„მთავრობის სახეების დანახვაც კი აღარ შემიძლია“

„მთავრობის სახეების დანახვაც კი აღარ შემიძლია“

ჭადრაკის დედოფლის, ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მისთვის მომაბეზრებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა ცინიკური, დაზეპირებული ტექსტები. მათ გამოსვლებს ის უკვე კატეგორიულად აღარ უყურებს.

თქვენ ოპოზიციურ აქციებს ყოველდღიურად ესწრებითროგორ შეაფასებთ 26 მაისის გრანდიოზულ მიტინგს?

- 26 მაისს სტადიონი გადაიჭედა, სარბენი ბილიკები სავსე იყო, ხალხი გარეთაც იდგა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს საზოგადოება ამ ხელისუფლების წინააღმდეგია. სააკაშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმიზაცია ისედაც არ ჰქონდა, დაკარგა აბსოლუტური ნდობა, რადგან ძალადობით მართავს ამ ქვეყანას. ყოველდღიური ძალადობის ფაქტები აშკარაა. საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსია, ცარიელი ხელებით, უიარაღოდ გავუშვათ ეს ხელისუფლება.

ცარიელი ხელებით ეს გამოვა?

- ძალიან ძნელია, მოაცილო ის ხალხი, ვისთვისაც სკამების დატოვება მძიმეა. არა იმიტომ, რომ ძალაუფლებას კარგავენ, არამედ იმდენი ბოროტება ჩაიდინეს, რომ ამ ჯგუფის თითოეულ წევრს უბრალოდ არ დაედგომება საქართველოში. ამაშია უბედურება, ამიტომ ისინი იბრძოლებენ, მაგრამ მაინც მივიჩნევ, რომ ხალხმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს მშვიდობიანად. იმ მეთოდით, როგორც აქამდე იბრძოდნენ, ამას დიდი ნერვები სჭირდება, მაგრამ უნდა მოითმინონ, ეს აქციები უნდა გაგრძელდეს, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში გამარჯვება ხალხის იქნება.

სამების ტაძარში მისვლისას ხალხის მოლოდინი დიდი იყო?

- ის ფაქტი, რომ ეკლესიასთან მთელი სივრცე ხალხით დაიფარა, აღმაფრთოვანებელი იყო. მუხტი იყო ძალიან დიდი, ამაღელვებელი. თუმცა არაფერ განსაკუთრებულს არ მოველოდი. მეტსაც გეტყვით, მოგვიანებით ძალიან დიდი ჯგუფების დამშვიდება დამჭირდა, რადგან ხალხი აგრესიულად გახლდათ განწყობილი, უფრო რადიკალური მოქმედება სურდათ. თუ საზოგადოება მშვიდობიანი რეჟიმის შენარჩუნებას ახერხებს, ეს, პირველ რიგში, პოლიტიკოსების, ლიდერების დამსახურებაა. მათ იციან, რომ ბრძოლა კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა განაგრძონ. ძალიან კარგია, რომ აქციებზე სერიოზული საზოგადოება იკრიბება, ხალხის სიმრავლეც ამის მაუწყებელია.

ტაძარში თქვენც ბრძანდებოდით?

- მე ტაძართან ვიყავი, შიგნით არ შევსულვარ. არ ვაპირებ რაიმე განსხვავებულის თქმას. უწმინდესი და უნეტარესი ილია || რადიკალურ რამეს ვერ იტყვის, ხმამაღალ პოლიტიკურ განაცხადს ვერ გააკეთებს. იმაში, რომ ილია ||–ს სურს, თავისი ქვეყანა იყოს ნორმალურ პირობებში, ეჭვი არავის ეპარება. აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება მარტივია.

ხელისუფლება აცხადებსრომ სამებაში პატრიარქთან შესახვედრად წასულ ოპოზიციას თავისთავად უნდა სცოდნოდარომ პატრიარქი მათ მშვიდობისკენ მოუწოდებდაამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი უნდა ყოფილიყო.

– ამ მთავრობის ხელმძღვანელებს მე საერთოდ არ ვუსმენ. მათ ცინიზმს უკვე ვეღარ ვიტან. როცა ეკრანზე მათ სახეებს დავინახავ, თუნდაც ჩემთვის მისაღებ არხებზე, მაშინვე გადავრთავ ხოლმე ტელევიზორს. ამას პირდაპირ გეუბნებით, რადგან მათი რეპერტუარი ზეპირად ვიცი.

რადიკალურ ქმედებაზე ოპოზიციის გადასვლის შემთხვევაში სისხლისღვრა მოსალოდნელია?

- ბრძოლა გაგრძელდება და, თუ სისხლი დაიღვარა, ეს იქნება ხელისუფლების დასასრული. ეგენი ჩასაფრებულის პოზიციიდან მოქმედებენ, რათა ვიღაც ჩაიგდონ ხელში, ისევე, როგორც გენერალი მოკლეს, აწამეს, ასევე, სხვა ადამიანებს გაუსწორდნენ სასტიკად. ვფიქრობ, სიმართლისთვის მებრძოლ მომიტინგე ხალხში ისინი იოლად ვერ შემოაღწევენ, ვერ განახორციელებენ ბოროტებას, რადგან ეს მათი დასასრულის დასაწყისი გახდება.