ცხინვალი პრეტენზიას მლეთაზეც აცხადებს

ცხინვალი პრეტენზიას მლეთაზეც აცხადებს

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასიკო მაღლაფერიძე ერთადერთი იყო ხელისუფლებიდან, ვინც სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენა გააპროტესტა. მისი თქმით, ამას შეიძლებოდა ცუდი შედეგები მოჰყოლოდა.

ცუდი შედეგები უკვე მივიღეთ. თუმცა ეს ყველაფერი არ დამთავრებულა. რუსების დახმარებით ოსები იმ ტერიტორიების მიერთებას ცდილობენ, რომლებიც საბჭოთა საამხრეთ  ოსეთის შემადგენლობაში შედიოდა. ამ ეგიდით მიიტაცეს მათ მამისონი. რომელზეც ჩვენი ხელისუფლება არაფერს არ ამბობს.

და რაკი ეს შერჩათ, ახლა გადაწყვიტეს ახალი პრეტენზიები წამოაყენონ. ოსურ მედია საშუალებებში უკვე კეთდება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებები. ამჯერად ცხინვალმა სოფელ მლეთას დაადგა თვალი.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მთა, რომელზეც სოფელი მლეთაა შეფენილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამავე მთის წვერზეა ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი. ამ მთის წვერზე ორი მხრიდან შეიძლება ასვლა. ერთი გზა ახალგორის მხრიდან ადის, ერთიც მლეთის ზევით არის.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ყოველთვის შიშობდა, რომ ცხინვალი ამ მთაზე პრეტენზიას გამოთქვამდა. მთა მათთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ქვევით ჩამოსვლის შემთხვევაში ისინი პირდაპირ საქართველოს სამხედრო გზაზე გამოვლენ. და ამით მეორე საქმესაც გააკეთებენ - საქრთველოს ყაზბეგის რაიონს ჩამოაცილებენ.

ჩვენი ხელისუფლება სავარაუდოდ ამას არ დაუშვებს. თუმცა არც ის ეგონა ვინმეს, თუ 2 წლის წინ რუსები ლამის თბილისს მოადგებოდნენ. იმედია, ამ განცხადებებს ხელისუფლება და დუშეთის გამგეობა სერიოზულად მოეკიდება. განსაკუთრებული ყურადღება დუშეთის გამგეობას მართებს. რომელიც ამ ეტაპზე ყაზბეგისთვის გუდაურის წართმევით არის დაკავებული.