რა ხდება ილიას უნივერსიტეტში?

რა ხდება ილიას უნივერსიტეტში?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემავალ ინსტიტუტებს დაფინანსება უწყდებათ. მეცნიერ თანამშრომლებს მუშაობა უხელფასოდმოუწევთ, ტექნიკური პერსონალი კი საერთოდ გათავისუფლდება. ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირდა, გამოყოფილი თანხები კი მიზნობრივად პრიორიტეტულ სფეროებზე უნდა დაიხარჯოს, რომელთა ჩამონათვალშიც სამეცნიერო ინსტიტუტები არმოხვდა და ისინი საგრანტო დაფინანსებაზე გადავლენ.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ დაფინანსების გადანაწილება და პრიორიტეტების განსაზღვრა ილიასუნივერსიტეტის პრეროგატივაა. თუმცა, უმაღლეს სასწავლებელში გვითხრეს, რომ პრიორიტეტები სახელმწიფომ დაადგინა.

 

ილიას უნივერსიტეტის შემადგენლობაში შესული ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის მიზერული დაფინანასებაც კი, რომელიც აქამდე იყო გამოყოფილი, შეწყდება. ილიას უნივერსიტეტი მეცნიერ-თანამშრომლებს უხელფასოდ მუშაობას სთავაზობს, თუმცა შეუნარჩუნდებათ ტექნიკური ბაზა და კომუნალური პირობები. თავად რესპოდენტი ანონიმურობას არჩევს და ამბობს, რომ არ სურს, პრობლემა შეუქმნას თავის თანამშრომლებს.

 

“გასულ პარაკევს მივიღეთ წერილი, სადაც საუბარია აკადემიის მეცნიერებათა ყოფილ ინსტიტუტებზე, რომლებიც სიპ-ები (საზოგადოებრივი ინვესტიციის პროგრამა) გახდნენ 2005-2006 წლებში, გასული წლის საფხულში კი სამინისტროს დადგენილებით ისინი სხავდასხვა უნივერსიტეტებს შეუერთდა. ილიას, ტექნიკურსა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტებს. ამ ერთი გადაწყვეტილებით ილიას უნივერსიტეტს პოლიტოლოგიის, ფილოსოფიის, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ბოტანიკისა და ზოოლოგიის ინსტიტუტები შეუერთდა. მათ ადგილი შეიცვალეს, დატოვეს ძველი შენობები და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტუტუტში თითო სართულზე განლაგდნენ თავიანთი ქონებით, რომელიც ილიას უნივერსიტეტს გადაეცა.

 

აქამდე ინსტიტუტში მომუშავე ხალხი ინარჩუნებდა იმ ბიუჯეტის ფარგლებში ხელფასს, რაც ადრე ჰქონდათ დამტკიცებული. ძალიან მიზერული თანხები იყო ისედაც, წელიწადში 150-200 ათასი ლარის ოდენობის, ზოგს შესაძლოა ცოტა მეტი ან ნაკლები ჰქონდა. ძალიან პატარა ხელფასები იყო ისედაც აკადემიის ყოფილ ინსტიტუტებში. გასულ პარასკევს მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ რადგან ილიას უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება 47%-ით შეუმცირდა და სახელმწიფომ პრიორიტეტებად ეს ინსტიტუტები არ დაასახელა, გადაწყდა, რომ ყველა არასამეცნიერო შტატი გაუქმდა და ეს ხალხი სამსახურიდან გაუშვეს. ვინც გაუშვეს, მათი ხელფასის მიცემის ბრძანება ჯერ არ მინახავს, ახალი პროცესია, ალბათ, კანონით გათვალისწინებულ ერთი თვის ხელფასს მისცემენ.

 

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანია საერთო ჯამში გათავისუფლებული. სამეცნიერო შტატებს შესთავაზეს უხელფასო მუშაობა, სამუშაო ადგილი უნარჩუნდებათ, ელექტროენერგია, ინტერნეტი, წყალი ექნებათ, ოღონდ ხელფასს ვერ მიიღებენ“, - ამბობს ინსტიტუტის თანამშრომელი.

 

მისივე თქმით, ახალი პირობები თანაშრომლებს უმძიმესპირობებში ჩააყენებს და ვარაუდობს, რომ უმრავლესობა არდათანხმდება. ჩვენს რესპოდენტს უჭირს პროგნოზი, რა ბედი ელისსამეცნიერო ინსტიტუტებს ან კონკრეტულად რას აპირებენთანამშრომლები.

 

„ახლა ფიქრობენ, დათანხმდნენ თუ არა ამ პირობებს. რამდენიმე მათგანს პირადად ვესაუბრე, ვთქვათ, ვინც დოქტორანტია, სახლში კომპიუტერი არ აქვს. იმისთვის ხელფასიც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, აბა, სად ვიმუშაოო, ინტერნეტ-კაფეში სიარულს ისევ აქ მირჩევნია მუშაობაო. უმძიმეს პირობებში იქნება, მაგრამ მას, როგორც დოქტორანტს, თავისი სამუშაო აქვს შესასრულებელი და შესაძლოა, დათანხმდეს ამ პირობებს. უმრავლესობა, ალბათ, არ დათანხმდება. ეს ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ეს ხელშეკრულებები ახლა იურისტებთან ერთად მოწმდება. პრინციპში, ჩვენი შრომითი კოდექსით ასეთი რამე შესაძლებელია.

 

თანამშრომლებისათვის ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით, მათთვის ვისაც სხვა სამსახური არ აქვს. დამსაქმებელს შეუძლია, ნებისმიერ წუთს შეწყვიტოს კონტრაქტი, ვინც გაუშვეს. მისცემენ ერთი თვის ხელფასს, რაც შეეხება ხელფასის არმიცემას, ჩვენი კოდექსით შესაძლებელია ანაზღაურება ხელფასის მიცემის გარეშე, მაგალითად, კაცს უთხრა, შედი, იცხოვრე, ოღონდ გამირემონტეო. ვითარება ყველამ იცის, მაგრამ თანამშრომლებს იმედი აქვთ, იქნებ, პარლამენტიდან ან სამინისტროდან მიზერული დაფინანსება შენარჩუნდეთ, ან შესაძლებელი გახდეს კოლექტივების დაფინანსება. მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, ეს აღარ ვიცი“, - ამბობს ერთ-ერთი ინსტიტუტის თანამშრომელი.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი ამბობს, რომ სამეცნიერო ინსტიტუტებს უხელფასოდ არ მოუწევთ მუშაობა, ისინი საგრანტო დაფინანსებაზე გადადიან და მართალია, გრანტის არარსებობის შემთხვევაში თანამშრომლები ხელფასებს ვერ მიიღებენ, სამაგიეროდ, შეუნარჩუნდებათ სამუშაო სივრცე და უნივერსიტეტი მათ გრანტების მოძიებაშიც დაეხმარება.

 

„სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლებს აქვთ უფლება, გააგრძელონ კვლევა, მოიზიდონ გრანტები, რაშიც ილიას უნივერსიტეტი შეუწყობს ხელს, თუმცა ხელფასს არ გადაუხდიან. კვლევა არის მათი უფლება. ჯერ-ჯერობით არასამეცნიერო პერსონალი არ არის გათავისუფლებული, ამაზე მიდის მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რამდენ თანამშრომელზეა საუბარი. ინსტიტუტების არაპრიორიტეტულობა უნივერსიტეტში არ განსაზღვრულა. სახელმწიფომ განსაზღვრა თავისთვის პრიორიტეტული, თქვეს, რომ დაფინანსებას ვიძლევით კონკრეტულ ინსტიტუტებზე და ისინია პრიორიტეტულიო. დაფინანსების ამბავი სწორედ სახელმწიფომ გადაწყვიტა. ჩვენ ვთავაზობთ სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლებს, შევუნარჩუნოთ სამუშაო სივრცე. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რა სხვა წყარო მოვძებნოთ, თუ ეს შესაძლებელია. მათ აქვთ უფლება და ჩვენც მხარს დავუჭერთ, რომ მოიზიდონ გრანტები.

 

ილიას უნივერსიტეტში შემავალი ინსტიტუტები გადადიან საგრანტო დაფინანსებაზე, ანუ გრანტების მოზიდვის შემთხვევაში, მიიღებენ დაფინანსებას, ისე - არა. არიან ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ უნივერსიტეტის ბაზაზე და მოიზიდავენ გრანტებს. როდესაც ხელფასს არ აძლევ, ვერ და ავალდებულებ მათ მუშაობას, მაგრამ ჩვენ ხელს შევუწყობთ, თუ მათ მუშაობა მოინდომეს. ეს არ არის ერთ და ორ დღეში გადასაჭრელი პრობლემა, უნდა მოვიფიქროთ. სახელმწიფო თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ის დაფინანსება უნდა წავიდეს მიზნობრივად და დანარჩენი უნდა მოვიფიქროთ“, - ამბობს სერგო რატიანი.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო პოტრჟებსკაიას თქმით, დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირეს, რადგან სასწავლებელს საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია. რაც შეეხება სამეცნიერო ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამას ილიას უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს.

 

„რა არის პრიორიტეტი და რა - არა, თავად ილიას უნივერსიტეტმა უნდა განსაზღვროს. ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლება ფასიანია, შესაბამისად, გააჩნია ფინანსური რესურსი, უზრუნველყოს გამართულად სასწავლო პროცესის წარმართვა. რაც შეეხება უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემავალი სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლების ხელფასებთან და ა. შ. დაკავშირებულ საკითხებს, ესეც თავად ილიას უნივერსიტეტის პრეროგატივაა“, - ამბობს ნინო პოტრჟებსკაია.

 

იურისტი თინათინ ავალიანი განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის პრინციპული ნაწილი დაქირავებულისათვის ანაზღაურების გადახდაა. მისი აზრით, ახალი შეთავაზებებით, სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომელთა მდგომარეობა ცალსახად უარესდება.

 

„ხელშეკრულების შეცვლა უნდა მოხდეს ორივე მხარის წერილობითი თანხმობის შემდგომ. აქედან გამომდინარე, არანაირ ზეპირ გაფრთხილებას არ აქვს აზრი, დაფინანსება შეუმცირეს უნივერსიტეტსთუ სხვა მიზეზით. ახალი პირობების ჩამოყალიბება ახალი ხელშეკრულებით უნდა მოხდეს და მანამდე იმოქმედებს ძველი ხელშეკრულება. შრომის კოდექსი კონკრეტულად უხელფასოდ მუშაობის შემთხვევებს არ არეგულირებს, მაგრამ შრომითი ურთიერთობის განმარტებაში გვიწერია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომითი ორგანიზაციულობის მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებელისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სადაც ანაზღაურება არ არსებობს, ის შრომით ურთიერთობად ვერ ჩაითვლება. ასეთია კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა. რაც შეეხება ტექნიკურ და კომუნალურ შესაძლებლობებს, ეს ანაზღაურებაში არ ითვლება და დამსაქმებელი ისედაც ვალდებულია, დასაქმებულს სამუშაოს შესასრულებლად შეუქმნას ეს პირობა. თუ საგრანტო დაფინანსებაზე გადადის ინსტიტუტი, მაშინ ხელშეკრულებაში იწერება, რომ თანამშრომლებმა უნდა მოიზიდონ გრანტი, რაც, მე ვფიქრობ, აბსურდია.

 

ეს პირობები, სავარაუდოდ, ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდება და სანამ დასაქმებულები ხელს არ მოაწერენ, მანამდე ისევ ძველი ხელშეკრულება იმოქმედებს. ახალი პირობები კი ცალსახად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას. ეს ცვლილება უნდა იყოს დამოკიდებული ორივე მხარეს, ეს არის ხელშეკრულების ფორმა, თავისუფლად შეუძლია შეადგინოს ორივე მხარეს. დასაქმებულები ვალდებულნი არ არიან, ხელი მოაწერონ ამ პირობებს, რადგან ჯერ ისევ ძველი ხელშეკრულება მოქმედებს და როცა მას ვადა გაუვა, მერე უკვე არჩევანი მათზეა, დათანხმდებიან ახალ პირობებს თუ საერთოდ შეწყვეტენ თანამშრომლობას. რაც შეეხება უხელფასოდ მუშაობას, ეს არ არის შრომითი ურთიერთობა, ეს იქნება ქველმოქმედება და ვოლუნტარული მუშაობა.

 

შრომითი ურთიერთობის სტანდარტული მოცემულობაა, რომ  ეს ურთიერთობა უნდა იყოს ანაზღაურებადი. საგრანტო პროგრამაზე გადასვლა ნიშნავს, რომ ანაზღაურება იქნება არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ გრანტით. ის, რომ გრანტის არარსებობისშემთხვევაში ანაზღაურება საერთოდ არ იქნება, აბსურდია. მაგრამ ამაზე თავად დასაქმებული მიდის, თანხმდება ამ პირობაზე, დამსაქმებელს არ დაევალება ანაზღაურება, რადგან წინასწარ იქნებიან შეთანხმებული“, - ამბობს თინათინ ავალიანი.