ყოფილი დეპუტატი დააკავეს

ყოფილი დეპუტატი დააკავეს

კუდ-ის თანამშრომლებმა ყოფილი დეპუტატი ედვარდ სურმანიძე დააკავეს. სურმანიძესთან ერთად კიდევ ორი პიროვნებაა დაკავებული.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დააკავეს  ედვარდ სურმანიძე, გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურმიშვილი, რომლებმაც  საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ინვესტორს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება,  დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას.

დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

კუდ-მა ვიდეომასალაც გაავრცელა. მასალის მიხედვით, გერმანელ ინვესტორს კალიფორნიაში სახლის გაყიდვა მოუწია, რათა ედვარდ სურმანიძისა და სხვა ეჭვმიტანილებისთვის თანხა გადაეხადა.

სურმანიძე პარლამენტის ყოფილი წევრი იყო. მას სხვადასხვა დროს ვიცე-სპიკერის და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა.