„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები 10 ივნისს ერთობლივი ფართომასშტაბიანი აქციას მართავენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ ერთიანდებიან და მათი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია ეს არ არის და ამ შემთხვევაში სახეზეა პოლიტიკური თამაში, ვიდრე რეალური პოლიტიკა.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ბატონო ვახტანგ, პარტიები, რომლებიც ითხოვენ მთავრობის გადგომას და ვადამდელ არჩევნებს, შეგიძლია მათ ვუწოდოთ გაერთიანებული ოპოზიცია, თუ ესენი არიან პარტიები რომლებიც აფილირებული იყვნენ და არიან ნაციონალებთან?
ვახტანგ ძაბირაძე: თავისთავად ის ფაქტი, რომ აქცია გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში, გარკვეულწილად, ეს მოსალოდნელიც იყო. ყველა სხვა აქცია, თუ არ ჩავთვლით მეტროპოლიტენის ამბებს, რომელიც საქართველოში ყოფილა, გადადის პოლიტიკურ ჭრილში. ყველა პროცესი იდენტურად ვითარდება. აქცია იწყება კონკრეტული მოთხოვნებით და მთავრდება ხელისუფლების გადაყენებით. ცხადია, რომ გამონაკლისი არც ეს აქცია იყო. ბუნებრივია, რომ მოხდა მისი პოლიტიკურ ჭრილში გადასვლა და იმავე წუთში დადგა ხელისუფლების გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. ამ მხრივ ყველაფერი ძველ ქართულ ტრადიციებს ემყარება.
მეორე საკითხია რა პოლიტიკური ჯგუფებია გაერთინაებული. რასაც ვუყურებ, გულწრფელად გითხრათ, ყველას ვერ ვცნობ, თუ არ ჩავთვლით ბურჯანაძის პარტიას და ლეიბორისტებს, ის პარტიული ჯგუფებია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან და იყვნენ კავშირში - თუნდაც, იგივე ედპ.
როგორ ხსნით იმას, რომ ამ შეკრებაზე არ იყო „ევროპული საქართველო“ და მათ სხვა პოლიტიკური სტრატეგია აირჩიეს?
- ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან „ევროპულმა საქართველომ“ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სხვა გზა აირჩია - ის პოლიტიკური გაზა, რომელიც მათთვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ქუჩაში დგომა და მიტინგებზე ხალხის მობილიზებაა.
ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ეძებს სამართალს და მათ შორის საზოგადოებაც ითხოვს, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, მაგრამ დამატებით თითოეული პოლიტიკური გაერთიანება ცდილობს აქიდან საკუთრივ მისთვის პოლიტიკური სარგებელი მიიღოს და ამომრჩეველს დაამახსოვრდეს. აი, ეს არის ანატომია მთელი ამ ერთობის. დარწმუნებული ვარ, რა შედეგიც არ უნდა დადოს ხელისუფლებამ 10 ივნისისთვის, ეს აქცია არა მარტო ჩატარდება, არამედ კიდევ დაანონსდება შემდეგი აქციის თარიღი.
გასაგებია, რომ დაანონსდება შემდეგი აქცია, მაგრამ აზრი, მიზანი რა აქვს ამ აქციას?
- მათი გადმოსახედიდან ხელისუფლებაზე ხორციელდება ზეწოლა, რომ გამოიძიოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე. თუ 10 ივნისს არ იქნება დადებული შედეგი, მაშინ როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, იქნება პერმანენტული აქცია და მაშინ უკვე გამოაცხადებენ იმას, რომ დაიწყება ბრძოლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
როგორ ფიქრობთ, პროცესების გამწვავების და მართვის რესურსი აქვს ამ ჯგუფს?
- რაღაცა რესურსი, ალბათ, აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენი ჯგუფები როგორ შეძლებენ მობილიზებას, ეს სხვა საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ აქცია ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც დასაწყისში იყო, როდესაც იქ პოლიტიკური ლოზუნგები და პოლიტიკური ლიდერები არ ჩანდნენ, ეს მილევადი პროცესია.
ერთია აქციები და საპაროტესტო გამოსვლები, მეორე - რას აკეთებს და როგორ იქცევა ამ პროცესში ხელისუფლება. ის, რომ შეიქმნა საგამოძებო კომისია, საქმეს ახლა შს სამინისტრო იძიებს, ეს არის ხელისუფლების პრობლემის აღიარება?
- იცით როგორ არის, თუ ხელისუფლება არ გადაგმას ისეთ ნაბიჯებს, რომ მიმქრალი პროცესი ისევ გააცოცხლოს, მაშინ ეს აქციები მინელდება. მაგრამ არ ვიცი რა ხდება, რას აპირებს ხელისუფლება და როგორია მისი სტრატეგია. გულწრფელად გითხრათ, თუ ვინმეს დღეს ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნები, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლება, რომელსაც აქვს დაღმავალი რეიტინგი და 2020 წლისთვის როგორი იქნება მისი რეიტინგი არავინ იცის.
იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურ ფრთაზე ფლაგმანები ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“, სხვა ოპოზიციური ძალები გაერთიანებას ვერ ახერხებენ, ამ სურათის გათვალისწინებით ხელისუფლების ადგილზე დავნიშნავდი ვადამდელ არჩევნებს. თუმცა, მანამდე კიდევ რაღაცა აქვს გასაკეთებელი ხელისუფლებას. კერძოდ - დაიდოს სრული სურათი რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. პარალელურად დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, რაც მმართველ გუნდს ძალიან მომგებიან პოზიციაში ჩააყენებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“, ინტერესში რამდენად შედის ვადამდელი არჩევნები?
- უფრო მეტად აწყობს, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“. აქაც პოლიტიკური ინტერესია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომელსაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“, ელექტორატის მხარდაჭერა პროპორციულად არ არის ასახული პარლამენტში. „ევროპული საქართველო“ გაცილებით მეტი დეპუტატით არის წარმოდგენილი პარლამენტში, მაშინ როცა მხარდაჭერთა რაოდენობა ნაკლები ჰყავთ. რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ეს სურათი შეიცვლება.
რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ ბარიერს გადალახავს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. ამიტომ, მმათვის რიგგარეშე არჩევნები მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2 წლით იხანგრძლივებს პარლამენტში ყოფნას. პარტიებს ეს დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ რათა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვერ მოასწრონ ჩამოყალიბებება. თუ ასე გაგრძელდა დიდია შანსი იმისა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დამატებით მივიღოთ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, რაც თავისთავად მათთვის არის ცუდი - ასეთი სურათი იკვეთება.
მაგრამ, „ქართული ოცნება“ თავისით ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, გაუჭირდება. პოლიტიკაში და მით უფრო დასავლურ ქვეყნებში მიღებულია, როდესაც პარტია რეიტინგს კარგავს, ცდილობს დანიშნოს არჩევნები, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია. „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია ასეთი ნაბიჯი გადადგას.
როგორც პარტიები, რომელთა რეიტინგი 1%-იც არ არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ერთგვარ რეპეტიაციას გადიან შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?
- ეს ხომ ის ჯგუფია, რომელიც მიშასთან ამსტერდამში იყო - რაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მათ არანაირი რეიტინგი არ აქვთ და არც ჰქონიათ. ამ ჯგუფიდან გამოვყოფდი „ლეიბორისტებს“ მათ ბოლო გამოკითხვით სხვებთან შედარებით მაღალი რეიტინგი აქვთ. დანარჩენი პარტიების უმრავლესობას პულსიც არ ესინჯება 1%-იან ზღვარსაც ვერ უახლოვდებიან, მაგრამ ეს გაერთიანება მაინც მუშაობს ამომრჩეველზე. ქმნის გარკვეულ ილუზიას, ამომრჩევლის ფსიქოლოქიაზე მოქმედებს სიტყვა - გაერთიანებული ოპოზიცია. გარდა პოლიტიკური წრეებისა, ექსპერტებისა და მედიისა, რიგითი მოქალაქეები ნაკლებად არიან ინფორმირებული ვის რა მხარდაჭერა აქვს და ვის რა გავლენა აქვს. არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია ეს არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და თუკი არჩევნებამდე მივიდა საქმე, ნაცმოძრაობა ამ ჯგუფს თამაშგარეთ დატოვებს, რომ შეინარჩუნოს გაერთიანებული ოპოზიციის სახელი, არ დაკარგავს ადგილებს პარლამენტში.
ნაციონალები დამოუკიუდებლად პოლიტიკურ სცენაზე ვერ გამოდიან, ამ სცენაზე გარკვეული დროით იქნებიან იმ იმედით, რომ შესაძლოა, ხვალ და ზეგ კიდევ ერთი ამომრჩეველთა მცირე ჯგუფი მიიმხრონ. თუმცა, მეეჭვება ასე მოხდეს. როდესაც რეალურად დადგება საკითხი ბლოკის შექმნაზე, რა თქმა უნდა, ნაციონალები უარს იტყვიან ბლოკზე, მანდატებს არ დაკარგავენ, ამას ნამდვილად არ გააკეთებენ იმისათვის, რომ არჩევნებში ეს არაფრის მომცემი ბლოკი შეინარჩუნონ. უბრალოდ, დღეს სჭირდებათ ასე, რომ შიგნით და გარეთ ილაპარაკონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ უპირისპირდება ხელისუფლებას, არამედ - პარტიათა ჯგუფი. ეს პიარის ნაწილია და არა რეალური პოლიტიკა.