გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან პედაგოგთა 25 პროცენტი უმუშევარი დარჩება. "სკოლის დირექტორთა ასოციაციის სამართლებრივი ცენტრის" ხელმძღვანელის, რევაზ რიჟამაძის თქმით, უცნობია, თუ რა კრიტერიუმით უმცირდებათ მასწავლებლებს საათები. ამ მხრივ დაზღვეულნი მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები არიან, რომელთა რაოდენობაც 10 პროცენტს არ აღემატება.
რევაზ რიჟამაძე: - მასწავლებელთა გადამზადებასა და სერტიფიცირების დეტალები ზოგადი განათლების კანონში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებშია განამრტებული. მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება კი, განათლების და მეცნიერების მინისტრმა 2009 წლის 4 დეკემბრს დაამტკიცა. ამ დებულების თანახმად, ყველა მოქმედმა მასწავლებელმა, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, სასერტიფიკატო გამოცდა 2014 წლამდე უნდა ჩააბაროს. დღეს მასწავლებლად მუშაობის დაწყება უმაღლესი განათლების მქონე იმ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომით პედაგოგის, ან საგნის სპეციალისტის კვალიფიკაცია აქვთ მინიჭებული. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლების მოსაპოვებლად კი, მსურველს სკოლაში მუშაობის ერთი წლის სტაჟი მაინც უნდა ჰქონდეს... იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, შეუძლია, გამოცდაზე განმეორებით გავიდეს. 2014 წლამდე ასეთი გამოცდა რვაჯერ ჩატარდება. ჯერჯერობით სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული პედაგოგები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. სერტიფიცირებით მასწავლებელთა გადარჩევა და ცოდნის ამაღლება მოხდება, მაგრამ ვაუჩერიზაციის პრინციპის შეცვლამ მასწავლებელთა საათების გამსხვილება გამოიწვია - 2011 წლის იანვრიდან ე.წ. სავაუჩერო თანხა, რომელიც 435 ლარს შეადგენდა, 385-მდე შემცირდა. სწორედ ამას მოჰყვა კლასების გამსხვილება-გაერთიანება, ამ გამსხვილებას კი - საათების შემცირება და, შესაბამისად, ხელფასის დაკლება და მასწავლებელთა სამსახურიდან გაშვება. სხვათა შორის, ამ დროისთვის სრული სასწავლო განაკვეთით სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ვერ დაიკვეხნიან. ამასთან, გასათვალისწინებელია საათობრივი განაკვეთებისა და სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაც, ანუ 2010 წელს მაღალი და მცირეკონტინგენტიან სკოლების დაანგარიშება მოხდა, რაც მიზნად სკოლების განვითარებას, მასწავლებლთა და მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლებას ისახავდა, თუმცა მაშინ სახელმწიფოს იმის რესურსი არ ჰქონდა, სერტიფიცირებული პედაგოგით ყველა საჯარო სკოლა დაეკმაყოფილებინა - არსებული მონაცემებით, სერტიფიცირება მასწავლებელთა მხოლოდ 10 პროცენტმა გაიარა. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ პედაგოგებს, ვინც სერტიფიცირება ვერ გაიარეს, ან სკოლების ახალი დირექტორებისთვის მისაღებნი არ არიან, გაათავისუფლებენ... განათლების რეფორმის განვითარებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლების დასაქმების პარალელურად, სკოლებს დაფინანსება არ უნდა უმცირდებოდეს, თან ამიერიდან სკოლებს პროცესების დამოუკიდებლად წარმართვა აღარ შეეძლებათ, რადგან ყველაფერი ცენტრალიზებულ მმართვაზე გადავიდა. მოკლედ, საჯარო სკოლების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთება სამართლებრივადაც გაუმართლებელია და ეკონომიკურადაც...
რატომ?
- იმიტომ, რომ განათლების სამინისტრო უშუალოდ ჩაერევა დირექტორის საქმინობაში, დირექტორს კურიერის ფუნქციაღა ექნება და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ანუ სკოლის დირექტორი მენეჯერი კი არა, იმ დავალების შემსრულებელი იქნება, რომელსაც სამინისტროდან მიიღებს.
...მანდატურებს პედაგოგებზე სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, არადა, უპრიანი იქნება, რომ მანდატურთა 800-ლარიანი ხელფასი მასწავლებლებს დაენიშნოთ, მასწავლებლის 245-ლარიანი კი - მანდატურებს.Pსკოლებში დირექტორებსა და პედაგოგებზე მეტი უფლებები მანდატურებს აქვთ, ისინი სასწავლო დაწესებულებებს მთლიანად აკონტროლებენ და უდავოა, რომ მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით ხელისუფლებას სკოლებში პოლიციური რეჟიმის დამყარებას სურს - მანდატური იგივე პოლიციელია, რომელიც სკოლებში საგამოძიებო საქმიანობასაც ანხორციელებს.
არსებობს ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა პედაგოგის ტელეფონი ისმინება და თუ გაიგეს, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, ავიწროვებენ და სამსახურიდან ათავისუფლებენ...
- ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რეალობას არაა მოკლებული. არავის აქვს უფლება, ადამიანს აზროვნება და საკუთარი აზრის გამოთქმა დაუშალოს.
ესე იგი, ბატონო რევაზ, სექტემრიდან უსამსახუროდ ყველა არასერტიფიცირებული პედაგოგი დარჩება?
- შესამცირებელ პედაგოგთა სიაში მოხვედრილმა მასწავლებლების ნაწილმა დღემდე ვერ გაარკვია, რა მიზეზით უწევთ სკოლის დატოვება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, რომ განათლების სამინისტრომ რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და საჯარო სკოლის დირექტორებს მისცა სიტყვიერი რეკომენდაცია, რომ საპენსიო ასაკისა და იმ პედაგოგებს, ვისაც 18 საათზე ნაკლები აქვთ, სკოლები დაატოვებინონ. ეს კი, ათასობით მასწავლებლის შემცირებას და ქუჩაში დარჩენას ნიშნავს... როგორც ამბობენ, პედაგოგთა მასიური გათავისუფლება უკვე დაწყებულია, მაგრამ ამაზე ღიად არც დირექტორები ლაპარაკობენ და არც - პედაგოგები.