ვინ არის ყველაზე ჭკვიანი, კულტურული და განათლებული ჩვენს ხელისუფლებაში? - ეს ის აქტუალური კითხვაა, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პერმანენტულად სვამენ და... პასუხს მაინც ვერ პოულობენ. ძველი სიბრძნე - „მჯობნის მჯობნი არ დაილევაო“ - ქართულმა რეალობამ პესიმისტური ფორმულირებით შეცვალა და დაამტკიცა, რომ „ცუდზე ცუდიც არ დაილევა“... ისე, რა ჭკუა და განათლება მოეკითხებათ ჩვენს ნორჩ მმართველებს, აი, ვიზუალური ეფექტები კი სულ სხვაა.
ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსის გამოსავლენად „ასავალ-დასავალმა“ მცირე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა და საინტერესო შედეგებიც მიიღო.
ახალგაზრდა ქალბატონებისა და თინეიჯერი რესპონდენტების აზრით, ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსები არიან პეტრე ცისკარიშვილი (28 ხმა) და ბიძინა ბრეგაძე (25 ხმა), ხოლო ყველაზე სექსუალურის სტატუსი 20 ხმით ცემა-ტყეპის ორგანიზებით ცნობილმა დავით კირკიტაძემ დაიმსახურა.
სექსუალურ მამაკაცთა კატეგორიაში მოხვდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა, სუსტი სქესის 19 წარმომადგენელი პრეტენზიას გამოთქვამს, ბოლო დროს ძალიან გასუქდა და არ უხდებაო.
ოპოზიციონერთა შორის 21 ხმით ზვიად ძიძიგური ლიდერობს, მას სიმპათიურ და მიმზიდველ მამაკაცად თვლიან, სექსუალური ოპოზიციონერი კი ლევან გაჩეჩილაძეა. 15 მანდილოსნის აზრით, იგი გემოვნებიანიც არის, სიმპათიურიც და მამაკაცურიც, თუმცა, საყვედური წონაში მომატებაზე მისი მისამართითაც გაისმა.
სუსტი სქესის წარმომადგენლები კვლავაც არ ივიწყებენ ირაკლი ბათიაშვილს. 7 რესპონდენტის აზრით, ძველ ხელისუფლებაში ის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი იყო.
5 ხმა მიიღო კონფლიქტების მომგვარებელმა გიორგი ხაინდრავამ, ასევე 5 რესპონდენტი მომხიბვლელ მამაკაცად გიორგი ბარამიძეს მიიჩნევს.
თითო-თითო ხმა ერგოთ კახა ბენდუქიძეს, ზურაბ ნოღაიდელსა და ეკოლოგიის მინისტრ გიორგი პაპუაშვილს.
ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლი და ზოგსაც - შვილი.
მამაკაცები ბევრად უფრო პრეტენზიულები აღმოჩნდნენ და ლამაზი და მიმზიდველი ქალის დასახელებაზე უარი განაცხადეს. - თუ გინდა, მახინჯებს დავასახელებთო, - შემომთავაზეს. 52 რესპონდენტი მამაკაციდან, რომლებსაც დავუკავშირდით, მხოლოდ 17-მა გაგვცა პასუხი კითხვაზე. აქედან 7 ხმა პარლამენტარ ნინო კალანდაძეს ერგო. მანვე მოიპოვა ყველაზე სექსუალური და ლამაზი პარლამენტარის იმიჯი.
5 მამაკაცს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს კარგი გემოვნება აქვს და მისი პრესსპიკერი ალანა გაგლოევა მართლაც ლამაზი და მომხიბვლელი გოგოა.
3 რესპონდენტი თვლის, რომ მაია ნადირაძე „მაგარი, კარგი ქალია“. ხოლო თითო-თითო გამოკითხული ნინო ბურჯანაძეს და მზია თორთლაძეს მიიჩნევს სიმპათიურებად.
თუ გამოკითხვის შედეგებს შევაჯამებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ყველაზე სექსუალური მამაკაცის სტატუსი პარლამენტარმა დავით კირკიტაძემ მოიპოვა.
ყველაზე ლამაზის - პეტრე ცისკარიშვილმა. ქალთა შორის, სექსუალური და ლამაზი პარლამენტარის ტიტულს ნინო კალანდაძე დაეუფლა.
ასე, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ელიტა პროფესიონალების დეფიციტს უჩივის, სამაგიეროდ, ლამაზი და სექსუალური კანონმდებლები უხვად მოგვეძიება.