რამ განაპირობა ლევან დავითაშვილის გადაყენება, კორუფციულმა სკანდალმა თუ გეგმაზომიერმა გადახალისებამ?

რამ განაპირობა ლევან დავითაშვილის გადაყენება, კორუფციულმა სკანდალმა თუ გეგმაზომიერმა გადახალისებამ?

ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომამ გააჩინა კითხვა - იყო ეს მხოლოდ მისი მოადგილის სავარაუდო კორუფციულ სკანდალზე პოლიტიკური პასუხი, თუ პრემიერ ირაკლი კობახიძის გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი ვერტიკალის მისთვის სანდო კადრებით გაძლიერებას? ასევე გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება.

ანალიტიკოსები რამაზ საყვარელიძე და ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობენ, რომ დავითაშვილი კომპეტენტური და წარმატებული მინისტრი იყო, თუმცა ხედავენ განსხვავებულ მიზეზებს მის წასვლასთან დაკავშირებით: 1. კორუფციული ეჭვების მიერ ჩრდილმოფენილი იმიჯი; 2. ხელისუფლების განახლების სტრატეგია. ორივე ექსპერტის აზრით, კობახიძე მიზანმიმართულად აყალიბებს ძლიერ და ერთგულ პოლიტიკურ ბირთვს, რომელიც მისი პრინციპული კურსის პირობებში წინააღმდეგობას გაუწევს როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლას. ამის ნიშნები და მაგალითები კი უკვე სახეზეა.

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის რანგში მომავალშიც თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა მარიამ ქვრივიშვილს და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებას მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„მარიამ ქვრივიშვილი ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ტურიზმის განვითარება, ავიაციის სფეროში ქვეყნისთვის წარმატებების მოტანა და ახლა ფართოვდება მისი საქმიანობის სივრცე. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზუსტად ისეთივე წარმატებული ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, როგორიც იყო ტურიზმისა და ავიაციის სფეროში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა გუნდის თითოეული წევრის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაში.

ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილმა.

„იმ გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დამიგროვდა საჯარო სექტორში, სიამოვნებით გავუზიარებ ეკონომიკურ გუნდს. ვფიქრობ, ეს არის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ამ სამინისტროსთვის. განახლებას მოაქვს ახალი ინიციატივები, რაც ძალიან საჭიროა ეკონომიკისა და მთლიანად ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან აცხადებს, რომ ლევან დავითაშვილის გადაყენება ნაკლებად უკავშირდება მის კავშირს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდთან, რადგან ეს ასე რომ ყოფილიყო, მინისტრს გაცილებით ადრე გადააყენებდნენ. საყვარელიძის თქმით, დავითაშვილის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიმართ კორუფციულ საქმეში გამოძიების დაწყების შემდეგ, მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა პოლიტიკურად უხერხული ხდებოდა, თუნდაც დავითაშვილი პირადად არაფერში ყოფილიყო დამნაშავე.

„უკვე დიდი ხანია, რაც ღარიბაშვილი თანამდებობას აღარ იკავებს. შესაბამისად, თუ კობახიძეს დავითაშვილის გადაყენება მხოლოდ ამ მიზეზით სურდა, ამას გაცილებით ადრე გააკეთებდა. პირიქით - მას მნიშვნელოვანი მისია დაევალა და აშშ-ში იქნა გაგზავნილი, რაც მაღალი ნდობის ნიშანია. იმ ფონზე, როცა ვიცით, რამდენად სენსიტიურია დღეს საქართველოს ურთიერთობა ვაშინგტონთან, ნაკლებად მგონია, რომ დავითაშვილი ღარიბაშვილის გუნდის წევრობის გამო მოიხსნა. ბევრად უფრო რეალურია ის ვერსია, რომ როდესაც მინისტრის მოადგილეს კორუფციულ საქმეში ედება ბრალი, თუკი მინისტრი არაფერ შუაშია, ჩნდება კითხვები მის კომპეტენციაზეც. ეს ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე აზრით, დავითაშვილის გადაყენება მისივე მოადგილის საქმის მიმართ წარმოშობილმა სავარაუდო დანაშაულმა განაპირობა და არა მისი მინისტრობის არაკომპეტენტურობამ.

„დავითაშვილი კომპეტენტური და წარმატებული მინისტრი იყო, და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არ სურდა პრემიერ-მინისტრს მისი სრულად პოლიტიკურად ჩამოშორება. ამის ნაცვლად, ის გადაიყვანეს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ირაკლი კობახიძემ თითქმის ყველა სახელისუფლებო ვერტიკალში თავისი გუნდის წევრები დანიშნა, ეს მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით და სახელისუფლებო ვერტიკალის მისი ნდობით აღჭურვილი პირების დაკომპლექტებით არის განპირობებული“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, პრინციპული პოლიტიკური კურსის პირობებში ლიდერს სჭირდება სანდო ადამიანები, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად უკან არ დაიხევენ.

„კობახიძე ეფექტურად იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. არნახული ზეწოლა ხორციელდება როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან. ასეთ პირობებში მთავრობაში ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც ამ პრინციპულ ნაბიჯებში გვერდით დაუდგებიან ლიდერს. სწორედ ამიტომ საკადრო ცვლილებები, რაც ბოლო დროს ვნახეთ, ლოგიკურია. ეს არის ბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის, რასაც სჭირდება მტკიცე გუნდი“, - მიიჩნევს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი განსხვავებულ შეფასებას აკეთებს და for.ge-თან მიიჩნევს, რომ დავითაშვილის გადაყენება არ არის კავშირში არც მისი მოადგილის საქმესთან და არც ღარიბაშვილის გავლენასთან.

„დავითაშვილი თავის საქმიანობაში წარმატებული მინისტრი იყო. არ ვეთანხმები ვერსიას, თითქოს ის ანაკლიის პორტის თემამ ან მოადგილის შესაძლო დანაშაულმა „გაიყოლა“. მით უმეტეს, მიქაუტაძე დიდი ხნით მისი მოადგილე არ ყოფილა. ძნელი სათქმელია, რამდენად ჰქონდა დავითაშვილს რეალური კავშირი მის მოქმედებებთან“, - ამბობს გვენეტაძე და მიიჩნევს, რომ მინისტრის შეცვლა შეიძლება ბუნებრივ პროცესად ჩაითვალოს, როცა ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევები დგება.

„ნებისმიერ ხელისუფლებაში ხდება საკადრო გადაადგილებები, და ამას არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სტრატეგიულადაც ვუყურებ. დღეს საჭიროა ახალი ხედვა, ახალი სისხლი, რაც გამოწვევებზე ადაპტირებულ რეაგირებას მოითხოვს. დავითაშვილს არ უკავშირდება არც სკანდალი, არც შეცდომა, უბრალოდ, დრო იყო ცვლილებისთვის. ამიტომ კობახიძე, როგორც პასუხისმგებელი ლიდერი, იმავე ლოგიკით აყალიბებს თავის გუნდს ყველა სახელისუფლებო რგოლში.

როცა პოლიტიკოსი ქვეყნის პატრიოტია და ხალხის ინტერესებზე ფიქრობს, მას სჭირდება გუნდი, რომელსაც ენდობა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ კობახიძემ ყველა ვერტიკალში მისთვის სანდო ადამიანები დანიშნა“, - მიიჩნევს გვენეტაძე.

მან საერთაშორისო მაგალითიც მოიყვანა - როდესაც ქვეყნის პირველი პირი იჩენს პრინციპულობას და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად იცავს, მას პატივს სცემენ.

„ნახეთ, როგორ გამოეხმაურა აშშ ლუკაშენკოს. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი ავტორიტარული რეჟიმია, დასავლეთი მას მაინც ელაპარაკება. ეს გვიჩვენებს, რომ ძლიერი და პრინციპული ლიდერი ფასობს. ამას კობახიძეც აკეთებს - თუმცა, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ფარგლებში. საქართველოს და ბელარუსის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. უბრალოდ, პრინციპულობა ყველგან ერთნაირად მოქმედებს და სწორედ ამაშია ჩვენი პრემიერის ძალა,“ -ფიქრობს გვენეტაძე.