მოკლედ, ისტორია იყო ასეთი: ოთხშაბათს დავწერე ტელეკრიტიკის მორიგი სვეტი. ნანუკასა და მაიკო ასათიანზე მოვყევი. ამ ორი ტელედივას შედარებითი დახასიათება გამომივიდა.
მაგალითად, მაიკოზე ვთქვი, რომ კონკიას მაგონებს, ნანუკა კი - დედინაცვლის ნამდვილ შვილს. ასათიანს ძველმოდური კაბები დავუწუნე, აი "თოჯინები იცინიან" რომ გადაიღეს, იმდროინდელი, ნანუკაზე კი დავძინე, რომ მაგარ ზმანებს იცვამს, მაგრამ არ უხდება. ისიც ვთქვი, რომ მაიკო მაყურებელთან ერთად ტირის, იცინის და კუნტრუშობს ოქროსფერ ბრჭყვიალა სტუდიაში, ნანუკა კი ციხის ზედამხედველივით უყვირის შოუზე დამსწრე აუდიტორიას: "ჩქარა, ტაში დამიკარით, თორემ დაგიჭერთ თქვენი ასე და ისეო". ბოლოს კი სტატია ასე დავამთავრე:
"ნანუკა უფრო მევასება. მართალია, მაიკო მეტ რეიტინგს წერს (და ყოველთვის დაწერს), სამაგიეროდ, ნანუკა არის ახალი დროების ნიშანი. რატომ? განა ცხადი არ არის, რომ მაიკო ასათიანი ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგაც გააკეთებს გადაცემებს, ნანუკა კი - ვერა. ამიტომ მისი ნახელავი ზუსტად და ავთენტურად ასახავს იმ ავადმყოფობის სიმპტომებს, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეჰყარა ტელევიზიებს. ამით არის ნანუკა უფრო საინტერესო ჩემთვის. ავადმყოფობა კი მარტივია: "არა - სიტყვის თავისუფლებას, არა - ნიჭიერ ხალხს".
მერე შემიჩნდა ეშმაკი, მძლია სულსწრაფობამ და ტექსტი ფეისბუკში განვათავსე ჩემს გვერდზე. აი, იქ ატყდა ამბავი თუ ატყდა. ავანსცენაზე გააფთრებული ნანუკა გამოჩნდა. ეტყობა, მძაფრი ემოციის გამო ვერ მოზომა და გამომლანძღა. საქართველოს ფურთხის ღირსიც კი უწოდა, იმიტომ, რომ მე მაბლატავებს. ჩემს ლოგიკურ შეკითხვაზე, "ალბათ, ზუსტად იცი, სადამდე "გამაბლატავებენ?", მომიგო, რომ სულით "ბლატნოი" ტიპად მთვლის და ამიტომ მუდმივად "ვიბლატავებ".
მოგეხსენებათ, ე.წ. სულით "ბლატნოობა" სს კოდექსით ისჯება, ამიტომ ბუნებრივი იყო ჩემი ინტერესი ნანუკას ხელთ არსებული რაიმე ინფორმაციის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ჩემს ახალ პატიმრობას გამოიწვევდა. ეს ვკითხე კიდეც. მაგრამ ამის შემდეგ ნანუკა აზრზე მოვიდა და მიხვდა, რომ პირადად მის წინააღმდეგ არაფერი შეიძლება მქონდეს. უბრალოდ ჩვენი ბიზნესია ასეთი.
მაქსიმალური სიმწვავე და ეპატაჟი უზრუნველყოფს ნაკეთობის (სტატიის, ტელე თუ რადიოგადაცემის) მაღალ რეიტინგს. მე მინდა, ჩემი სტატიები რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. ამიტომ, ბუნებრივია, მწარეებიც უნდა ვწერო. ხოტბის შემსხმელი ნანუკასაც და მაიასაც უამრავი ეყოლება. ეს ყოველივე ჟორჟოლიანმა გააანალიზა და ამიტომ წაშალა საკუთარი პოსტები ფეისბუკში, ანუ ნანუკა უფრო კონსტრუქციული გახდა. გამეხუმრა, ნიჭიერიც მიწოდა და ბოლოს ჩვენს დისკუსიას მოულოდნელად შემოერთებულ სექსუალურად ეგზალტირებულ ინგა გრიგოლიასთან ერთად სალაღობო საუბარშიც ამყვა.
მინდა ნანუკას ვუთხრა, რომ შეუძლებელია, ყველას მოსწონდეს.
მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი ღირსება, რაც მას, როგორც ტელეწამყვანს აქვს, არის სითამამე, რომელიც ხშირად თავხედობაშიც გადადის. მაგრამ ეს ტელევიზიას გარკვეულწილად უხდება (როგორც ერთხელ ვთქვი, ბავშვობიდან ტელევიზორში ვზივარ და ვიცი, რა და როგორ) კიდეც. სხვა ღირსებებით ნანუკა არ გამოირჩევა, ვერც ინტელექტითა და ვერც შემოქმედებითი გაქანებით ვერ დაიკვეხნის. ამასთან ძალიან, ძალიან უყვარს საკუთარი თავი.
ეს მისაღებია, მაგრამ სულ მცირედი თვითირონია არ აწყენდა. და ბოლოს, ნანუკა დღეს არის "იმედის" ერთ-ერთი მმართველი და მეტი რაციონალიზმი მართებს. არ შეიძლება მოითხოვო, რომ ერთდროულად ევასებოდე შენთან რაღაც ანგარების გამო მყოფ ფან "დაქალებს" და ვიღაც ფეისბუკელ ინტელექტუალებს (საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, რაის ინტელექტუალი მე ვარ). ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთო: ან ქაჯური და უნიჭო შოუ, ან ხსენებულ ინტელექტუალთა დაფასება. ამ მეორეს ვერც ნანუკა და ვერც ასათიანი ვერ გაიჩალიჩებენ.
აი, მაიას კი არჩევანი გაკეთებული აქვს. პირადად მითხრა, რომ ნინია კაკაბაძის კრიტიკა არ აღელვებს. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა "პროფილს" არნახული რეიტინგი აქვს. ნანუკას კი, როგორც ჩანს, აქვს რაღაც კომპლექსი. აწუხებს სრულიად არარეალური სურვილი, რომ მაინცდამაინც ე.წ ნაღებ საზოგადოებასაც უნდა მოეწონოს. ეს შეუძლებელია. ვიცნობ ამ ზეპურ საზოგადოებას და ვიცი, რომ იქ შეიძლება ნანუკას გაუღიმონ, საყვარლობები უთხრან კიდეც, მაგრამ მიღებით კი ვერ მიიღებენ. არ ევასებათ ეს ახალი მთავრობის მიერ გაჩითული ტიპები და რა ქნან?!
შალვა რამიშვილი