაც.
სხვა, დაწინაურებულ ერთა შორის, ასეთ მგოსანთ არა თუ ნივთიერად უზრუნველჰყოფენ, სიცოცხლეშივე დიდების გვირგვინით დასდაფნიან, ხოლო ჩვენ უბრალო მადლობის გამოთქმა რომ შევძლოთ, ესეც - დიდი რამეა.
მაშ ნუ ჩამოვრჩებით საერთო ზეიმს და დღეს პირისპირ ვაშა შევსძახოთ იმ მგოსანს, რომელიც მარად ამაღლებდა ჩვენს სულს, გულს, რწმენასა და იდეალებს.